მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის (ECA) განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო.
2026 წელს მოსალოდნელია რეგიონული ეკონომიკური ზრდის 2.1%-მდე შესუსტება. რუსეთში ზრდის მაჩვენებელი სავარაუდოდ 0.8%-მდე დაეცემა, ხოლო სხვა რეგიონებში ის 2.9%-მდე დაიკლებს სამომხმარებლო აქტივობის შენელების ხარჯზე ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ გაურკვევლობა გავლენას იქონიებს ინვესტიციებზე.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს კონტექსტში აღნიშნულია, რომ ზრდა ძლიერი შენარჩუნდა, რაც განპირობებული იყო კერძო მოხმარებით, სამშენებლო აქტივობით და რეექსპორტით.
„რეგიონის მდგრადობა კვლავაც განსაცდელშია, ბუნებრივი გაზის, ნავთობის და სასუქების იმპორტზე რიგი ქვეყნების დამოკიდებულების პირობებში“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ანტონელა ბასანიმ. მისივე თქმით: „ბევრ ქვეყანაში საჭირო იქნება კრიზისის გავლენაზე რეაგირება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად მიზანმიმართულ ღონისძიებებზე ფოკუსირებით. სირთულეების მიუხედავად, დარგობრივი რეფორმების განხორციელება ფირმების ზრდისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელს შეუწყობს კრიზისის ზემოქმედების შემცირებას და აამაღლებს ეკონომიკურ მდგრადობას და დინამიზმს.“
პროგნოზის მიხედვით, 2026-27 წლებში ეკონომიკური ზრდა ცენტრალურ აზიაში საშუალოდ 4.9%-მდე შენელდება, ყაზახეთში ნავთობის წარმოების სტაბილიზაციის პარალელურად. სავარაუდოდ, ცენტრალური ევროპის ეკონომიკა წელს დაახლოებით 2.4%-ით გაიზრდება, სანამ 2027 წელს 2.3%-მდე დაიკლებს. ამასთან, სამომხმარებლო ხარჯების შემცირება ნაწილობრივ კომპენსირებული იქნება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო ინვესტიციებით. ეკონომიკური ზრდა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში, პროგნოზის თანახმად, საშუალოდ 3.1% იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში, რასაც გაამყარებს ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები და სერვისების მდგრადი ექსპორტი. წელს უკრაინაში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის კლება 1.2%-მდე, მიმდინარე ომის, ენერგომატარებლებზე მზარდი ხარჯების და ფისკალური წნეხის გამო.
გაჭიანურებული და ინტენსიური კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში რისკის მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება, ენერგომატარებლების და სასუქების გლობალური მიწოდების მოშლის პოტენციალით, რასაც შეუძლია ენერგორესურსების და სურსათის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის და რეგიონის ეკონომიკის არსებითი ვარდნის გამოწვევა.
ევროპის და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდის შენელებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში პოლიტიკის ზოგიერთი შემმუშავებელი აიძულა რომ ფართო მოცვის რეფორმები შეევსო სამრეწველო პოლიტიკით, რაც მიზნად ისახავდა სახელმწიფოს ინტერვენციებს კონკრეტული სექტორების, ღონისძიებების ან ფირმების ხელშეწყობას.
ანგარიშის სპეციალურ ანალიზში ხაზგასმულია, თუ როგორ შეუძლიათ ქვეყნებს სამრეწველო პოლიტიკის გამოყენება ეკონომიკური ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის დასაჩქარებლად, ისე რომ რეგიონის მიდგომამ სარგებელი მოიტანოს უკეთ განსაზღვრული მიზნების და ღონისძიებების დასახვით, რომლებიც გააძლიერებს სამომავლო კონკურენტუნარიანობას არსებული ეკონომიკური სისუსტეების გაღრმავების ნაცვლად. მაგალითად, სამრეწველო პოლიტიკის ყველა ინტერვენციის დაახლოებით ორი მესამედი ამჟამად მიმართულია სოფლის მეურნეობაზე და სურსათის წარმოებაზე, მაშინ როცა მხოლოდ 10%-ია ფოკუსირებული მაღალტექნოლოგიურ ან სამრეწველო დანიშნულების საქონელზე.
