რა გავლენა ექნება წამლებზე შემოღებულ რეფერენტული ფასს ინფლაციაზე - მოსაზრება
წამლებზე რეფერენტული ფასის შემოღებით ინფლაციური წნეხი შესაძლოა, მხოლოდ უმნიშვნელოდ შემსუბუქდეს.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ამით ინფლაცია 1%-მდეც ვერ შემცირდება, თუმცა ცვლილება მოწყვლადი ჯგუფისთვის უდავოდ დადებითი ეფექტის მომტანია და საგრძნობლად აისახება იმ მოქალაქეების შემოსავლებზე, რომლებიც მედიკამენტების აქტიური მომხმარებლები არიან.
,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ეკონომისტი რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ დადებითი ეფექტი ინფლაციის სტატიკურ მაჩვენებლებში 0,30-0,35% -ს ვერ გადააჭარბებს.
,,ინფლაციაზე წამლებზე რეფერენტული ფასის შემოღება საგრძნობ გავლენას ვერ მოახდენს, პროცენტულად თუ განვსაზღვრავთ სარგებელს, ინფლაციას 1%-მდეც კი ვერ შეამცირებს ანუ სხვაობა იქნება უმნიშვნელო. დადებითი ეფექტი 0,30-0,35% -ს ვერ გადააჭარბებს, რასაც ლოგიკური ახსნა აქვს. ზოგადად მოწყვლადი ფენებისთვის, რომლებსაც წამლები ესაჭიროებათ რეფერენტული მედიკამენტების შემოღება დიდი შვებაა. მათ ეცოდინებათ, რომ ფასი რეგულირდება ბაზარზე, თუმცა ამ შემთხვევაში საფრთხეა, რომ ზოგიერთი ხარისხიანი მედიკამენტი უხარისხოთი ჩანაცვლდეს. შესაბამისად, ეფექტი ნაკლები იქნება, ეს რისკი არსებობს. ზოგადად მედიკამენტების ხვედრითი წონა ინფლაციაში არის ძალიან მცირე, მით უმეტეს, რეფერენტული წამლების სიაში ყველა მედიკამენტი არ შედის, ამიტომ ცვლილება ინფლაციის მიმართულებით დიდ ზეგავლენას ვერ მოახდენს“, - განმარტავს გერლიანი Business Insider Georgia-სთან.
ეკონომისტის გათვლით, წამლებზე რეფერენტული ფასის დაწესება მოწყვლადი ჯგუფისთვის, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის, ხარჯს საშუალოდ 70-100 ლარის ფარგლებში შეამცირებს.
,,ვისაც წამლები სჭირდება, მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები, ავადმყოფები, შშმ პირები, ფარმაცევტული ბაზრის ცვლილება მათ შემოსავლებზე ზეგავლენას ნამდვილად მოახდენს, ეს შეიძლება იყოს 1-2%-ის ფარგლებში, ვინაიდან ყველა პენსიონერს ისედაც აქვს შესაძლებლობა, საპენსიო ბარათიდან გამომდინარე, ისარგებლოს 30-35%-იანი ფასდაკლებით, შესაბამისად, ამ მიმართულებით დიდ ეფექტს ვერ ვხედავ. თუმცა დადებით ტენდენციას შექმნის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუდმივად მოიხმარს წამლებს, მათ ინდივიდუალურ სამომხმარებლო კალათაში მედიკამენტების ხარჯი საგრძნობლად შემცირდება, ეს შეიძლება იყოს დაახლოებით 70-100 ლარის ფარგლებში, რაც შეღავათი ნამდვილად არის“, - დასძენს რამაზ გერლიანი.
ცნობისთვის, წამლებზე რეფერენტული ფასი პირველი იანვრიდან მოქმედებს და 1200-მდე დასახელების წამლის ეტაპობრივად გაიაფებას გულისხმობს. ცვლილება პირველ რიგში ონკოლოგიურ და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებზე ვრცელდება.
ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტები დაახლოებით 40%-ით გაიაფდება.
რაც შეეხება ინფლაციას, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემით, 2023 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 9.4% შეადგინა, ხოლო 2022 წლის დეკემბერთან შედარებით ფასები 0.8%-ით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასების სისტემა ამოქმედდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.15:00
ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს, ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხუროთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დინამიური ზრდა გაგრძელდება,
„პირველი კვარტლის მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სსფ, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათი საშუალო მოლოდინები 6%-ს შეადგენს. თუმცა პირველ კვარტალში ჩვენ ამ მოლოდინებს გადავაჭარბეთ და უკეთესი შედეგი დავდეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, შიდა ეკონომიკური სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია. არსებობს უფრო მეტი რეზერვები იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე საკრედიტო რესურსის თვალსაზრისით. და ის ფაქტი, რომ სებ-მა 8%-ზე დატოვა საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს, რომ ის დინამიური ზრდა ეკონომიკის გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი არის, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს ან ორნიშნა რიცხვით დავხუროთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წლის პროგნოზს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა.
„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.
გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.
მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.