მცირე ბიზნესისთვის აღრიცხვაც და ანგარიშგებაც მარტივია, მათ არ უწევთ რთული ბუღალტერიის წარმოება - ლევან დგებუაძე
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ საშემოსავლო გადასახადში მოქმედი შეღავათები მრავალფეროვანია და სხვადასხვა კატეგორიის გადასახადის გადამხდელზე ვრცელდება,
უწყების მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის განცხადებით, საგადასახადო პრივილეგიები აქვთ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებლებს, ისე მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რომელთათვისაც დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმები და გამარტივებული ანგარიშგებაა გათვალისწინებული.
„საშემოსავლო გადასახადის ნაწილში არსებული შეღავათები კანონმდებლობაში საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად დავიწყოთ იმით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე არის საგადასახადო შეღავათი საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული ოდენობის ფარგლებში - 1500, 3000, 6000 - კატეგორიების და მიხედვით არის საშეღავათო თანხები განსაზღვრული. ასევე სამეწარმეო საქმიანობა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პირველადი მოყვანა და მიწოდება სასაქონლო კოდის შეუცვლელად - 200 000 ლარამდე განთავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისაგან. შეღავათები არის ასევე მაღალმთიან საწარმოებთან მიმართებაში - 10 წლის განმავლობაში არიან საშემოსავლო გადასახადისაგან განთავისუფლებული. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ფიზიკური პირთათვის შეღავათი არის 6 000 ლარამდე პირადი შემოსავლები ასევე მათაც არ ებეგრებათ საშემოსავლო გადასახადით.
გამოვყოფდი სპეციალური დაბეგვრის რეჟიმებს - მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსებს. მიკრო ბიზნესი შეღავათიანია, რადგან 30 000 ლარამდე წლიური შემოსავალი სრულად გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან. მაგრამ როგორც კი ბრუნვა 30 000 ლარს გადააჭარბებს, მათ შეუძლიათ ისარგებლონ უკვე შემდგომი საშეღავათო რეჟიმით, ეს არის მცირე ბიზნესი. მცირე ბიზნესი იბეგრება 1 ან 3%-ით მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე - აღრიცხვაც მარტივი არის, არ უწევთ რაიმე რთული ბუღალტერიის წარმოება, ანგარიშგება მარტივი არის, ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა უწევთ და მიღებული შემოსავლის 1 ან 3%-ით დაბეგვრა. მცირე ბიზნესისათვის დასაშვები ზღვარი არის 500 000 ლარი წლიური ბრუნვა. ხოლო ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მცირე ბიზნესის სტატუსის გადასახადის გადამხდელებს უჩნდებათ ასევე დამატებული ღირებულების, ანუ დღგ-ს რეგისტრაციის ვალდებულება“, - აღნიშნა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ლევან დგებუაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
პარლამენტი დღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს
სხვა სიახლეები
ვისაც ხელახალი რეგისტრაცია არ ექნება გავლილი, შევუზღუდავთ წვდომას ჩვენს სერვისებზე ორივე მიმართულებით - შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი
01.04.2026.10:39
შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, რომ ახალი სერვისები და ინსტრუმენტები მეწარმე ფიზიკურ პირებს საგადასახადო პროცედურების მარტივად შესრულებაში დაეხმარება. უწყების მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსის, ლევან დგებუაძის განცხადებით, ახალდარეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელებს სპეციალური მოდულის საშუალებით ავტომატურად ეცნობებათ თავიანთი ვალდებულებები და უფლებები, ხოლო საგადასახადო ოპერატორები მათ საჭიროების შემთხვევაში დეტალურად ართმევენ პროცესებს. უწყება ასევე გეგმავს ბიზნეს-პროცესებისა და სერვისების ოპტიმიზაციას და ავტომატიზაციას, რათა დეკლარაციების წარდგენა, გადასახადების გადახდა და საბაჟო ოპერაციები უფრო მარტივი გახდეს, ხოლო საგადასახადო სანქციების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.
„რა თქმა უნდა 2026 წელსაც ბევრი სიახლეებით შევხვდით, მათ შორის ახლად დარეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირებთან მიმართებაში ჩვენ შევქმენით სპეციალური მოდული გადასახადის გადამხდელებისათვის, რომლებიც დარეგისტრირებისთანავე იღებენ ჩვენგან შეტყობინებას, ინფორმაციას მათ ვალდებულებებზე და უფლებებზე საგადასახადო ანგარიშგების თვალსაზრისით. ასევე იღებენ შეთავაზებას, რომ თუ მოითხოვენ მათ დაუკავშირდებათ ოპერატორი, საგადასახადო ოპერატორი, რომელიც დეტალურად აუხსნის მათ მოახლოებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ ვგეგმავთ განვახორციელოთ ჩვენი ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია, სერვისების ოპტიმიზაცია და ავტომატიზაციის მიმართულებით აქტიურად ვიქნებით ჩართულები ამ მიმართულებით, რათა უფრო მეტად გავუმარტივოთ ბიზნეს ჩვენთან ურთიერთობა საგადასახადო სერვისებით თუ საბაჟო სერვისებით სარგებლობა. რაც შეეხება სავადო თარიღებს - სავადო თარიღები ეს არის როგორც მოგეხსენებათ წლიური სავადო თარიღი - ახლებისათვის ეს არის მითითება-სწავლება, ხოლო ძველებისათვის შეხსენება. ჩვენ ტრადიციულად ვეწევით ფართო კამპანიას რათა გადასახადის გადამხდელებს დროულად მიეწოდოთ ინფორმაცია მოახლოებულ სავადოებთან დაკავშირებით როგორც პირად პორტალზე, ასევე SMS შეტყობინებების გზით.
ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, ჩვენ გვინდა რომ დროულად წარმოგვიდგინონ დეკლარაციები, სწორად შეავსონ მონაცემები, რათა შემდგომში აიცილონ საგადასახადო სანქციები, რომლებიც შესაძლებელია მოჰყვეს დეკლარაციის ან დაგვიანებით წარდგენას ან გადასახადის დაგვიანებით გადახდას.
ჩვენ ყოველთვის ვართ ორიენტირებულები იმაზე რომ პრევენცია მოვახდინოთ ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა, რაც მიუთითებს იმაზე რომ ამ ღონისძიებას, ამ კამპანიას აქვს ეფექტი ნამდვილად“, - აღნიშნა ლევან დგებუაძემ.