ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით - მარიამ ქვრივიშვილი
„სახელმწიფო საბანკო სექტორის სწორი განვითარების აქტიური მხარდამჭერია. ჩვენი მუშაობის და ჩართულობის შედეგად მივიღეთ არაერთი კანონმი, რომელიც ეხება კაპიტალის ბაზრის განვითარების, ღია ბანკინგს და ღია ფინანსებს, რამაც კაპიტალის ბაზარი 2023 წელს გააორმაგა და დღემდე მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ჩვენი საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო რეგიონში გამოირჩევა თანამედროვე მიდგომებით და აბალანსებს, როგორც ინვესტორის დაცულობას, ასევე ბიზნესის მიერ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას" - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისის ფინანსური სამიტზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სამიტი, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.
მინისტრის შეფასებით, ქართული საბანკო სექტორი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გამოირჩევა მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებებით.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი და შესაბამისად, თბილისის ფინანსური სამიტიც რეგიონული და გლობალური დიალოგისა და თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა. ამის ნათელი დადასტურებაა დღის წესრიგში შესული საკითხები, მათ შორის, მომავლის ინოვაციების ციკლი, ბლოკჩეინის და ხელოვნური ინტელექტის როლი ფინანსურ სისტემაში, რეგიონში შესაბამისი რეგულაციებისა და პოლიტიკის გამოწვევები, ინვესტიციების მოზიდვისა თუ შუა დერეფნის პოტენციალის თემატიკა" - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა თბილისის ფინანსური სამიტის ორგანიზატორებს - Global Finance and Technology Network-ს, რომელსაც გლობალურ დონეზე ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებაში საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის და რომელიც არაერთ ქვეყანაში ატარებს მაღალი დონის ფინტეკ ღონისძიებებს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მარიამ ქვრივიშვილმა სამიტის მხარდაჭერისთვის ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნულ ბანკს და ხაზი გაუსვა მათთან ყველაზე მჭიდრო თანამშრომლობას ფინანსურ სექტორში რეფორმების კუთხით.
სხვა სიახლეები
23.10.2025.15:30
ენერგეტიკის სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველია – ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კომიტეტის ხელმძღვანელის განმარტებით, პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც მიმართულია იმისკენ, რომ ეს დარგი ქვეყანაში კიდევ უფრო განვითარდეს.
„ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეკონომიკის პირობებში, სადაც ენერგეტიკა არის მთავარი განმსაზღვრელი ამა თუ იმ ქვეყნის კონკურენტული უპირატესობის. ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი რესურსი აქვს მწვანე ენერგიის გენერირების თვალსაზრისით. მხედველობაში მაქვს ჰიდრორესურსები, ასევე ქარისა და მზის ენერგიის პოტენციალი. ჩვენთვის აღნიშნული სექტორი სტრატეგიულია და ინვესტორებისთვის ძალიან მიმზიდველი. გვინდა, რომ ამ სექტორის განვითარებას განსაკუთრებული როლი მიენიჭოს მომდევნო წლების განმავლობაში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაც სწორედ ენერგეტიკის სექტორის კიდევ უფრო განვითარებისკენ არის მიმართული,“ – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
მისივე თქმით, სემეკი ენერგეტიკის მიმართულებას უწევს ზედამხედველობას და მისი საქმიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობაზე.
„მინდა სემეკს მივულოცო 28 წლის იუბილე და აღვნიშნო, რომ ის უაღრესად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია ეკონომიკის სტაბილურობისთვის, რომელიც ზედამხედველობას უწევს ენერგოსისტემას. დღევანდელ ფორუმზე ვისაუბრეთ იმაზე, რა როლი უნდა მიენიჭოს სისტემის მოდერნიზაციას, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ენერგეტიკული სექტორი ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ხელოვნური ინტელექტის ელემენტების გამოყენებაზე, რაც სისტემის ოპტიმიზაციისა და პროდუქტიულობის ზრდას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა ბერეკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით, სემეკის დაარსების დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის თემას წარმოადგენდა: „მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შედეგები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარებაში“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი ორგანიზაციებისა და პარტნიორი ინსტიტუტების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ენუქიძემ, და საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.
სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, კომისიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შედეგებზე, ყურადღება გაამახვილა მარეგულირებელი კომისიის როლსა და მნიშვნელობაზე.