მსხვილი ქსელები ჯერჯერობით საწვავის ფასებს ინარჩუნებენ და მე ვფიქრობ, კურსის ეფექტია ამ ნაწილში - ირაკლი ლექვინაძე
მსხვილი ქსელები ჯერჯერობით ფასებს ინარჩუნებენ და მე ვფიქრობ კურსის ეფექტი ამ ნაწილში. ძალიან პოზიტიურია, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საწვავზე საერთაშორისო ფასების ზრდასთან მიმართებაში ქსელების რეაგირება უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე ფასების კლების დროს.
„ხშირად ისმის კითხვა: თუ პასი იკლებს მას სჭირდება ჩვენი შეფასებებით 2კვირიდან 6 კვირამდე პერიოდი, რომ აისახოს იმპორტის თვითღირებულებაზე და საცალო ფასზე, თუმცა ფასის ზრდის შემთხვევაში კომპანიები მყისიერად და ძალიან მოკლე დროში ახდენენ რეაგირებას. ეს სავარაუდოდ რისკების დაზღვევას უკავშირდება. იმიტომ, რომ მათ დღევანდელი მიღებული შემოსავლით უხდებათ შემდეგი თვის მარაგების შესყიდვა, გაძვირებულის. ამიტომ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასე, რომ მსხვილი ქსელები უფრო სწრაფად რეაგირებენ“, - აღნიშნა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.
კომპანიების მხრიდან აღნიშნულ ქმედებას არ ეთანხმება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელმაც აღნიშნა, რომ ასეთ დროს კომპანიებს უნდა ჰქონდეთ იმის რესურსი, რომ შესყიდვა განახორციელონ და ეს მოსახლეობის ხარჯზე არ მოახდინონ.
„ამისთვის სამუშაო კაპიტალი არსებობს და ეს უნდა ჰქონდეთ დიდ კომპანიებს და მომხმარებლის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.
ირაკლი ლექვინაძემ კომიტეტზე ასევე ისაუბრა იმაზეც, რომ აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასები გაზრდილია.
„მიმდინარე წელს გვქონდა ძალიან პოზიტიური დინამიკა საწვავის ფასების კუთხით. ეს უკავშირდებოდა განსაკუთრებით მსოფლიო ბაზარზე ფასების კლების დინამიკას. თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე დაახლოებით 11-12%-იანი კლება გვქონდა, პლაცის მონაცემებს თუ დავეყრდნობით და ასევე 15%-იანი კლება ბრენდის ტიპის ნავთობზე. კურსიც აჩვენებდა ძალიან პოზიტიურ დინამიკას და დაახლოებით 2,5-3%-იანი გამყარების ტენდენცია გაქვს თებერვლიდან დღემდე. ეს აისახა კიდეც აპრილში, პირველ რიგში მცირე ქსელებზე, რადგანაც ისინი უფრო სწრაფად რეაგირებენ მსოფლიო ფასების დინამიკაზე, იმიტომ, რომ მარაგები ნაკლები აქვთ და უცებ ახდენენ რეაგირებას. და მაისიდან უკვე მსხვილ ქსელებზეც აისახა. ჩვენ თუ ვნახავთ 20 აპრილიდან დღემდე დაახლოებით 17-25 თეთრის ფარგლებშია მსხვილ ქსელებში ყველა ტიპის ბენზინზე კლების ტენდენცია და დაახლოებით 20-27 თეთრის ფარგლებშია დიზელის ტიპის საწვავზე კლების ტენდენცია. თუმცა კლების ტენდენცია ირან-ისრაელის ომის შემდეგ გარკვეულწილად შეიცვალა. თუ დღევანდელ პლაცს შევხედავთ თითქმის დაუბრუნდა თებერვლის მაჩვენებელს. დაახლოებით 739 დოლარის ფარგლებში“, - აღნიშნა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ.
სხვა სიახლეები
17.06.2025.17:09
მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მეგობარ ქვეყანაში, თურქეთში ვიმყოფები. გულწრფელ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგა ბატონ ნუმან ქურთულმუშს გულთბილი მასპინძლობისთვის და ნაყოფიერი შეხვედრისთვის, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ნუმან ქურთულმუშთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრობა ძლიერ კეთილმეზობლურ კავშირებს ეფუძნება, რომლებიც მტკიცე და მრავალმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.
მისი თქმით, დღევანდელ ტურბულენტურ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება, განსაკუთრებით ღირებულია.
,,დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, საპარლამენტო კავშირების გაღრმავება, ასევე, ეკონომიკის, განათლების სექტორებში თანამშრომლობა. ხაზი გავუსვით ჩვენს საერთო ხედვას კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. შუა დერეფანი ჩვენი საერთო მომავლის სიმბოლოა, რომელიც აძლიერებს ევროპასა და აზიას შორის ეკონომიკურ კავშირებს, უზრუნველყოფს რეგიონულ თანამშრომლობას, ენერგოუსაფრთხოებას, ციფრულ დაკავშირებადობას, მდგრად განვითარებას. თურქეთს ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ ამ მარშრუტის პოტენციალის სრულად ათვისების საქმეში.
ამასთანავე, აღვნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განვითარება, მათ შორის, კულტურული და საგანმანათლებლო გაცვლები.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს სრულ მზაობას, გავაძლიეროთ საპარლამენტთაშორისო დიალოგი, რაც დადებითად აისახება ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. ორივე საკანონმდებლო ორგანოში მოქმედებს მეგობრობის ჯგუფები, რომლებიც, აგრეთვე, აქტიურად ითანამშრომლებენ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ თავმჯდომარეს მისი ინიციატივისთვის, რომ სამმხრივი ფორმატი: თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე განახლდეს. შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი იყო 2023 წელს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო გადაიდო. სამივე პარლამენტი მზად არის, რომ ეს ფორმატი განახლდეს და პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე პირველი შეხვედრა თურქეთში შედგეს, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, თურქეთში ვიზიტი, პარლამენტებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებაში დიდ წვლილს შეიტანს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის დედაქალაქ ანკარაში იმყოფება.