ქართული ღვინის დეგუსტაციები ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და პარტნიორი ამერიკული კომპანიის „CORUS SYSTEMS INC.”ორგანიზებით, ნიუ-იორკისა და კონექტიკუტის შტატებში, რვა უმსხვილეს სუპერმარკეტების ქსელში, ივნისის თვეში ქართული ღვინის ჯამში 16 დეგუსტაცია გაიმართა.
თითოეული ღონისძიების ფარგლებში სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო სამი სხვადასხვა კომპანიის ხუთი სახეობის ქართული ღვინო. ასევე, გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს - როგორც ღვინის სამშობლოსა და თანამედროვე, განვითარებული მეღვინეობის ქვეყნის შესახებ.
მომხმარებელზე ორიენტირებული მსგავსი ფორმატის ღონისძიებების მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2013 წლიდან მიმდინარე მიზანმიმართულმა მარკეტინგულმა აქტივობებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც ქართული ღვინის ცნობადობის, ისე ექსპორტის ზრდას აშშ-ში.
მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება. ქართული ღვინო რეგულარულადაა წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე. ასევე, მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.
სხვა სიახლეები
30.07.2025.19:00
2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.