პირველ კვარტალში საქართველოს ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო - ვახტანგ ცინცაძე
„ეკონომიკური ზრდის ძირითადი წარმმართველი ბიზნეს სექტორის აქტივობაა. 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა, რაც, ძირითადად, ბიზნეს სექტორის მაღალმა აქტივობამ განაპირობა. დღეს გამოქვეყნებულმა სტატისტიკურმა მაჩვენებლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის აქტივობა, მათ შორის, ბრუნვა, გამოშვება და დასაქმებულთა რაოდენობა, რეკორდულად მაღალი იყო," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის" მიერ ბიზნეს სექტორის სტატისტიკის კომენტირებისას.
2025 წლის პირველ კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.5%-ით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდული მაჩვენებელი 56.0 მლრდ. ლარი შეადგინა. რაც შეეხება ბიზნეს სექტორის გამოშვებას, ის 20.7 მლრდ. ლარს გაუტოლდა, რაც 15.6%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და პირველი კვარტლის ჭრილში რეკორდულ ოდენობას წარმოადგენს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, პირველ კვარტალში გამოშვების ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და გაიზარდა როგორც მსხვილი საწარმოების, ისე მცირე და საშუალო საწარმოების გამოშვება. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 21 ათასით გაიზარდა და პირველი კვარტლის რეკორდულ მაჩვენებელს - 771 ათასს გაუტოლდა.
„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მიმოხილვა, რომლის ფარგლებშიც სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2 პროცენტამდე გაზარდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც საქართველოს ეკონომიკაში 2025 წელსაა მოსალოდნელი," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურულ გაჯანსაღებას და საქართველოს ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდას. „ყოველივე, საბოლოო ჯამში, აისახება, ერთი მხრივ, მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებში, მეორე მხრივ კი აღნიშნული პირდაპირ გადაითარგმნება დამატებით სამუშაო ადგილებში, სიღარიბის შემცირებასა და იმ ძირითადი მიზნების მიღწევაში, რაც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია," - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
05.06.2025.17:34
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.
როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.
„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს.
ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.