რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტები, რომელიც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს
საქართველოსა და ევროპას შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერების მიზნით, პარალელურად ორი მსხვილი საერთაშორისო პროექტი ვითარდება - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგეტიკული დერეფანი. როგორც გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ განაცხადა, 1300 მეგავატიანი შავი ზღვის კაბელი საქართველო–რუმინეთს დააკავშირებს, ხოლო ოთხი ქვეყნის ერთობლივი მწვანე ენერგიის დერეფანი აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით რუმინეთსა და უნგრეთამდე 4000 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგიის გადაცემას უზრუნველყოფს, რაც ქვეყანას ევროპის ენერგეტიკულ სისტემასთან კიდევ უფრო დააკავშირებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ორ დამოუკიდებელ, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ პროექტზე. ერთი გახლავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ანუ გადამცემი ხაზი, რომელიც საქართველოს აკავშირებს რუმინეთთან. ეს პროექტი დაიწყო 2021 წელს მოლაპარაკებები და ამ პროექტის განვითარებამ გამოიწვია ინტერესი რეგიონში სხვა ქვეყნების და 2022 წელს უკვე ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა - მეორე პროექტზე, რომელიც გახლავთ მწვანე ენერგიის პროექტი.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი არის 1300 მეგავატიანი სიმძლავრის კაბელი, რომელიც უნდა მოთავსდეს შავი ზღვის ფსკერზე და დააკავშიროს საქართველო რუმინეთს. ეს გახლავთ 1195 კილომეტრის სიგრძის კაბელი, საიდანაც 40 კილომეტრი არის სახმელეთო და დანარჩენი წყალქვეშა. ჩვენ განვახორციელეთ უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რომელმაც დაამტკიცა, რომ პროექტი გაკეთებადია. შესაბამისად, გადავედით მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც დაგეგმილია 2027 წლისთვის. 2028 წელს მოხდება გარემოზე ზემოქმედების შესწავლა, რაც იქნება საბოლოო შესწავლა და ასე ვთქვათ, საბოლოო დასკვნა იმისთვის, რომ პროექტი ტექნიკურად და ფიზიკურად განხორციელდეს და 2029 წელს ვგეგმავთ, რომ დაიწყოს პროექტის განხორციელება, რომელიც წესით და რიგით 2032 წელს უკვე ოპერირებაში უნდა გაეშვას. პროექტი არის ჩართული ევროპული, ესე იგი გადამცემი ხაზების ათწლიან სამოქმედო გეგმაში - ეს ძალიან სერიოზული სტატუსია, ეს ნიშნავს, რომ მოიაზრება ევროპის ქსელში მისი გაწევრიანება. ასევე ევროკომისიამ მიანიჭა პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი. ეს მოხდა პირველ დეკემბერს 2025 წლის, რაც იმას გულისხმობს, რომ პროექტს აქვს ძალიან სერიოზული პოლიტიკური და ფინანსური მნიშვნელობა.
ევროკომისიას აქვს გაცხადებული ის, რომ ეს დერეფანი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ იყოს ენერგო, ასე ვთქვათ, თვალსაზრისითაც დივერსიფიცირებული მოწოდება სამხრეთ კავკასიიდან ევროპაში ელექტროენერგიის, ისევე როგორც შესაძლებლობას აძლევს განახლებადი ენერგიების ინტეგრაციას, რომელიც ევროპის ბაზარს მიეწოდება. და რასაკვირველია, საქართველო ხდება სანდო პარტნიორი და იკავებს დამაკავშირებელი ხიდის როლს საქართველოსა და ევროპას შორის და სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის და გარდა მაგისა, სამეზობლო თვალსაზრისითაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც მოგახსენეთ, 2022 წელს უკვე მეორე პროექტის ინიცირება მოხდა სწორედ იმ შემართებით, რომ ეს ჩვენი დაგეგმილი თავდაპირველი პროექტი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ევროპისთვის. ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რადგან ევროკომისიამ მიანიჭა ამ პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი - ამ პროექტისათვის ხელმისაწვდომი გახდა ევროპული საფინანსო ინსტრუმენტები, რაც ხელს შეგვიწყობს, რომ რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ეს პროგრამა.
