მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა დაიწყო - ეკონომიკის მინისტრი
საქართველოს მთავრობამ ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის ტერიტორიის შესწავლა დაიწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლების გეგმა, თბილისი აეროპორტის 2050 წლამდე განვითარების ხედვის არსებობაა, ხოლო არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია.
“ჩვენთვის აეროპორტი ძალიან მნიშვნელოვანია. აეროპორტი არის კარიბჭე, ქვეყნის სახე. შესაბამისად, ამბიციები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ეკონომიკური განვითარების კუთხით, ბევრად აღემატება იმ შესაძლებლობებს, რომელიც ამ აეროპორტს აქვს.
თბილისის აეროპორტში ჩვენი გათვლა შემდეგი 10 წლის განმავლობაში, 10 მლნ მგზავრზე მეტია. აეროპორტის განვითარება გრძელვადიან პერიოდზე იგეგმება.
ჩვენი გეგმა, თბილისი აეროპორტის 2050 წლამდე განვითარების ხედვის არსებობაა.
არსებულ ტერიტორიაზე სივრცე შეზღუდულია, მას აქვს გაფართოების შესაძლებლობა, მაგრამ როდესაც გრძელვადიან პერიოდზეა საუბარი, ამას ვერ უპასუხებს.
ამიტომ დავიწყეთ ახალი ლოკაციის შესწავლა. არ მინდა დეტალებში შევიდე, შეიძლება ამით საკითხი დავაზიანოთ. მიმდინარეობს მუშაობა აეროპორტების გაერთიანების მხრიდან ახალი ლოკაციის დეტალურ შესწავლაზე (მათ შორის ნავიგაციის კუთხით უკვე ჩატარებულია შესწავლა), რათა დავიწყოთ აეროპორტის განვითარება. ეს არ არის მარტივი პროცესი.
TAV-თან ხელშეკრულება 2027 წლის დასაწყისამდე გვაქვს. ეს ოპერატორი კომპანიაა. ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანამ თვითონ განავითაროს აეროპორტი. კრიტიკული ინფრასტრუქტურის სახელმწიფო საკუთრებაში ყოფნა აუცილებელია კონკურენტული გარემოს შენარჩუნებისთვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ოპერირების ნაწილში გვყავდეს პროფესიონალი კომპანიები, როგორიცაა TAV-ი. ამიტომ ეს შეიძლება იყოს TAV-ი, ან სხვა კომპანია, რომელიც ღია კონკურენციის პირობებში შეირჩევა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
სხვა სიახლეები
30.07.2025.19:00
2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები).
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.