ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და $502.3 მილიონით გაიზარდა - სებ
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 342.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები დაახლოებით 6.16 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებაზე ორიენტირებული რჩება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, მაისში 245.4 მლნ-ის, ივნისში 266.0მლნ-ის, ივლისში 416.9 მლნ-ის, აგვისტოში 199.6 მლნ-ის, სექტემბერში 100.0 მლნ-ის, ოქტომბერში167.4 მლნ-ის, ნოემბერი 308.2 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განხორციელდა. ჯამურად 2025 წლის იანვარ-ნოემბერში წმინდა შესყიდვებმა 2,071.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების დეკემბრის სტატისტიკა კი 26 იანვარს გამოქვეყნდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე - დეკემბრის მონაცემებით მიღწეული მაჩვენებელიც აღნიშნულის დასტურია.
2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს (1,002.3 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და 502.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 6 თებერვალს გამოაქვეყნებს.
სხვა სიახლეები
ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა - თამთა სოფრომაძე
07.01.2026.17:40
2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურად გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 2,07 მილიარდი აშშ დოლარი შევისყიდეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს, ანუ 1,002.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი აშშ დოლარი შემატა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
2025 წლის ბოლოს მდგომარეობით ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს - 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა 38%-ით, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.