რა სიახლეებია ქართულ ავიაბაზარზე - ლევან მოსეშვილი დეტალებზე
ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებები დავამატეთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. ლევან მოსეშვილმა მიმდინარე წლის სანავიგაციო სეზონზე უკვე განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოლოდინებია, რომ ქართულ ავიაბაზარს ახალი კომპანიები კიდევ დაემატებიან.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი მიმართულებები დავამატეთ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან. 4 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოლაპარაკებები მიდიოდა ავიაკომპანია Air Serbia-სთან, რომ პირდაპირი ფრენები განხორციელებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადის მიმართულებით. მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე აქტიურად ჩართული იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia და ერთობლივად ჩვენ შევძელით, ეს მოლაპარაკება შედგა და 15 ივნისიდან კიდევ ერთი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოს ავიაბაზაზე ოპერირებას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან პირდაპირი ფრენები იწყება ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებისთვის. იცით, რომ ლიონში ჩვენი ნაკრების ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ასევე გვერდით მდებარეობს სენტ ეტიენის, რომლის კლუბშიც ჩვენი ნაკრების მეორე სასახელო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოღვაწეობს წარმატებით. ასე, რომ ქართველ და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, შეუძლიათ უკვე მოემზადონ და დაჯავშნონ ბილეთები.
მინდა აღვნიშნო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც პირდაპირი გზით ჩვენი დედაქალაქი იტალიის დედაქალაქთან დააკავშირა. ის ასევე, კვირაში ერთი სიხშირით, დაფრინავს იტალიის საკურორტო ქალაქ ფორლიში.
სიახლეებია აზიური ავიაკომპანიების მიმართულებითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო ოპერირება ტაშკენტის მიმართულებით და ყაზახური Air Asta იფრენს ატირაუს მიმართულებით.
გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ ახალი კომპანიები შემოვლენ საქართველოს ავიაბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო და ავიაკომპანიებისგან შემოდიოდა საჩივრები, რომ ხდებოდა რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიების დაყოვნება აეროპორტებში. ეს ძირითადად იყო ე.წ. „ინატ მგზავრების“ გამო. ესენი არიან ის მგზავრები, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საზღვრის კვეთის. ამის გამო რეისები ყოვნდებოდა ხოლმე. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წინა კვირას გვქონდა ერთობლივი შეხვედრა შსს-სთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო პოზიტივი, რომ გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაში აღარ დაფიქსირებულა ფრენების შეყოვნება. თვითონ მგზავრებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტივი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
22.06.2025.00:06
თბილისის მერია ქალაქში ელექტრომობილების დამტენი სადგურების მოწყობაზე ხელშეკრულებების გაფორმებას აგრძელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში „ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა“ არის აღნიშნული, 2025 წელს ხელშეკრულება გაფორმდა დამატებით 198 დამტენის განთავსებაზე. პრეზენტაციაში ასევე წერია, რომ ქალაქის მასშტაბით 97 ლოკაციაზე მოეწყო ელექტროდამტენი სადგურები.
თბილისის მერი კახა კალაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, დასამუხტიმოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების ადგილები მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი მიზნით გამოიყენონ.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილებს, რომლებიც ელექტრომობილების დასამუხტად არის განკუთვნილი, აღნიშნული საჭიროების არმქონე ავტომობილების მძღოლები იყენებენ, რაც კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოყვება.
„გარემოზე, მათ შორის, ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ამ მიზნის მისაღწევად მუნიციპალიტეტმა არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ გვრჩება. თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მოაწყო ელექტროდამტენები - დასამუხტი მოწყობილობებით სპეციალურად აღჭურვილი პარკირების 100-მდე ადგილი, რომელიც განკუთვნილია ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის. აღნიშნული ადგილები წარმოადგენს მნიშვნელოვან სერვისს ელექტროტრანსპორტის მფლობელთათვის და მათი მიზნობრივი გამოყენება აუცილებელია ამ ინიციატივის წარმატებით განხორციელებისთვის, თუმცა, მიუხედავად პერმანენტული მონიტორინგისა და დაჯარიმებებისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც აღნიშნულ პარკირების ადგილებს, რომლებიც ასევე შესაბამისად მონიშნულია, იკავებენ ავტომობილები, რომელთაც ბენზინზე ან დიზელზე მუშაობენ, რაც დარღვევაა და პრობლემას წარმოადგენს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დარღვევას მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში და შესაბამისი სამსახური ავტომობილებს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანს.
„მინდა, ვთხოვო დედაქალაქის მოსახლეობას, გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა, პატივი ვცეთ ერთმანეთის უფლებებს და ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ თბილისი კიდევ უფრო სუფთა, ცოცხალი და ეკომეგობრული ქალაქი გახდეს. თქვენი მხარდაჭერა და ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. ჩვენ ასეთ შემთხვევებზე ვიმოქმედებთ, გვექნება ძალიან პრინციპული დამოკიდებულება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ხელისუფლება ახალისებს ელექტრომობილების შემოყვანას ქვეყანაში. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ელექტრომობილების განბაჟება, საპარკინგეადგილები და დამუხტვა უფასოა.