ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა
ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-თან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს მაკროეკონომიკური ფუნდამენტები რჩება ძლიერი და ბოლო წლებში ქვეყნის საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
აღინიშნა, რომ 2026 წლის მარტის მდგომარეობით, მთლიანმა ინფლაციამ 4.3% შეადგინა. საბაზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდა და დაახლოებით 2.4%-ით განისაზღვრა, ხოლო მომსახურების ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დარჩა და 3.3% შეადგინა.
„ეს ინდიკატორები, რომლებიც გრძელვადიან ინფლაციურ დინამიკას უკეთ ასახავს, იმაზე მიუთითებს, რომ ინფლაციური მოლოდინები კარგად იმართება“, - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა.
შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას და კიდევ ერთხელ დადებითად შეფასდა, რომ 2025 წელს საქართველოს სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია და პირველად, 2022 წლის შემდეგ, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა.
საუბარი ასევე შეეხო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს, რომლის გახანგრძლივებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს არსებულ პროგნოზებზე.
თავის მხრივ, ჯიჰად აზურმა განაცხადა, რომ რეგიონში არსებული მწვავე გაურკვევლობისა და მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, საქართველო წარმატებით უმკლავდება საგარეო შოკებს და ინარჩუნებს მდგრად ეკონომიკურ მდგომარეობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე.
სხვა სიახლეები
რა ამცირებს ნავთობის ფასს გლობალურად - მიზეზები
15.04.2026.12:21
ნავთობის ფასები ოთხშაბათს უკვე მეორე დღეა მცირდება იმ მოლოდინის ფონზე, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები შესაძლოა განახლდეს და გაიზარდოს მიწოდება ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვან მწარმოებელ რეგიონში, რომელიც ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო არის შეზღუდული.
Brent-ის ტიპის ნავთობის ფიუჩერსები 16 ცენტით, 0.2%-ით შემცირდა და ერთ ბარელზე $94.63 შეადგინა (GMT 06:35 მდგომარეობით).
ომმა თითქმის სრულად დახურა ჰორმუზის სრუტე - მნიშვნელოვანი საზღვაო არხი, რომლის მეშვეობითაც სპარსეთის ყურიდან ნედლი ნავთობი და გადამუშავებული პროდუქტები მიეწოდება გლობალურ მყიდველებს, განსაკუთრებით აზიასა და ევროპაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები შესაძლოა ამ კვირაში განახლდეს, მას შემდეგ რაც შაბათ-კვირას შეთანხმების გარეშე დასრულდა. თუმცა, აშშ-მ ასევე დააწესა ბლოკადა ირანის პორტებიდან გამავალ გემებზე, რაც, სამხედროების განცხადებით, ოთხშაბათისთვის სრულად აჩერებს ქვეყნის საზღვაო ვაჭრობას როგორც შემომავალ, ისე გამავალ მიმართულებით.