რატომ გაიზარდა სოციალურად დაუცველთა სტატისტიკა - გიორგი კაკაურიძის პასუხი
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოში სოციალურად დაუცველთა სტატისტიკის ზრდის მიზეზები განმარტა.
მანამდე, პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, ხარჯები არ მცირდება.
„რატომ იზრდება ხარჯები? პირველ რიგში იმიტომ, რომ 230 ათასი ბავშვი იღებს ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას. შესაძლოა, თვეებში ეს რიცხვი ცვალებადია, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი ასეა. ამ ბავშვების ძალიან დიდი რაოდენობა მანამდე არ იღებდა ამ სოციალურ დახმარებას. სტატისტიკა ძირითადად ამის ხარჯზეა გაზრდილი და კიდევ ერთ გარემოებას დავამატებთ, რომ მანამდე ვინც იღებდა დახმარებას 70 000 ქულამდე ჰქონდა. მაჩვენებელმა ჯერ 100 000 ქულამდე, ხოლო შემდგომ 120 000 ქულამდე აიწია.
ამას დაემატა იმ ბავშვების რაოდენობა, რომელიც ამ პროგრამაში მონაწილეობენ. ძალიან ხშირად მესმის, რომ 600 000 ადამიანია უკიდურესად ღარიბი და ა.შ. თუ ჩვენ არ გავზრდიდით მოცვას, ისევ 400 ათასი სოციალურად დაუცველი გვეყოლებოდა. ჩვენ გავზარდეთ ბავშვების რაოდენობა, იმ ბავშვების ოჯახები ამ პროგრამის მონაწილე ბენეფიციარები არიან და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ სოციალურ დაუცველთა რაოდენობა 600 000-მდე გაიზარდა. 10 წლის წინანდელ პერიოდს თუ შევადარებთ 26%-ზე მეტი იყო სიღარიბე და დაახლოებით 15% იყო პროგრამის მოცვა. დღეს სიღარიბე 16%-ია, ხოლო დაახლოებით მოსახლეობის 21%-ია ამ პროგრამის ბენეფიციარი. ვფიქრობ, სწორია, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს ვისაც ყველაზე მეტად უჭირს ამ პროგრამის ფარგლებში ვიცავთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
რაც შეეხება დასაქმების კომპონენტს, კაკაურიძის განმარტებით, სოციალურად დაუცველებს ხისტად ვერ ეტყვიან, რომ რადგან მუშაობენ სოციალურ დახმარებას აღარ მისცემენ.
„აუცილებელია, გარკვეული ეტაპი გავიაროთ იმისთვის, რომ ეს ხალხი მოვამზადოთ და მივაჩვიოთ იმას, რომ სავალდებულო გახდეს სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება. ხოლო შემდეგში დავალდებულება, რომ გარკვეული შეთავაზებიდან რომელიმე აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ პირზე დახმარების მოხსნის შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საქართველოში აგვისტოში საარსებო შემწეობა 650 475-მა სოციალურად დაუცველმა მოქალაქემ აიღო. ერთ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 10 830 ადამიანით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის იანვრიდან საარსებო შემწეობის მიმღებთა სტატისტიკაში საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამის მონაწილეების შესახებ გაჩნდა ჩანაწერი. ამ მონაცემების მიხედვით, აგვისტოში 43 304 იყო იმ ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც პროგრამაში ჩართვიდან გამომდინარე, საარსებო შემწეობა 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.