ნათია თურნავა - სტაბილური მდგრადი განვითარებისა და მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, უცვლელად ვინარჩუნებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს
ფასების სტაბილურობის შენარჩუნება ჩვენი მთავრი ამოსავალი წერტილია და საზოგადოებამ იცის, რომ როგორც კი ფასების სტაბილურობის განმტკიცებისთვის აუცილებელი ხდება ეროვნული ბანკის მყისიერი რეაგირება, ამას ყოველთვის ვაკეთებთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად და დაბალანსებულად. სახეზეა ძლიერი მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დაბალი ინფლაციის ძალიან კარგი თანაფარდობა. „ამ ეტაპზე გვაქვს სტაბილური მდგრადი განვითარების სურათი და მიგვაჩნია, რომ არსებული სტატუსკვო უნდა შევინარჩუნოთ. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ბანკს ეტაპობრივი შემსუბუქების პოლიტიკა აქვს გაცხადებული და ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულიდან, 11 %-დან რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად 8%-მდე შემცირდა. „დღეის მონაცემებით, ნეიტრალური განაკვეთი არის 7%, რომლისკენაც ეტაპობრივად ვისწრაფვით. ახლა ვდგავართ 8%-ზე, თითქმის მივუახლოვდით ნეიტრალურ განაკვეთს და უფრო ნელი ბიჯებით გავაგრძელებთ ამ სვლას. ჩვენთვის ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ გლობალური რისკები როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. პირველ რიგში, ეს არის იმპორტული საქონლის ფასებთან არსებული გაურკვევლობა - გლობალურ ბაზრებზე ნავთობსა და სასურსათო ნედლეულზე ფასების მერყეობა, ჩინეთიდან ტრანსპორტირების ღირებულების ზრდა. ეს გაურკვევლობა საკმაოდ საყურადღებო ფაქტორია და აქედან გამომდინარე ჩვენ ვიჩენთ მეტ სიფრთხილეს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, სებ-ი ფასების სტაბილურობას ინარჩუნებს. ამასთან, მისი თქმით, ქვეყანაში არის ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რაც ძირითადად შიდა მოხმარებით არის განპირობებული. თავის მხრივ, მოხმარების ზრდა გაზრდილი საკრედიტო აქტივობითაა განპირობებული. კერძოდ, სესხების ზრდის ტემპი არის საკმაოდ მაღალი - 18-19%, თუმცა მდგრადი. მიუხედავად, მაღალი ეკონომიკური აქტივობისა, გაზრდილია ეკონომიკის ჯამური წარმოების პოტენციალი და მომატებულია კონკურენცია კერძო სექტორში, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ამცირებს. ნათია თურნავას განმარტებით, ეროვნული ბანკის პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2024 წელს ინფლაცია საშუალოდ 1.9 % იქნება. ხოლო საშუალოვადიან პერიოდში ეტაპობრივად მიუახლოვდება მიზნობრივ 3%-ს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-ს შეადგენს.
სხვა სიახლეები
მომავალი სამი წელიწადი იქნება მზისთვის ძალიან აქტუალური - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები l Photomate Caucasus-ის რეგიონული დირექტორი
13.03.2026.00:00
საქართველოში მზის ენერგეტიკის სექტორში მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ბაზარზე მზის ელექტროსადგურების მიმართ ინტერესი, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მხრიდან, მატულობს. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას, Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიას უკვე რამდენიმე მსხვილ პროექტზე აქვს მუშაობა დაწყებული და, მიუხედავად იმისა, რომ სექტორში გარკვეული გამოწვევები არსებობს, ინვესტორები მზის ენერგიას მომავალის ენერგიად მიიჩნევენ და პროექტების განხორციელებას არ აპირებენ შეაჩერონ.
