ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი განათლების სფეროშია, ტენდენცია არ იცვლება - ISET - ის მთავარი ეკონომისტი
მედიანური ხელფასის დონე დიდწილად პროდუქტიულობაზე არის დამოკიდებული, რაც ჯერჯერობით გამოწვევაა - დავით კეშელავა მედიანური ხელფასის მაჩვენებელი საშუალოს მკვეთრად ჩამორჩება, რასაც სპეციალისტები ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩნევენ.
როგორც ეკონომისტი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი დავით კეშელავა Business Insider Georgia- თან განმარტავს, 32%-იანი სხვაობა საკმაოდ დამაფიქრებელია და სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს. თუმცა კეშელევა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მედიანურ ხელფასთან დაკავშირებით ანალოგიური მოცემულობაა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.
ჩვენს შემთხვევაში კი, ეკონომისტი უფრო დარგობრივ ჭრილში არსებულ ცვლილებაზე აკეთებს აქცენტს და დასძენს, რომ მედიანური ხელფასი ყველაზე დაბალია იმ სექტორებში, რომლებიც, წესით, მაღალპროდუქტიულობით უნდა გამოირჩეოდნენ.
„მედიანურ ხელფასთან დაკავშირებით მხოლოდ საქართველოში არ არის პრობლემა. ხშირ შემთხვევაში იგი საშუალო ხელფასზე დაბალია. არის დასაქმებულების მცირე ჯგუფი, ვისაც ძალიან მაღალი ხელფასი აქვს და პარალელურად არიან ისინიც, რომელთა შრომის ანაზღაურება დაბალია. მნიშვნელოვანია ცოდნა, სხვაობა რამდენად იცვლება წლების განმავლობაში. მარტო ამ რიცხვზე დაყრდნობით შეფასების გაკეთება შეუძლებელია.
უფრო საყურადღებოდ მიმაჩნია გარემოება, რომ ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი განათლების სფეროშია. წლებია ასეა და ტენდენცია არ იცვლება. ბოლო ადგილზე ხელფასების სიდიდის მიხედვით, განათლება და სოფლის მეურნეობაა. ეს გამოწვეულია იმით, რომ საშუალო ხელფასის დონე დამოკიდებულია პროდუქტიულობაზე.
სადაც მაღალია პროდუქტიულობა და მეტი დამატებითი ღირებულების პროდუქტი იქმნება, საშუალო ხელფასი გაცილებით მაღალია. განათლების სფეროშიც და აგრარულ სექტორში ამ მხრივ დიდი პრობლემაა“, - აცხადებს დავით კეშელავა.
ეკონომისტის შეფასებით, სტრუქტურული რეფორმების განხორციელება არის საჭირო. განსაკუთრებით ეს სკოლის და უმაღლესი განათლების ნაწილს ეხება, სადაც ხარისხი საკმაოდ დაბალია და საბოლოო ჯამში ხელფასებზეც აისახება.
,,დაფინანსების რა სისტემაც არსებობს, შესაცვლელია, რათა სექტორი უფრო ხარისხზე გახდეს ორიენტირებული, ვიდრე რაოდენობაზე. სკოლის განათლების მიმართულებით გვაქვს მძიმე მდგომარეობა, რაც სკოლის მასწავლებლების გამოცდებზეც ჩანს, როცა მინიმალურ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. რა განათლებასაც სკოლის მოსწავლეები იღებენ, უმეტეს შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია და საბოლოოდ დაბალ ანაზღაურებაზე აისახება. იგივე ითქმის აგრარულ სექტორზე, მნიშვნელოვანი უნდა იყოს უფრო ფერმერულ მეურნეობაზე გადასვლა, ვიდრე საკუთარი მოხმარების დაკმაყოფილება, აქაც მნიშვნელოვანი რეფორმაა გასატარებელი, მხოლოდ სუბსიდიით ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია.
ამდენად, ორი მთავარი ფაქტორია, რაც მაღალპროდუქტიულობას და შემდეგში უფრო მაღალი შრომის ანაზღაურებას განაპირობებს.
მაღალპროდუქტიულ სერვისებში უნდა გადავიდნენ ადამიანები, სტრუქტურული ტრანსფორმაცია ჯერჯერობით დაბალი ტემპით მიმდინარეობს და უმეტესად ეს არის შედეგი, რომ მედიანური ხელფასის მაჩვენებელი დაბალია. თვითონ სექტორებში პროდუქტიულობის გაზრდა, უცხოური ცოდნის გაზიარებით მიიღება, რაც საინვესტიციო თვალსაზრისითაც, ქვეყანას უფრო მიმზიდველს ხდის“, - განმარტავს დავით კეშელავა Business Insider Georgia- თან.
ცნობისთვის, ნომინალური ხელფასი ასახავს ანაზღაურებას, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს. საშუალო ხელფასი ყველა დასაქმებულის მიერ აღებული ხელფასის საშუალო არითმეტიკულია, მედიანური ხელფასი კი ასახავს ზუსტ მაჩვენებელს ყველაზე მაღალსა და დაბალ ხელფასებს შორის.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წლის მდგომარეობით საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასები 1,040 ლარს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, საქმიანობების სახეების მიხედვით, 2022 წელს, შედარებით მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: სამთო-მოპოვებით მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 703 ლარი; ინფორმაცია და კომუნიკაცია - 1 637 ლარი; სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 1 547 ლარი; მშენებლობა - 1 500 ლარი; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 425 ლარი. ყველაზე დაბალი მედიანური ხელფასი კი განათლების სფეროშია და ის თვეში 747 ლარს შეადგენს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.