პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმინეს
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია სურსათზე და პირველადი მოხმარების საგნებზე ფასწარმოქმნის მიზეზების შესწავლას აგრძელებს. კომისიის დღევანდელ სხდომაზე მცირე და საშუალო საცალო ქსელების ოპერატორებს: „უნივერსამის“, „ზღაპარის“, „გუდვილის“, „აგროჰაბის“ და „ევროპროდუქტის“ წარმომადგენლებს მოუსმინეს.
კომისიის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ადგილობრივ მწარმოებლებთან, დისტრიბუტორებთან და იმპორტიორებთან შეხვედრების შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ კომისიამ საცალო ქსელების წარმომადგენლებს მოუსმინოს, რათა ის მიზეზები დადგინდეს, რაც პროდუქციის ფასწარმოქმნის პროცესზე მოქმედებს. კომისიის სხდომაზე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა ე.წ.ქეშბექის ნაწილზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მისგან მიღებული თანხები მათ საშუალებას აძლევს პირველადი მოხმარების საგნებზე ფასები დააბალანსონ და ზოგიერთი მათგანი თვითღირებულების ფასად გაყიდონ.
შეხვედრის მონაწილეებმა გაყიდული პროდუქციის გადასახდელ თანხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ქსელში პროდუქციის შესვლის და შემდგომ მათი გაყიდვის დღე, რადგან ხშირ შემთხვევებში, მწარმოებლები და დისტრიბუტორები თანხების ჩარიცხვის ათვლას პროდუქციის ქსელებში ჩაბარების დღიდან იწყებენ.
საცალო ქსელების ოპერატორებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. სხდომის დასასრულს, კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განხილული თემები შეაჯამა.
„მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია ისეთი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ფასწარმოქმნის ჯაჭვში - მწარმოებლებიდან სა დისტრიბუციიდან საცალო ქსელებამდე, ურთიერთობებს კიდევ უფრო გამჭვირვალეს და კონკურენტულს გახდის. შეხვედრაზე არაერთი საინტერესო მოსაზრება და იდეა მოვისმინეთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლოგისტიკური ცენტრების შექმნის იდეა, რომელიც მცირე მარკეტების მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს ნაკლები დანახარჯებით მიიღონ პროდუქტები. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია გადახდის პირობების მოწესრიგება, რაც სექტორის მონაწილეებს მარკეტინგული პროცესების უფრო ეფექტურად დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
სხვა სიახლეები
სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე
11.03.2026.22:20
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.
ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.
„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა.