ოქტომბერში წლიური ინფლაცია 0,1%-ით გაიზარდა
2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (7.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1.1 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.7 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (3.4 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.8 პროცენტი), ისე ალკოჰოლური სასმელების (6.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 4.2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (11.2 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (9.9 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც 0.22 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.2 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 1.2 პროცენტიანი კლება, რაც -0.42 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-24.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-8.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-2.9 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (15.3 პროცენტი), თევზეულზე (6.9 პროცენტი), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (6.0 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (5.9 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.7 პროცენტი შეადგინა.
სხვა სიახლეები
სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე
16.04.2026.15:05
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.