პრემიერის ინიციატივის გათვალისწინებით, კვერცხის ფასს ვამცირებთ - მწარმოებელთა განცხადება
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
როგორც კომპანიების - „სავანეთის“, „დილას“, „კოდას“ და „კუმისის“ განცხადებაში წერია, მწარმოებლები ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს აღნიშნულიდან გამომდინარე ამცირებენ.
"აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც სასურსათო პროდუქციის ფასების შემცირებას უკავშირდება.
ასოციაციის წევრი კომპანიები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც ფასების კლებასა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად", - წერია მათ განცხადებაში.
ასევე, კომპანიებში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებს შეიცავს მარჟებთან მიმართებით, პროდუქციის ფასის მცირედი მერყეობა შესაძლებელია იყოს წლის განმავლობაში და პირდაპირ დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ნედლეულის ფასზე, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება აღნიშნული რისკების მართვა და დაბალანსება.
ასოციაციის წევრი კომპანიები იმედოვნებენ, რომ მთავრობის აქტიური მუშაობა რითეილ სექტორთან, ფასნამატების შემცირების მიმართულებით, გავლენას მოახდენს პროდუქციის საბოლოო ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები აცხადებენ, რომ მზად არიან, ხელი შეუწყონ ბაზარზე სტაბილური და სამართლიანი ფასების ფორმირებას და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუნბეგაშვილმა განაცხადა, კვერცხზე ფასის შემცირება ორშაბათიდან იგეგმება.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის მიმართ ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაზრდილია - Galt & Taggart-ის წარმომადგენელი
17.04.2026.17:26
ინვესტორების მხრიდან ინტერესი ენერგეტიკის დარგის მიმართ ბევრად მომატებულია, - განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსმა მარიამ ჩახვაშვილმა, რომელიც დღეს ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა და ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.
როგორც Galt & Taggart-ის წარმომადგენელი აცხადებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ენერგეტიკის სექტორში გატარებული ახალი პოლიტიკის შედეგად ინვესტორების დაინტერესება გაზრდილია, რასაც Galt & Taggart-ში მომართვიანობის სტატისტიკაც ადასტურებს.
„მეტი დაინტერესებული მხარეა. უფრო მეტი ინვესტორია, მეტი ფიქრობს შემოსვლას სექტორში, მათ შორის, უცხოელებიც. ამიტომ მგონია, რომ მთავრობა აქტიურობამ ენერგეტიკის სექტორის მიმართ, ინვესტორების ინტერესიც გაააქტიურა“, - აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
მისი განმარტებით, ახალი გუნდის პირობებში კომუნიკაცია უფრო გახსნილი გახდა და შეხვედრებს შორის პროგრესი აშკარად შეინიშნება.
„ზოგადად მინდა აღვნიშნო, რომ ახალი მმართველობა ბევრად უფრო ღიაა შეხვედრების მიმართ. პირადად არაერთ შეხვედრაზე ვარ ნამყოფი, რომელზეც პირდაპირი კომუნიკაცია ხდება. რაც მთავარია, ვხედავთ შეხვედრიდან შეხვედრამდე პროგრესს - წინა შეხვედრებზე დაფიქსირებულ გამოწვევებზე შემდეგში უკვე გარკვეული ნაბიჯები არის გადადგმული ან გადაწყვეტილებები არის მიღებული“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის წარმომადგენელმა.
რაც შეეხება ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ წარდგენილ 10 წლიან სტრატეგიას, მარიამ ჩახვაშვილის თქმით, ამ გეგმას სექტორი დიდი ხანია ელოდებოდა.
4000 მგვტ-ის გაცხადებული პოლიტიკა ბევრისთვის პასუხი არის შეკითხვებზე. ვუყურებთ, რომ დაახლოებით ამდენი სიმძლავრე შევა სისტემაში, ამდენი გენერაცია გვექნება და იმპორტდამოკიდებულების მაჩვენებელი, რომელიც წლიურ ჭრილში დღეს 26%-ს შეადგენს, მზარდი მოხმარების პირობებშიც კი ეტაპობრივად შემცირდება,“ - აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.