„პროდუქტიულობის და სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი ზრდის მისაღწევად ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შეუძლიათ ამბიციური პოლიტიკის რეფორმების პრიორიტეტიზება, რომლებიც უზრუნველყოფს სამეწარმეო გარემოს მოდერნიზაციას, ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და გააუმჯობესებს განათლების ხარისხს. სახელმწიფო რესურსების, მაგ. ინდუსტრიული პარკების ან სპეციალური ეკონომიკური ზონების მიზანმიმართულ გამოყენებას იდენტიფიცირებულ საბაზრო პრობლემებზე რეაგირების ხელშეწყობა შეუძლია. თუმცა, სამრეწველო პოლიტიკა გამოყენებულ უნდა იქნეს ზომიერად და მხოლოდ დროებით“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში ივაილო იზვორსკიმ.
ანგარიშის რეკომენდაციაა, რომ სამრეწველო პოლიტიკა ახდენდეს ახალი და დინამიური კერძო სექტორის ფირმების და იდეების წახალისებას, ბაზრის ამჟამინდელი მოთამაშეების, მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების მხარდაჭერის ნაცვლად, და რომ ის უნდა აძლიერებდეს და ხელს არ უშლიდეს კონკურენციას.
სხვა სიახლეები
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უფრო საინტერესო, რთულ, მიზნობრივ და ეფექტურ ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს - ირაკლი ნადარეიშვილი
08.04.2026.18:40
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება. მისი თქმით, ეს კორპორაცია უფრო მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს.
მინისტრის მოადგილის თქმით, კორპორაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი იქნება, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ამასთან, ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, საშუალოვადიან პერიოდში კორპორაციამ უნდა შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.
„საქართველოს მთავრობის გაცხადებული ამოცანაა კერძო სექტორი მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით, კონკრეტული ინსტრუმენტებითა და პროგრამებით, რასაც წარმატებით ახორციელებს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სერიოზული პროგნოზები. კონსოლიდაცია იმ რესურსების რასაც სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს და „აწარმოე საქართველოს“ ბაზაზე განვითარების კორპორაციის შექმნა არის ძალიან ბუნებრივი განვითარება ამ ინსტიტუტის და ეს განვითარება გავლილი აქვს ყველა ანალოგიურ ინსტიტუტს დასავლურ ქვეყნებში. ეს პროცესი არის ძალიან ბუნებრივი, როდესაც სააგენტო თავისი გაფართოებული მანდატით ხდება უკვე განვითარების კორპორაცია და უფრო რთულ, მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს იმ ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და ხელშესაწყობად, რაც მიზნად გვაქვს დასახული. როგორც იცით, ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კაპიტალის ბაზრის განვითარებაა, აქ საუბარია კერძო სექტორისთვის გარდა საბანკო რესურსისა ალტერნატიული კაპიტალის ხელმისაწვდომობაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩვენ ვავითარებთ მთელ რიგ მიმართულებებს, როგორიცაა საინვესტიციო წილობრივი მონაწილეობის ფონდების მხარდაჭერა; კორპორაციული ბონდების გამოშვება; სულ ახლახან დამტკიცდა ფაქტორინგის შესახებ კანონი, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტრუმენტი, სადაც ახალი კორპორაცია ამ სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს; გვექნება ახალი მიმართულებები სინდიცირებული და კონვერტირებადი სესხების მიმართულებებით და სახელმწიფოს პირდაპირი წილობრივი მონაწილეობა, რომელსაც უკვე აქვს ადგილი - მაგალითად გვაქვს ძალიან წარმატებული საინვესტიციო პროექტი „იგლ ჰილსის“ სახით, სადაც სახელმწიფო, როგორც პარტნიორი მონაწილეობს და ძალიან დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მათ შორის მსხვილ პროექტებში. ამიტომ, კორპორაციას ექნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს ყველა იმ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პროექტში, რომელიც იგეგმება ან განხორციელების ეტაპზეა.
ყველა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც დღემდე „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს, უწყვეტად გაგრძელდება და შესაბამისად საბიუჯეტო რესურსი უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში მოვემზადებით, რომ კორპორაციამ შეძლოს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.