რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, ბევრი ვიბრძოლეთ, პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო - თვითონ აქვთ გაჩაღებული ომი ამ „ქეშბექების“ სახით | „ზღაპარი“- ს დირექტორი
ნებისმიერი პროდუქტის „ქეშბექი“ გათვალისწინებული გვაქვს ფასწარმოქმნის შემთხვევაში ნებისმიერ პროდუქტზე. პირველადი მოხმარების პროდუქტს შეეხება თუ არაპირველადი მოხმარების პროდუქტს. რა თქმა უნდა, მარჟები განსხვავებულია ფასწარმოქმნის დროსაც და შესაბამისად ვითვალისწინებთ „ქეშბექს“ ყველა პროდუქტის ფასწარმოქმნის შემთხვევაში, - განაცხადა კომპანიის „ზღაპარი“ დირექტორმა თამარ უდესიანმა პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე, სადაც საცალო ქსელების ოპერატორების მონაწილეობით სასურსათო პროდუქციის ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.
როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, მათ აქვთ საშუალება, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, სადაც „ქეშბექი“ აქვთ, შესასყიდ ფასზე იაფად გაყიდონ აღნიშნული პროდუქტები.
მან ასევე კითხვაზე, რა შეიძლება დაემართოს ფასს „ქეშბექის“ გაუქმების შემთხვევაში, უპასუხა, რომ ფასი ვერ გაიაფდება, რადგან „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე აქვთ გათვალისწინებული.
„პირობითად პირველადი მოხმარების პროდუქტები რომ ავიღოთ, რძის პროდუქტები, კვერცხი, იგივე წონის პროდუქტებზე აღვნიშნავ, რომ არანაირი „ქეშბექი“ არ ვრცელდება და ჩვენი ბრუნვის საკმაოდ დიდ წილს წონის პროდუქტები შეადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პროდუქტებს, პირველად მოხმარების პროდუქტებზე სადაც ქეშბექები გვაქვს, გვაქვს იმის საშუალება, რომ არა შესასყიდი ფასით, არამედ გაცილებით იაფად გვიდევს თაროზე არა მხოლოდ აქციის დროს, არამედ რეგულარული ფასიც კი იაფია გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე არსებულ სხვა ჩვენს კონკურენტებთან მიმართებაში გვიწევს ფასის დაკლება, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ მათთან მიმართებაში. ჩვენს ნაწილში ფასი ვერ გაიაფდება იმიტომ, რომ როგორც აღვნიშნე „ქეშბექის“ ნაწილი ფასწარმოქმნის დროსვე გვაქვს გათვალისწინებული და ბრუნვადპროდუქტებზე უკვე „ქეშბექის“ ხარჯზე შესაძენ ფასზე იაფად ვყიდით აღნიშნულ პროდუქტებს. რაც შეეხება „ქეშბექის“ ყოველწლირად ზრდას, ვფიქრობ მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. მეწარმემ თავიდანვე უნდა განსაზღვროს რის წარმოებას დაიწყებს, ან იმპორტიორმა რის იმპორტს დაიწყებს. მათ მიერ ბაზრის კვლევა არ ხდება. წინა შეხვედრებზე რამდენიმე მომწოდებელმა გააჟღერა, რომ ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ პატარა მეწარმეები ბაზრიდან გამქრალიყვნენო. შესაბამისად, ნათელია, რომ მიწოდება აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის ქსელების მიმართ და თვითონვე აქვთ გაჩაღებული ხელჩართული ომი ამ „ქეშბექების“ სახით და თვითონვე სთავაზობენ ყველა ქსელს, რომ მეორე გაუშვან და თვითონ იყვნენ წარმოდგენილი ქსელში, რაც იწვევს ამ „ქეშბექების“ ასე ზრდას“- განაცხადა თამარ უდესიანმა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება მოემსახურება როგორც ობსერვატორიის მიზნებს, ისე ხელს შეუწყობს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და აბასთუმნის პოზიციონირებას - თამარ იოსელიანი
16.04.2026.21:51
„საქართველოს საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს აბასთუმნის ტურისტული პოტენციალის შემდგომ გაძლიერებას და როგორც კურორტის პოზიციონირებას, მეორე მხრივ კი ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება უნიკალური ობსერვატორიის სრულყოფილი საქმიანობისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აბასთუმანი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია, რაშიც, მისი შეფასებით, დასასვენებელი თუ სამკურნალო რესურსების გარდა დიდი როლი აქვს მის სამეცნიერო მნიშვნელობას, ეს ყველაფერი ერთად კი უნიკალურ გარემოს ქმნის. ამასთან, თამარ იოსელიანი აქცენტს აკეთებს ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოსთან დაკავშირებით არსებულ გლობალური ტურიზმის ტენდენციებზე.
„გლობალური ტურიზმის ტენდენციების შესაბამისად, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალი მოთხოვნაა ეკოლოგიურად ჯანსაღ, მშვიდ გარემოზე, და შესაბამისად, იმ კურორტებზე, რომლებიც ვიზიტორებს სწორედ ასეთ გარემოს სთავაზობს. ამ მოთხოვნებს სრულად პასუხობს აბასთუმანი, რაც მას კიდევ უფრო ღირებულ ტურისტულ ლოკაციად აქცევს", - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, აბასთუმნის კურორტის მაღალ ღირებულებას კიდევ რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობა უზრუნველყოფს - მისი კლიმატო-ბალნეოლოგიური პოტენციალი, მინერალური წყლები, ასევე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან სიახლოვე. თამარ იოსელიანის განცხადებით, ამ გარემოებებიდან გამომდინარე, კურორტის შემდგომი, კომპლექსური განვითარება მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„ამ მიზნით აქტიურად ვმუშაობთ - სტრატეგიული დაგეგმვითი პროცესი მიზნად ისახავს კურორტის გრძელვადიან და დაბალანსებულ განვითარებას, რაც მის კონკურენტუნარიანობას კიდევ უფრო გაზრდის " - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა აბასთუმნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობაზე - აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიაზე, რომელიც 1932 წლიდან ფუნქციონირებს, მნიშვნელოვანი სამეცნიერო დანიშნულების ობიექტია და მისი ეფექტიანი ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობების დაცვაზე.მისი თქმით, ცვლილება ემსახურება ქვეყნისთვის პრიორიტეტული სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საკონდენსაციო კვალის წარმოქმნის ალბათობა და შესაბამისად დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვების ხარისხი.