მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას გააძლიერებს, რაც ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის გზით ეკონომიკაში კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს - ირაკლი ნადარეიშვილი
საქართველოს მთავრობის როლი და თანამონაწილეობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერასა და განვითარებაში კიდევ უფრო გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერას აძლიერებს და მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას და ახალ ფინანსურ ინსტრუმენტს წარადგენს. მისი თქმით, ინიციატივები მოიცავს აქტივებზე დაფუძნებულ დაფინანსებას, ფაქტორინგსა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების ახალ მექანიზმებს, რაც ფინანსური ინსტრუმენტების დივერსიფიკაციის გზით ეკონომიკაში კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„მთავრობა გააგრძელებს ინვესტორების, მსესხებლებისა და სხვა ჩართული მხარეების მხარდაჭერას. უახლოეს პერიოდში მივიღებთ დადგენილებას, რომელიც უზრუნველყოფს კერძო კაპიტალის ფონდების მხარდაჭერას. კერძო კაპიტალის და ვენჩურულ საინვესტიციო ფონდებში მთავრობა 40%-მდე კაპიტალით მონაწილეობას შეძლებს. ასევე შეიქმნება წამახალისებელი ინსტრუმენტები, როგორც ფონდების აქციონერების, ასევე აქტივების მმართველებისთვის", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ირაკლი ნადარეიშვილმა თემატურ პანელზე „საქართველოს კაპიტალის ბაზარი - შესაძლებლობები ადგილობრივი ემიტენტებისა და ინვესტორებისთვის" მთავრობის მიერ დამტკიცებულ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიაზე ისაუბრა, რომელიც კაპიტალის ბაზრის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში ეკონომიკის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციას, დანაზოგების ალტერნატიულ ინსტრუმენტებში მობილიზებასა და ინვესტორთა ბაზის გაღრმავებას ისახავს მიზნად. მისივე განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური მაღალი ზრდის შენარჩუნებისთვის აუცილებელია საბანკო სექტორზე დამოკიდებულების შემცირება და კაპიტალის ბაზრის მეტად განვითარება.
„მთავრობა მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კაპიტალის ბაზრის სტიმულირებას. მაგალითად, თუ ობლიგაციების ბაზარზე ვისაუბრებთ, დაახლოებით 3 მილიარდი ლარის კორპორაციული ობლიგაციებიდან, თითქმის მესამედი მხარდაჭერილია სამთავრობო პროგრამით, რომელიც ფინანსურად ეხმარება ობლიგაციების გამოშვებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თიბისი კაპიტალის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გამართულ კონფერენციას 400-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო მონაწილე დაესწრო, მათ შორის იყვნენ წამყვანი საინვესტიციო ბანკების, ფინანსური ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სხვა სიახლეები
ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო - ეკატერინე მიქაბაძე
24.03.2026.19:09
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ „თიბისი კაპიტალის“ მიერ ორგანიზებულ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. სადისკუსიო თემა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით არსებული მიღწევები და პერსპექტივები იყო.
„რეფორმები, რომლებიც კაპიტალის ბაზრის განვითარების მიზნით ქვეყანაში საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდა, დაეფუძნა პრინციპს, რომლის თანახმადაც ბაზრის ზრდა და ინვესტორთა დაცვა პარალელური და თანაბრად ღირებული მიზნებია. შესაბამისად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიზანი არა მხოლოდ ემისიების ზრდა, არამედ ბაზრის სანდოობის, გამჭვირვალობისა და მდგრადობის გაძლიერება იყო“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის ინკლუზიურობის ზრდის ჭრილში ფინანსური შუამავლების ჩართულობის მნიშვნელობაზეც. როგორც მან აღნიშნა, საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საცალო ინვესტორთა (ფიზიკური პირების) მონაწილეობის გასაზრდელად, განსაკუთრებით იმ სეგმენტებზე, სადაც ისინი დღეს ნაკლებად არიან წარმოდგენილნი - სხვა ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება საბროკერო კომპანიებისა და კომერციული ბანკების პროაქტიულ ჩართულობას, მათ შორის, მიწოდების არხების გაიოლებასა და ტრანზაქციული დანახარჯების შემცირებას.
ეკატერინე მიქაბაძესთან ერთად პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ინფრასტრუქტურის დაფინანსების ჯგუფის ხელმძღვანელი კავკასიაში დავიდ ურბანეჯა-ფუერლოსი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, „ვისოლ ჯგუფის“ მთავარი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი დანელია და „თეგეტა ჰოლდინგის“ დირექტორი ეკატერინე ქავთარაძე.
კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც 450-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, საინვესტიციო ბანკები, ინვესტორები, ემიტენტები და მარეგულირებელი სტრუქტურები.