მშენებლობა და დეველოპმენტი არის ის სექტორი, რომელზეც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა დარგები - ლევან ვეფხვაძე
უძრავი ქონება დღეს განიხილება ერთ-ერთ მთავარ უზრუნველყოფის საშუალებად და ფასი უძრავ ქონებაზე თუ კი არის მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს საფინანსო ინსტიტუტებიდან, - აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა. ლევან ვეფხვაძემ ეკონომიკის წამყვან დარგებზეც ისაუბრა და ასევე თქვა, რომ ენერგეტიკის სექტორს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია.
„ჩვენ კლასიკურად, კონსერვატიულად თუ შევხედავთ მშენებლობა და დეველოპმენტის სექტორი არის ის სექტორი, რომელზეც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ეკონომიკის სხვა სექტორები. თუნდაც იმიტომ, რომ უძრავი ქონება დღეს განიხილება ერთ-ერთ მთავარ უზრუნველყოფის საშუალებად და ფასი უძრავ ქონებაზე თუ კი არის მაღალი, ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს შეუძლია მეტი ფინანსური რესურსი მოიზიდოს საფინანსო ინსტიტუტებიდან. ამიტომ ამ კუთხით უძრავი ქონება, მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ვუყუროთ თუ როგორ ვითარდება პროცესი იმისთვის, რომ პულსზე გვეჭიროს ხელი და თუ კი პატარა შეფერხებასავით გაჩნდება იმ წუთში მოვახდინოთ მყისიერი რეაგირება. იმიტომ, რომ ეს არის ქვაკუთხედი და ჩვენ ჩვენი იდეები და მოსაზრებები გვექნება, რომლებსაცეც შემდეგ მთავრობის წევრებთან ერთად განვიხილავთ.
რაც შეეხება სხვა სექტორებს, მე ვფიქრობ, რომ უზარმაზარი პოტენციალია ენერგეტიკაში. 28 თებერვალს განაცხადების მიღება დასრულდა და ძირითადად განახლებადი ენერგიის წყაროებზე იყო საუბარი: მზე, ქარი და ჰიდროენერგეტიკა. ათასობით მგვტ-ის პროექტებია შეტანილი და თითოეული 1000 მგვტ ინვესტიციის ნაწილში არის 2-3 მლრდ-ის ეკვივალენტი მოზიდული ფინანსური რესურსების, რომელიც ქვეყანაში უნდა ჩაიდოს. ამიტომ აქ არის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ჯერ სამწუხაროდ გამოყენებული არ გაქვს. შეიძლება წლები დავკარგეთ კიდევაც. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ამ პროექტების რეალიზებას ვიხილავთ.
და რაც მთავარია IT სექტორი, რომელმაც შარშან ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია შეასრულა. შარშან დაიწყო ეს დინამიკა. აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა ახალმა საგადასახადო პოლიტიკამ, როდესაც საშემოსავლო გადასახადი იმ თანამშრომლებისთვის, რომელიც მუშაობენ არარეზიდენტი კომპანიებისთვის არის 4-ჯერ დაბალი ვიდრე ჩვეულებრივად ვიხდით ხოლმე და ამან გამოიწვია ძალიან მნიშვნელოვანი სტიმული საერთაშორისო მოთამაშეების, რომლებიც შემოვიდნენ, დაასაქმეს საქართველოს მოქალაქეები. ისინი მუშაობენ საქართველოში, მაგრამ სერვისს უწევენ საერთაშორისო მსხვილ კომპანიებს. მე როგორც ვიცი მილიარდამდე გენერირება მოახდინა დოლარის, რომელიც უცხოეთიდან შემოვიდა ქვეყანაში. ამიტომ ამას აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ამასთან პირდაპირ კავშირშია განათლების სექტორი იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიცია“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.