მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს - The Heritage Foundation
The Heritage Foundation-ის 2026 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუმჯობესდა. ქვეყანამ რეიტინგში 69.6 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 0.6-ით მეტია. საქართველო გლობალურ რეიტინგში 35-ე ადგილს იკავებს.
ანგარიში ქვეყნების ეკონომიკურ გარემოს ისეთი საკვანძო კრიტერიუმებით აფასებს, როგორიცაა საკუთრების უფლებების დაცვა, საგადასახადო ტვირთი, ბიზნესის თავისუფლება და ბიუროკრატიული ეფექტიანობა.
რეიტინგის მიხედვით, ევროპაში საქართველო 44 ქვეყანას შორის მე-20 ადგილს იკავებს. ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი მსოფლიო და რეგიონულ საშუალო მაჩვენებლებს აღემატება. ინდექსის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა კლასიფიცირებულია როგორც „ზომიერად თავისუფალი“.
,,საგარეო და პოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებს ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად სფეროებში. მთავრობამ განახორციელა რეფორმები რეგულირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად და ინარჩუნებს ღია ბაზრის პოლიტიკას და დაბალ საგადასახადო განაკვეთებს. ეკონომიკამ ასევე აჩვენა მედეგობის ზომიერი დონე", - აღნიშნულია ანგარიშში.
სხვა სიახლეები
პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resort ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი და რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო - მარიამ ქვრივიშვილი
03.06.2026.19:30
„დღევანდელი დღე სიმბოლურია და ასევე მნიშვნელოვანი, რადგან ნათლად წარმოაჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი განჭვრეტადი, საიმედო და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემო მათ სტიმულს აძლევს, ასეთი მსხვილი ინვესტიცია განახორციელონ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქობულეთში პრემიუმ კლასის სასტუმრო-რეზიდენციული კომპლექსის Swissôtel Kobuleti Beach Resort პროექტის ოფიციალური წარდგენის ცერემონიაზე.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, პროექტი Swissôtel Kobuleti Beach Resor ნათლად წარმოაჩენს, თუ რამდენად დინამიურად იზრდება საქართველოში ტურიზმის სექტორი, ასევე, რამდენად ჯანსაღია საინვესტიციო გარემო.
„300 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია - ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ზოგადად აჭარის რეგიონისთვის. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი - განთავსების ობიექტები, ისევე, როგორც საცხოვრებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, ასეთი მნიშვნელოვანი და მაღალი კლასის ბრენდის შემოსვლა, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს აჭარის ტურისტული პოტენციალის და ტურისტული სერვისების გაუმჯობესებას, ისევე, როგორც მომსახურების ხარისხის ზრდას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
Swissôtel Kobuleti Beach Resort-ის ლოკაციაზე კაფსულის ჩადების სიმბოლური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, პროექტის ინვესტორებმა, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, კომპლექსის მშენებლობის პროცესში, ასევე მისი ოპერირების ფაზაზე ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და 500-მდე ადგილობრივი დასაქმდება, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე.
პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის პირდაპირპროპორციულ თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელსაც ხელისუფლება ატარებს და რომელიც გულისხმობს მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას, რათა ქვეყანაში ტურიზმიდან უფრო მეტი დოვლათი შეიქმნას.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ამ იდეის ავტორებს - კომპანია NEXT-ის, კომპანია „არქი"-ს, მათ დამფუძნებლებს, კეთილი იყოს ბრენდ Swissôtel-ის შემობრძანება ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იქნება უმნიშვნელოვანესი და ძალიან დადებითი შედეგების მომტანი ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვის და განსაკუთრებით აჭარის რეგიონისთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შავი ზღვის სანაპიროზე, ქობულეთში, დეველოპერული კომპანია „არქის" საერთაშორისო გამოცდილების მქონე დეველოპერი NEXT-ისა და მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო ბრენდ Swissôtel-ის თანამშრომლობით მასშტაბური პროექტი განხორციელდება, რომელიც უმაღლესი კლასის, საერთაშორისო სტანდარტების სასტუმროს და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს მოიცავს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ აშშ დოლარია.