რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა - ვახტანგ ცინცაძე
„ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა.
მისი თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები.
„ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული" - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე
16.04.2026.15:05
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.