ახლა მოკლედ გეტყვით მწვანე დერეფანზეც. მწვანე ენერგიის დერეფანი - ეს არის ოთხი ქვეყნის ერთობლივი პროექტი, რომელიც 2022 წელს გაფორმდა ხელშეკრულება. 2024 წელს უკვე გაიხსნა ერთობლივი კომპანია და ოფისი გაიხსნა რუმინეთში. აქაც ჩატარებული გვაქვს უკვე ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა და გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ ფსკერის კვლევაზეც მომავალ წელს აქაც გადავალთ. 25%-ის მფლობელი გახლავთ ამ საწარმოში, საქართველოს მხრიდან სახელმწიფო ელექტროსისტემა. ეს პროექტი არის თავის სიმძლავრით სამჯერ მეტი, ვიდრე ჩვენი პროექტი და აქ უკვე 4000 მეგავატზეა საუბარი. აქ ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის გარდა მოიაზრება წყალბადის მილის იგივე მარშრუტით ჩადება შავი ზღვის ფსკერზე, სადაც ისევ ოთხივე ქვეყანა მონაწილეობას მიიღებს და მიეწოდება მწვანე წყალბადი სამხრეთ კავკასიიდან ევროპას“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოთხოვნები საქართველოს საზღვრებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებისათვის
სხვა სიახლეები
თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ, ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში - ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის l შოთა ბერეკაშვილი
03.04.2026.13:29
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა კომისიის სხდომაზე, სადაც ფარმაცევტული კომპანიების მონაწილეობით მედიკამენტების ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს, კომისიის ოპოზიციონერ წევრებს რეფერენტული ფასების მუშაობის პრინციპი განუმარტა.
ბერეკაშვილის თქმით, საქართველოში წამლების რეფერენტული ფასების სისტემა უზრუნველყოფს, რომ ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით არ იყოს უფრო მაღალი.
კომისიის თავმჯდომარის შეფასებითვე, გაჟღერებული აზრი, რომ რეფერენტული ფასების პირობებში წამლები შეიძლება ევროპის ქვეყნებთან შედარებით ძვირი იყოს, არასწორია და სპეკულაციას უწოდებს.
„გასაგები რომ იყოს, მგონი, კომისიის ყველა წევრს არ ესმის საქართველოში რეფერენტული ფასები როგორ მუშაობს. საქართველოში რეფერენტული ფასები აღებულია ოთხი ქვეყნის მაგალითიდან, ესენი არიან: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ლატვია და ბულგარეთი. ფასები აღებულია ამ ბაზრების შესწავლის შედეგად, მათი საშუალოზე დაბალი, რომლის შედეგად ფორმირდება ფასები როგორც იმპორტირებულ წამლებზე, ასევე ადგილობრივ წამლებზე და არსებობს ფასნამატის ზედა ზღვარი კონკრეტული კატეგორიების მიხედვით. ეს ფასი ვერ იქნება უფრო ძვირი, ვიდრე არის მაგალითად, ევროპის რომელიმე ქვეყნებში. უბრალოდ ვერ იქნება იმიტომ, რომ რეფერენტი ასე მუშაობს. დანარჩენი სპეკულაციაა და მე ვფიქრობ, რომ საქმეში ღრმად ჩაწვდომის დეფიციტი იმიტომ, რომ ეს სისტემა ასე მუშაობს. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ყველაფერი რეფერენტულ ფასში ჩავსვათ და დავარეგულიროთ ბუნებრივად ვერ გვექნება პრეპარატი, რომელიც უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. ეს არის სპეკულაცია, ვინც ამას იტყვის“ - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.