ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდა
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
აღინიშნა, სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა, საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობა.
საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს.
გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მისიის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში.
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
24.04.2025
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.