რამდენმა სატვირთო ავტომობილმა გაიარა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში - 11 თვის სტატისტიკა
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 155 424 977.00 ლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში სტატისტიკით შემოსავალი 164,486,563.50 ლარის დონეზე იყო. კლება 6%-ის დონეზეა.
არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარეობს, რომ 2025 წლის 10 თვეში საქართველოს დერეფანი 444 071 სატვირთომ გადაკვეთა.
ცნობისათვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 1%-ით შემცირდა და 179,432,915.50 ლარი შეადგინა.
თუ წლიურ მაჩვენებლებს გავაანალიზებთ 2023 წელს საქართველომ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2023 წელს ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 181,999 მლნ ლარი შევიდა, 2022 წელს - 128,055 მლნ ლარი, 2021 წელს - 66,414 მლნ ლარი, 2020 წელს კი 63,064 მლნ ლარი.
შესაბამისად, ბიუჯეტში შემოსავლების მატება გამოიწვია როგორც საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში გადაადგილებული სატვირთოების ზრდამ, ასევე გაძვირებულმა გზათსარგებლობის საფასურმა.
სხვა სიახლეები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა - ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსი
24.12.2025.14:36
საქსტატის მონაცემებით, მესამე კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა, რაც წინასწარ 6.5%-იან მაჩვენებელზე მცირედით ნაკლებია. ამავდროულად, ზრდის შენელება გარკვეულწილად გასული წლის საბაზო ეფექტს უკავშირდება, რადგან, ჩვენი შეფასებით, სეზონურად შესწორებული რეალური მშპ წინა კვარტალთან შედარებით აჩქარდა. სავარაუდოდ, ნოემბრის ეკონომიკური ზრდა ოქტომბრის 6%-ზე მცირედით მაღალი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ წლიური ზრდა ნორმალიზებას განაგრძობს და 2025 წელს ჯამურად 7.3%-ს მიაღწევს. რაც შეეხება ნომინალურ მშპ-ს, მესამე კვარტალში წლიურმა ზრდამ 11.4% შეადგინა, ხოლო ცხრა თვეში - 12.3%. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, ნომინალური მშპ 2025 წელს 104 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.
მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად რუსეთ-უკრაინის ომი რჩება. გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვთქვათ იმედი, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები სამართლიანი და მდგრადი სამშვიდობო შეთანხმებით დასრულდება. ამავდროულად, კონფლიქტის დასრულების სცენარი, როგორც ეს ჩვენს არაერთ პუბლიკაციაშია განხილული, 2022 წლიდან საქართველოში გაზრდილი სავაჭრო ნაკადების ნაწილობრივ კვლავ რეორიენტაციას მოიაზრებს. მეორე მხრივ, აღნიშნულ სცენარში სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორებიც გასათვალისწინებელია, როგორებიცაა უფრო დაბალი რისკის პრემია და მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში, ფართო მოხმარების საქონელზე ფასების შესაძლო კლება და ევროს გამყარება, რაც ლარისთვის პოზიტიურია. ორმხრივი არგუმენტების ერთობლიობითა და ომის დასრულების გაზრდილი ალბათობის შესაბამისად, თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2026 წელს ეკონომიკური ზრდა გრძელვადიან ტენდენციას დაუახლოვდება და 4.5%-ს მიაღწევს. რასაკვირველია, მოცემულ პროგნოზზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ვადები და პირობები, რაც ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება, თუმცა აუცილებლად მხედველობაშია მისაღები.
რაც შეეხება კვლავ 2025 წელს, როგორც მესამე კვარტალში, ასევე ჯამურად ცხრა თვეში ეკონომიკური ზრდის ძირითადი კონტრიბუტორები ინფორმაციისა და კომუნიკაციის და განათლების სექტორები იყო. უფრო გრძელვადიან ჭრილში, 2019 წელთან შედარებით, ზრდის ყველაზე მსხვილ კომპონენტებს ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტირება და ვაჭრობა შეადგენდა.
ამავდროულად, ისევ მაღალია წმინდა სავალუტო შემოდინებები. კერძოდ, ნოემბერში ექსპორტი 44.2.%-ით გაიზარდა, იმპორტში კი 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა. შედეგად, საქონლით ვაჭრობის დეფიციტი ბოლო წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ნოემბრის ექსპორტის ზრდას, ერთი მხრივ, რე-ექსპორტი განაპირობებდა, დიდწილად ავტომობილების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი ექსპორტი, კერძოდ კი ძვირფასი ლითონის მადნები, ნავთობი და ფეროშენადნობები. თავის მხრივ, იმპორტის კლება ძირითადად ავტომობილების იმპორტით იყო განპირობებული, რომელიც წლიურად 17.5%-ით შემცირდა, ექსპორტის 53.2%-იანი ზრდის პარალელურად. როგორც ადრეც აღინიშნა, ავტომობილებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი დროებითია და სამომავლოდ იმპორტის ზრდის ან ექსპორტის კლების არხით კორექტირდება. მაგალითისათვის, ჩვენი შეფასებით, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით, ბოლო თვეების განმავლობაში სავაჭრო ნაკადების უცვლელ დონეზე შენარჩუნების შემთხვევაში, ავტომობილებით ვაჭრობის ჯამური დეფიციტი მიმდინარე წელს, დაახლოებით, 300 მილიონი აშშ დოლარით მეტი იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ, ავტომობილების გარდა, საქონლით ვაჭრობის დეფიციტის შემცირებას ძვირფასი ლითონები და ნავთობიც განაპირობებს. კერძოდ, ძვირფას ლითონებზე მსოფლიო ფასის მნიშვნელოვანი მატების პარალელურად, გაზრდილია ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი, ხოლო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლება, პირიქით, იმპორტის შემცირებას უწყობს ხელს. ამ ფაქტორების ერთობლივი ეფექტი, ჩვენი შეფასებით, 250 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.
