ნეტავ, ქვეყანაში 10, 15, 20 Eagle Hills-ის მსგავსი კომპანია შემოვიდეს, ეს ხომ თითოეულ ჩვენგანსაც გვაძლიერებს - ირაკლი კვერღელიძე
ნეტავ, ქვეყანაში 10, 15, 20 ასეთი კომპანია შემოვიდეს, ეს ხომ თითოეულ ჩვენგანსაც გვაძლიერებს, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.
მისივე თქმით, საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლის მხოლოდ დაანონსებასაც კი უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ეფექტი ჰქონდა.
„ყველა ბიზნესმენის ერთობლიობა ქვეყნის მასშტაბით ქმნის ერთიან ბიზნეს გუნდს და თუ ამ გუნდში წარმატებული კომპანიებია, მაშინ მთლიანად გუნდია ძლიერი. ნეტავ, ქვეყანაში 10, 15, 20 ასეთი კომპანია შემოვიდეს, ეს ხომ თითოეულ ჩვენგანსაც გვაძლიერებს. „იგლ ჰილსის“ ინვესტიციაზე განაცხადმა უკვე მოახდინა გავლენა უძრავი ქონების ბაზარზე, მაგალითად გონიოში არსებული ტერიტორიის ირგვლივ მდებარე მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც კერძო მესაკუთრეები hყავთ. უკვე მოახდინა გავლენა თუნდაც, თბილისის შემოგარენში იმ კერძო მესაკუთრეებთან მიმართებით, რომლებსაც მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთრებები აქვთ. ეს ჩვეულებრივი პროცესია.
ნებისმიერი განვითარება ავტომატურად იწვევს ყველა სხვა აქტივის ღირებულების ზრდას. დღეს თუ გადავაფასებთ ზუსტად იმ ქონებებს, რომელიც საქართველოში „იგლ ჰილსის“ შემოსვლამდე იყო, საკმაოდ მაღალი ეფექტი აქვს მხოლოდ შემოსვლის დაანონსებას და თქვენ წარმოიდგინეთ, რა ეფექტი ექნება პროეტების განხორციელებას“, - განაცხადა „ორბი ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა.
სხვა სიახლეები
ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში - ირაკლი ნადარეიშვილი
17.11.2025.03:35
ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა.
კითხვაზე, რატომ არის კომპანიის ინტერესებში, რომ ხელშეკრულების ყველა დეტალი არ იყოს საჯარო და არის თუ არა ეს საერთაშორისო პრაქტიკა, ნადარეიშვილმა განმარტა, გაუჭირდებოდა იმის ახსნა, „რომ ყოფილიყო ასეთი ტიპის ხელშეკრულება საჯარო, რადგან ასეთი პრეცედენტები არ არსებობს“.
„ეს არის კომერციული ხელშეკრულება, რომლის გასაჯაროების ინტერესი ვერანაირად ვერ ექნება „იგლ ჰილსს“, რომელიც ოპერირებს არაერთ ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან და შესაბამისად, ასეთი პირობები სახელმწიფოებთან არ არის შაბლონური, სტანდარტული, არის უნიკალური და შედეგია იმ მოლაპარაკებების, რაც პარტნიორებს შორის ხდება ნებისმიერი კომერციული შეთანხმებისას. ეს ყველამ კარგად იცის“, - აღნიშნა ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, ეს არის „იგლ ჰილსის“ მოთხოვნა და საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთი ტიპის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
„თუმცა, ძალიან ბევრი დეტალი დღეს არის საჯარო, მათ შორის ის, რაზეც ვისაუბრეთ და პრემიერმა ძალიან ბევრ კითხვას უპასუხა, სწორედ იმ დეტალებითა და კონკრეტიკით, რომელიც ამ ხელშეკრულების ნაწილს წარმოადგენს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ისაუბრა, თუ ვის შეუძლია „იგლ ჰილსის“ მიერ განხორციელებული პროექტით აშენებულ კომპლექსში ბინის ყიდვა.
„წარმოუდგენელია, მოცემულობა, როდესაც ქვეყანაში ხდება უძრავი ქონების პროექტის განვითარება და იქ ადგილობრივ მოსახლეობას არ აქვს ყიდვის შესაძლებლობა, ეს უბრალოდ აბსურდია. რა თქმა უნდა, ამ პროექტების სამიზნე აუდიტორია არის და იქნება საქართველოს მოქალაქეები. სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.