ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხთან - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა, რომლებიც 2025 წელს დავიწყეთ, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამ საკითხში ჩვენსა და კერძო სექტორს შორის სრული თანხვედრაა - ერთობლივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის მიერ ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხიანთან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.
მისი განცხადებით, 2026 წელს უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება.
„მიუხედავად გამოწვევებისა, რაც გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლებაში გამოიხატება, გასული წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიმდინარე წელსაც, მთავარ მიზნად რჩება ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ცნობადობის გაზრდა სამიზნე ბაზრებზე“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს, გაგრძელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციისპოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობებს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებები გააქტიურდება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
ვენახების გაშენებაზე თანხმობა ევროკავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა ქვეყანაში გაიცემა - ლევან მეხუზლა
სხვა სიახლეები
ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას - ინგა ფხალაძე
05.03.2026.18:19
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ საქართველოს კლიმატის და განვითარების ანგარიშის განხილვაში. ანგარიში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, შეეხო განახლებადი ენერგიის რესურსების ათვისებას და ენერგეტიკული გამოწვევების დაძლევას საქართველოში.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობის ამბიციური მიზანია 2036 წლისთვის საქართველოს ენერგეტიკის დადგმულმა სიმძლავრემ 11,500 მეგავატი შეადგინოს, რაც დღევანდელ მაჩვენებელზე 2,5-ჯერ მეტია. ინგა ფხალაძის თქმით, მთავრობამ გადახედა ენერგოგენერაციის პროექტების განვითარებასთან დაკავშირებულ ვადაგადაცილებულ მემორანდუმებს და სამშენებლო ნებართვებს და პოტენციურ ინვესტორებს შესთავაზა, გააგრძელონ მუშაობა განახლებული ვადებითა და პირობითი საჯარიმო შეღავათებით, ან გაათავისუფლონ საპროექტო არეალები, რათა ახალმა ინვესტორებმა შეძლონ მუშაობის დაწყება. „ჩვენი მიზანია, ენერგეტიკული რესურსები განაწილდეს აქტიურ და სანდო დეველოპერებზე, რომლებიც შეძლებენ ინვესტიციების განხორციელებას და ქვეყნის დამატებითი ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებას," - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ელექტროენერგეტიკის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობასა და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩოს ევროპულთან მაქსიმალურ ჰარმონიზებაზე.
რეგიონულ თანამშრომლობაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რეგიონული დაკავშირებადობის მნიშვნელობას. მან აქცენტი გააკეთა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი და მწვანე ენერგიის დერეფანი. ინგა ფხალაძის თქმით, ამ პროექტების მეშვეობით მოხდება საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაცია და სისტემის საერთო მდგრადობის ზრდა.
„ჩვენთვის რეგიონული ინტეგრაცია მხოლოდ ვაჭრობას არ ეხება და მოიცავს უსაფრთხოებასაც. უფრო ურთიერთდაკავშირებული სისტემა უზრუნველყოფს მეტ მოქნილობას, დაბალანსების მეტ ვარიანტს და მაღალ საიმედოობას. ის ეროვნული ბაზრებს რეგიონულ შესაძლებლობათა პლატფორმებად აქცევს და ამავდროულად აძლიერებს მიწოდების უსაფრთხოებას. რეგიონული ინტეგრაცია აძლიერებს ბაზრებს, ხსნის გზას ინვესტიციებისკენ და უზრუნველყოფს სუფთა ენერგიის საიმედო მიწოდებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.