პრემიერ-მინისტრი სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში ქართველ მწარმოებლებს შეხვდა
ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც ქართველი მწარმოებლები დაესწრნენ.
მთავრობის მეთაურმა ქართული წარმოების პროდუქციის ქართულ ბაზარზე რეალიზაციის კუთხით არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და ფასების კლების კუთხით არსებულ რესურსებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სხვა სიახლეები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26.01.2026.15:04
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის იდენტიფიცირებული და გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქციის მაღალ ფასებზე.
„მეორე მხრივ, არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ქართულ მარკეტებში ნაკლებად ვხედავთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ეს, ფაქტობრივად, სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე უცხოური, იმპორტირებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.