„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანადაფინანსება ხუთმა კომპანიამ მიიღო
მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო - „ვილა მოსავალი“, „მეღვინეობა ჩელთი“, „თიკო ისთეით“, „ბი ჯი ვაინსი“ და „ასკანელი ძმები“.
სულ პროგრამაში 20 განაცხადი შევიდა, რომელთაგან პირობები მხოლოდ აღნიშნულმა ხუთმა კომპანიამ დააკმაყოფილა.
პროგრამაში მონაწილე კომპანიების მიერ მიზნობრივ ბაზრებზე ექსპორტირებული ღვინის მოცულობამ 2025 წელს 676,685.75 ლიტრი შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ით მეტია.
პროგრამის პირობების შესაბამისად, კომპანიებმა მიზანმიმართული მარკეტინგული აქტივობების შედეგად მნიშვნელოვნად გაზარდეს ექსპორტის მოცულობა ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
„ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2021 წლის სექტემბერში, ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის ზრდისა და პრიორიტეტული ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით დაამტკიცა.
პროგრამას სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ სააგენტო მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს მხოლოდ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ექსპორტს ახორციელებენ პრიორიტეტულ ბაზრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დსთ-სა და სუამ-ის ქვეყნების გარდა.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
სხვა სიახლეები
საქართველოში საგადასახადო ტვირთიც მძიმე არ არის - ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ l ლევან დგებუაძე
01.04.2026.12:07
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ მოგების გადასახადის დეკლარირების წესი განსხვავდება კომპანიების საქმიანობის მიხედვით. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ განაცხადა, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები წლიურ დეკლარაციას 31 მარტის ჩათვლით წარადგენენ, ხოლო სხვა კომპანიები, რომლებიც გადასახადს განაწილებული მოგების მიხედვით იხდიან, ყოველთვიურ დეკლარირებაზე არიან. მისივე თქმით, ბიზნესისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა საგადასახადო შეღავათიც, მათ შორის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონეებისთვის 5%-იანი განაკვეთი და გარკვეული სექტორების სრული გათავისუფლება მოგების გადასახადისგან.
„იურიდიული პირები მოგების გადასახადს განაწილებული მოგების მიხედვით იხდიან, რის გამოც შესაბამისი დეკლარირების ვალდებულება მათ ყოველთვიურად წარმოეშვებათ. აქ უნდა გამოვყოთ საფინანსო სექტორი - ეს არის ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ლომბარდები, ასე სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც წლიურად წარადგენენ მოგების გადასახადს და იხდიან და ადეკლარირებენ ასევე 31 მარტის ჩათვლით.
დანარჩენი, რომლებიც მოგების გადასახადს იხდიან განაწილებული მოგების მიხედვით, ყოველთვიურ დეკლარირებაზე არიან და უწევთ ყოველთვიურად წარადგინონ მოგების გადასახადის დეკლარაცია. შეღავათები რა თქმა უნდა ამ სფეროშიც არის და შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმები აქაც არის. მაგალითად, თუ ჩვეულებრივად საფინანსო ინსტიტუტები მოგების გადასახადს 20%-ის ოდენობით იხდიან, გვაქვს მოგების გადასახადის შეღავათიანი დაბეგვრის განაკვეთი - 5%, თუ საერთაშორისო კომპანიის სტატუსით სარგებლობს კომპანია, მოგების გადასახადს მხოლოდ 5%-ს იხდის. საერთაშორისო კომპანიის სტატუსი კი ენიჭებათ იმათ, ვინც IT მომსახურებას ეწევა საზღვარგარეთ არარეზიდენტებისათვის. მოგების გადასახადისაგან განთავისუფლებული არის აქაც მაგალითად კოოპერატივები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში არიან დასაქმებულები, მათ მიერ მიღებული მოგება განთავისუფლებულია საერთოდ მოგების გადასახადისაგან. ასევე თავისუფალი ინდუსტრიული ზონის საწარმოები დაშვებული საქმიანობის ნაწილში მოგების გადასახადისაგან არიან განთავისუფლებულები. შეღავათები მრავალმხრივია და ბუნებრივია რეჟიმებიც შესაბამისად ადაპტირებულია იმისათვის, რომ ბიზნესმა მარტივად აკეთოს საქმიანობა და ზოგადად მოგეხსენებათ საგადასახადო ტვირთიც მძიმე არ არის საქართველოში, არამედ ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა ვართ მსუბუქი ტვირთის მხრივ“, - აცხადებს ლევან დგებუაძე.