რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებითი შეფერხებები არ გვაქვს - დავით ნარმანია
დღეის მდგომარეობით, ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით დიდი და არსებითი შეფერხებები რეგიონებში არ გვაქვს, - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისივე თქმით, ენერგეტიკულმა კომპანიებმა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის სამსახურებთან მჭიდროდ ითანამშრომლეს და ელექტროენერგიის წყვეტის პრობლემა მალევე მოაგვარეს.
„როცა იყო უხვთოვლიანობა და ამას თან დაერთო ყინვები, ზოგიერთ რეგიონში ქარი იყო, გვქონდა დაზიანებები და შეზღუდვები. თუმცა ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომლებმა ძალიან მჭიდროდ იმუშავეს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა ორგანოებთან კოორდინაციით და მოახერხეს, რომ სხვა რეგიონებიდან, სადაც შედარებით სტაბილური მდგომარეობა იყო, სხვადასხვა ბრიგადები გადაიყვანეს პრობლემურ სოფლებში და დასახლებებში, და იქ ეტაპობრივად აღდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
ეს ჩვეულებრივი პროცესია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ენერგეტიკის გაცილებით განვითარებულ ქვეყნებშიც - ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც ხდება, როცა უხვთოვლობა და ნალექები ელექტროენერგიის მიწოდებას აფერხებს. მთავარი არის, რამდენად სწრაფად ხდება რეაგირება და მიწოდების აღდგენა, რათა დისკომფორტი, რაც მომხმარებლებს აქვთ, დიდხანს არ გაგრძელდეს“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
გვინდა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება - Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი
27.01.2026.13:00
ჩვენი მიზანია, რომ ტექნოლოგიები საქართველოში მხოლოდ როგორც „გლობალური ტენდენცია“ არ იყოს წარმოდგენილი, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის სურვილია, რომ ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება.
„გლობალურ დონეზე Mastercard უკვე მუშაობს იმაზე, რასაც ჩვენ „შემდეგ თაობის გადახდებს“ ვუწოდებთ. ეს გულისხმობს ტოკენიზაციას, ბიომეტრიას, AI-სა და ბლოკჩეინს ერთიან ეკოსისტემაში გაერთიანებას. წელს კომპანიამ წარმოადგინა Agent Pay, GenAI-ზე დაფუძნებული აგენტური გადახდების პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, მომხმარებლის სახელით განახორციელონ უსაფრთხო და პერსონალიზებული ტრანზაქციები.
საქართველოში ამ ინოვაციებს უკვე ორი გზით ვიმუშავებთ. პირველი ესაა უსაფრთხოება და თაღლითობის პრევენცია. აქ ვსაუბროთ AI-ზე დაფუძნებულ, რეალურ დროში მონიტორინგზე, რომელიც ბარათის მფლობელზე ადრე ამოცნობს საეჭვო ქცევას და ამცირებს ფინანსური დანაკარგების და ნდობის გაქრობის რისკებს. მეორეა მომხმარებლის გამოცდილების ტრანსფორმაცია. ბიომეტრიული გადახდები, ტოკენიზებული აუთენტიფიკაცია, FacePay და Passkey ტიპის გადაწყვეტილებები, სადაც ბარათის მონაცემები ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაში დაცულად ინახება, ხოლო მომხმარებელი გადახდას ახორციელებს თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობით ან ერთ-ერთი „უხილავი“ მეთოდით.
ჩვენი მიზანია, რომ ეს ტექნოლოგიები საქართველოში მხოლოდ როგორც „გლობალური ტენდენცია“ არ იყოს წარმოდგენილი. გვინდა, რომ ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყოს რეგიონში, სადაც ამ ინოვაციებს რეალური ყოველდღიური გამოყენება ექნება - როგორც ბანკებში, ისე ფინტეკ-საინდუსტრიო და მცირე-მიზნობრივ პროდუქტებში“, - აღნიშნა ზღუდაძემ.