„ჩვენ უკვე დაახლოებით ოთხი წელია ვოპერირებთ ბაზარზე - მთლიანად კავკასიას ვფარავთ. გარდა ამისა, როდესაც შემოვედით ბაზარზე, შევქმენით ჰაბი, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ სრულიად საქართველოდან ხდებოდა დაფარვა ამიერკავკასიაში: სომხეთში, აზერბაიჯანში. მახსოვს იყო დრო, როცა პროდუქციას ვაწვდიდით უზბეკეთში, ყაზახეთში და, რაც უფრო შორს წავიდა საქმე, მონღოლეთშიც კი საქართველოდან გავიდა პროდუქცია.
შემდგომ შეიცვალა სურათი, და მთელი ამ სამი წლის განმავლობაში აქტიურად სომხეთი იყო ბაზარზე. ისინი აქტიურობდნენ მაშინ, როცა ჩვენთან იყო ძალიან ნელი ფაზა, და ერთი-ორი პროექტი თუ სადღაც უფრო სწრაფად ვითარდებოდა. ამ პერიოდში სომხეთმა ააშენა 1000 მეგავატი მზის ელექტროსადგური, და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 70%-ში ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა. შემდგომ უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოდან ვეღარ ხდებოდა პროდუქციის მიწოდება, რადგან ეს ორმაგი დანიშნულების პროდუქცია იყო. თუმცა ჩვენ გამოსავალი ვიპოვეთ, რადგან ვიყავით ჩეხური კომპანია და ტრანზიტის პირობებში პროდუქცია კვლავ მივაწოდეთ. ამით ქვეყანამ გარკვეული შემოსავალი დაკარგა, რადგან საუბარი იყო კოლოსალურ თანხებზე, როდესაც უზარმაზარი პროექტი ხორციელდებოდა სომხეთში.
შარშან და წელს სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა. ბიზნესმა იქ დაიწყო აქტიურობა და ახლა აპირებენ სთორიჯებზე, ე.წ. „შემნახველებზე“ გადასვლას. თუმცა ჩვენს ქვეყანაში ეს ბიზნესი „აფეთქდა“ - დაიწყო მოთხოვნა, მოთხოვნა, მოთხოვნა, და ჩვენ მიწოდებას, მიღება-მიწოდებას ვეღარ ვახერხებდით, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა. თუმცა წელს ყურადღება ძირითადად დიდი სიმძლავრის პროექტებზეა გადატანილი და მოდიან სერიოზული და კვალიფიციური ინვესტორები. ვმუშაობთ რამდენიმე დიდ პროექტზე.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, მზის ბიზნესი არ გაჩერდება. ინვესტორები განაგრძობენ ფიქრს გრძელვადიან პერსპექტივაში და მზად არიან 20-25 მლნ დოლარიანი პროექტები ააშენონ. ტენდენცია არ წყდება, სურვილიც არა. ინვესტორები ფიქრობენ, რომ ეს არის მომავლის ენერგია და მზის ენერგია აუცილებლად უნდა განვითარდეს საქართველოში.
პირველ ეტაპზე სახელმწიფო ამბობს, რომ უნდა აშენდეს 1700 მეგავატი. აღსანიშნავია, რომ „დაბევებული“ პროექტები, ვისაც ჰქონდა, ჩამოერთმევა, ხოლო სამშენებლო მემორანდუმამდე დამამშვიდებელი ეტაპები მოითხოვება, რათა პროექტის რეალურობა დასტურდებოდეს. სახელმწიფო ამ მხრივ მკაცრად ოპერირებს და ზომებს იღებს. შესაბამისად, მომავალი სამი წელი მზის სექტორისთვის განსაკუთრებულად აქტიური იქნება - განვითარდება საშუალო სიმძლავრის პროექტები, რამდენიმე დიდი სიმძლავრის პროექტიც, დანარჩენი კი დრო გვიჩვენებს, როგორ მოახერხებს სახელმწიფო ყველაფრის თანმიმდევრულად ორგანიზებას და მხარდაჭერას“, - აღნიშნა Photomate Caucasus-ის რეგიონულმა დირექტორმა, დავით ტყეშელაშვილმა.