მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით კი უპირობო ლიდერია - ვახტანგ ცინცაძე
2025 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" რეიტინგში საქართველო 8 ადგილით დაწინაურდა და მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის, 7,69 ქულით, 25-ე ადგილი დაიკავა. ამასთან, საქართველომ რეიტინგში როგორც პოზიცია, ისე ქულა გაიუმჯობესა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, რეიტინგი აფასებს როგორც მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, როგორიცაა ინფლაციის დონე, სავალუტო კურსის სტაბილურობა, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა, ასევე რეგულაციებსა და ინსტიტუციურ სიძლიერეს, მათ შორის, ბიუროკრატიის ნაკლებობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას, საკუთრების უფლების დაცულობას და სხვა.
ვახტანგ ცინცაძის თქმით, რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 17 ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით კი უპირობო ლიდერია.
„საქართველოს მთავრობის მიზანია, აღნიშნული მიმართულებით განაგრძოს სხვადასხვა რეფორმების გატარება, რათა ქვეყანამ გაიძლიეროს პოზიციები როგორც საერთაშორისო რეიტინგებში, ასევე უზრუნველყოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი მმართველობა და ეკონომიკური პარამეტრების სიჯანსაღე," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.19:59
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში გარეტ უორდს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულები, მათ შორის, ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია და სხვ. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის სექტორში პოზიტიურ დინამიკას.
საუბარი შეეხო საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს, ხაზი გაესვა ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ამაღლებისკენ მიმართულ ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა ევროპის ენერგეტიკული რესურსებით მომარაგების მიზნით საქართველოზე გამავალი სატრანზიტო პროექტების შემდგომ განვითარებაზე.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ „ბრიტანეთის ავიახაზები" და „იზიჯეტი" წარმატებით ოპერირებენ საქართველოს ავიაბაზარზე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მკაცრად იცავს საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სათანადო ნორმებს და მიმართავს პრევენციულ ზომებს მესამე პირების მიერ სანქციებისგან თავის არიდების აღკვეთის მიზნით როგორც საბაჟო, ისე საზღვაო მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და გენადი არველაძე.