ქართული ღვინო უნდა ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხთან - ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე
ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ მიმართული ყველა ინიციატივა, რომლებიც 2025 წელს დავიწყეთ, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე წელსაც. ამ საკითხში ჩვენსა და კერძო სექტორს შორის სრული თანხვედრაა - ერთობლივად ვზრუნავთ იმაზე, რომ ქართული ღვინო მომხმარებლის მიერ ასოცირდებოდეს მხოლოდ მაღალ ხარისხიანთან. ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანია ქართული ღვინის პრემიალურ სეგმენტში დამკვიდრება, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ.
მისი განცხადებით, 2026 წელს უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი გახდება ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები, რომლის მიზანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიცირება.
„მიუხედავად გამოწვევებისა, რაც გლობალურ ბაზარზე ღვინის მოხმარების კლებაში გამოიხატება, გასული წელი პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს. გაიზარდა ექსპორტის მოცულობა აზიისა და ევროპის ქვეყნების მიმართულებით. მიმდინარე წელსაც, მთავარ მიზნად რჩება ღვინის ბაზრების დივერსიფიცირება და ცნობადობის გაზრდა სამიზნე ბაზრებზე“, - აღნიშნა თამთა ყველაიძემ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, 2026 წელს, გაგრძელდება ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის და მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების პროგრამები. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციისპოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც მარკეტინგულ აქტივობებს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს და სუამ-ის ქვეყნებისა.
2026 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარით განისაზღვრა. სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია. აღნიშნულ ქვეყნებთან ერთად, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით, ღონისძიებები გააქტიურდება კანადასა და სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები განახორციელებენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში, გაძლიერდება მედია კამპანიები და მომხმარებელზე ორიენტირებული აქტივობები.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
13.01.2026.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1467 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6969 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6969 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6967 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1467 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1503 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0036 ლარი შეადგინა.