სავალუტო შემოდინებების სხვა კომპონენტების მხრივ, ფულადი გზავნილები ნოემბერში 13.1%-ით გაიზარდა, რაც ოქტომბრის 13.4%-ს მხოლოდ მცირედით ჩამორჩება. მიმდინარე წელს გზავნილების ზრდის ფაქტორები ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. კერძოდ, აშშ-დან გზავნილების ზრდას როგორც გზავნილების რაოდენობა, ასევე გზავნილის საშუალო მოცულობა განაპირობებს. ევროკავშირის ქვეყნების შემთხვევაში კი, როგორებიცაა იტალია, საბერძნეთი და გერმანია, აშშ დოლარში გზავნილების ზრდა თითქმის მთლიანად ევროს გამყარებით არის გამოწვეული, რადგან ევროში გზავნილის საშუალო მოცულობა დიდწილად უცვლელია. მსგავსი ტენდენციაა რუსეთიდან გზავნილების მხრივაც.
ამავდროულად, დეკემბერში მზარდია უნაღდო დანახარჯების დინამიკა, განსაკუთრებით არარეზიდენტების ხარჯების კუთხით, რომლებიც ტურიზმიდან შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. შიდა დანახარჯები შედარებით მცირედითაა გაზრდილი, ხოლო მიგრანტების ხარჯვა მეტნაკლებად უცვლელია.
ჯამურად, წმინდა სავალუტო შემოდინებები ნოემბრის მდგომარეობით მაღალ ნიშნულზე რჩება. აღნიშნული, რეინვესტიციების კლებასთან ერთად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მნიშვნელოვან მოსალოდნელ შემცირებაზე მიუთითებს. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2025 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, დაახლოებით, მშპ-ის 3.5%-მდე შემცირდება. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საგარეო ბალანსის გაუმჯობესებას ერთდროულად ხელს უწყობს ავტომობილებით ვაჭრობის დინამიკა და ოქროს ფასები ერთი მხრივ, და ნავთობის ფასებისა და ჯამურად იმპორტის კლება მეორე მხრივ, რაც საშუალოვადიან პერიოდში რთულად შესანარჩუნებელი კომბინაციაა. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშის ბალანსი 2026 წელს მცირედით გაუარესდება და 5%-ს მიაღწევს.
წმინდა სავალუტო შემოდინებებთან ერთად, სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს კვლავ დეპოზიტების ლარიზაციაც განაპირობებს. დღიურ მონაცემებზე დაყრდნობით, დეკემბრის მეორე კვირიდან ლარიზაცია ისევ გააქტიურებულია. ვინაიდან ლარიზაცია სებ-ის სავალუტო ინტერვენციებთან მჭიდრო კავშირშია, ჩვენი შეფასებით, აქტიური ინტერვენციები დეკემბერშიც გრძელდება და, დღევანდელი მდგომარეობით, სებ-ს დამატებით, დაახლოებით, 200 მილიონი აშშ დოლარი აქვს შეძენილი. შესაბამისად, მარტიდან დეკემბრის ჩათვლით ჯამური შესყიდვები 2.3 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, ნოემბრის ბოლოსთვის სებ-ის სავალუტო რეზერვები შესაბამისობის ნორმის 100%-ს დაუახლოვდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ, ლარის მხარდამჭერი გარემოს შენარჩუნების პირობებში, ინტერვენციები გაგრძელდება. შესაბამისად, ლარის მნიშვნელოვანი გამყარება საბაზო სცენარი არ არის. მეორე მხრივ, ომის დასრულების სცენარი, როგორც ზემოთ აღინიშნა, სავალუტო ნაკადების გარკვეულ რეორიენტაციას მოიაზრებს, რაც გაცვლითი კურსისთვის მოკლევადიან პერიოდში ნეგატიური ფაქტორია. ამ სცენარში მოსალოდნელია სავალუტო კონვერტაციებიც, თუმცა, სავალუტო რეზერვების შევსების ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია სებ-ის მიმდინარე პოლიტიკა, რომელიც ლარის ჭარბი მერყეობის შეზღუდვას გულისხმობს.
იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007270-macro-update-georgia