მომდევნო 2 წელიწადში გაორმაგდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა, ასევე 50 პროცენტით მოიმატებს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურა - თამარ იოსელიანი
„დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გამტარუნარიანობის მაქსიმუმზე მუშაობს. მგზავრთნაკადმა 5 მლნ მგზავრს გადააჭარბა და აეროპორტი გაფართოებას საჭიროებს. სახელმწიფოს ქვეყანაში საავიაციო სექტორის განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც 2031 წლის ბოლომდე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი ამოქმედდება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევსულიყავით კომპანია „ტავ ჯორჯიასთან" მოლაპარაკებაში - შედეგად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში გაორმაგდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა - ის 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება, ასევე 50 პროცენტით მოიმატებს უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურა, ასევე გაიზრდება როგორც საპარკინგე ზონა, ისე თვითმფრინავების სადგომები," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „ტავ ჯორჯიამ" აიღო ვალდებულება, რომ თბილისის არსებულ აეროპორტში 150 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელოს.
„ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძალიან წარმატებული მაგალითი. ამასთან, „ტავ ჯორჯიას" უკვე აქვს განხორციელებული მსხვილი ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში - დაახლოებით 260 მლნ დოლარის ოდენობით," - განაცხადა თამარ იოსელიანმა. მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განახლებული კონტრაქტით გასამმაგდება წლიური შემოსავალი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისთვის, რომელიც დამატებით მიიღებს 25 მლნ ამერიკულ დოლარს ახალი კონტრაქტის ამოქმედების შემდეგ. თამარ იოსელიანმა ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ახალი კონტრაქტის პირობებით, კომპანია „ტავ ჯორჯია" ჩაერთვება ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში, რაც ნიშნავს მეტ ავიაკომპანიას საქართველოს ავიაბაზარზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვაზიანის აეროპორტი 2031 წლის ბოლოს ამოქმედდება, მისი გამტარუნარიანობა თბილისის არსებულ აეროპორტთან შედარებით 4-ჯერ მეტი იქნება და 20 მლნ მგზავრის მომსახურებას შეძლებს.
„ყველა აეროპორტთან მიმართებაში, იქნება ეს თბილისი, ქუთაისი თუ ბათუმი, გვაქვს კონკრეტული გეგმები, როგორ განვავითაროთ და რა ნიშნულამდე უნდა ავიყვანოთ გამტარუნარიანობის თვალსაზრისით - დღეს საქართველოდან სრულდება 125 პირდაპირი ფრენა, 77 ავიაკომპანია ოპერირებს ავიაბაზარზე, 14 პროცენტიანი მატება გვქონდა მგზავრთნაკადისა და 16 პროცენტიანი - ავიამიმართულებებში. ასევე წელს ჩვენ სამივე აეროპორტში მოვემსახურეთ 8,5 მლნ მგზავრს და ეს მონაცემები რეკორდულია. ტენდენცია მზარდია. ჩვენ მას ვაკვირდებით და საქართველოს აეროპორტებს სწორედ ამის შესაბამისად ვავითარდებთ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 2025 წელს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ თბილისის, ასევე ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებისთვისაც და მგზავრთნაკადი შესაბამისად, 6 - პროცენტით და 30 პროცენტით გაიზარდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ კვლევები მიმდინარეობს, რომელიც წინასწარ განსაზღვრული სამოქმედო გეგმის შესაბამისად ხორციელდება.
„აღნიშნული პროექტები საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო როლის გაძლიერებას ემსახურება. მაგალითად, თბილისის აეროპორტში ტვირთნაკადის ზრდამ 50 პროცენტი შეადგინა, ქუთაისის აეროპორტის ლოკაცია და განლაგება უნიკალურია - ის ძალიან ახლოსაა ავტომაგისტრალთან და ნავსადგურებთან, შედეგად, ძალიან მზარდია ქუთაისის აეროპორტის როლი ტვირთბრუნვის კუთხითაც. აღნიშნულ აეროპორტში სახელმწიფო ახორციელებს 240 მლნ ლარის ინვესტიციას და ვაშენებთ ახალ ასაფრენ - დასაფრენ ზოლს იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა ტიპის ბორტი ქუთაისში, ასევე ვმუშაობთ ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის მიმართულებითაც," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
სხვა სიახლეები
ინვესტორების ფოკუსი რეგიონებზე გადადის - GNSS Consulting-ის ხედვა ჰოსპიტალითის ბაზარზე და Best Western Tbilisi City Center-ის ოპერირებაზე
23.01.2026.14:00
საოპერაციო ეფექტიანობის ზრდა, შემოსავლების მკვეთრი გაუმჯობესება და კორპორატიული სეგმენტის გაძლიერება - 2025 წელი სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ისთვის სტრატეგიული შედეგების მომტანი გახდა. როგორ აისახა ბაზრის დინამიკა სასტუმროს ფინანსურ მაჩვენებლებზე, რა შესაძლებლობებს ხედავს სასტუმრო Best Western Tbilisi City Center-ის მმართველი კომპანია GNSS Consulting-ი 2026 წლისთვის და რატომ გადადის ინვესტორთა ფოკუსი რეგიონულ პროექტებზე, დეტალებზე Business Insider Georgia GNSS Consulting-ის მმართველ პარტნიორს გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებდით 2025 წელს Best Western Tbilisi City Center-ის მუშაობასა და ბიზნეს შედეგებს? რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები და გამოწვევები ამ პერიოდში?
- 2025 წელი საოპერაციო თვალსაზრისით საკმაოდ დინამიური და, ვიტყოდი, სტრატეგიული ლავირების წელი იყო. ჩვენ მოგვიწია ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და სეგმენტებს შორის ბალანსის დაცვა, რამაც საბოლოო ჯამში წარმატებული შედეგი მოგვცა.
წელს 80%-იანი დატვირთულობის (Occupancy) ნიშნულით ვხურავთ, რაც გასულ წელთან შედარებით სოლიდური, 20%-იანი ზრდაა. თუმცა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფინანსური მაჩვენებლები: RevPAR (შემოსავალი ერთ ხელმისაწვდომ ნომერზე) დაახლოებით 30%-ით გავზარდეთ, რაც პირდაპირ მიუთითებს გაყიდვების სტრატეგიის ეფექტიანობაზე. ეს ციფრები მაძლევს საფუძველს, რომ 2025 წელი ცალსახად დადებითად და წარმატებულად შევაფასო.
- როგორ აისახა სტუმართა აქტივობა და მოთხოვნა 2025 წელს ოპერაციების ეფექტიანობაზე?
- როგორც აღვნიშნე, წელი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. მოთხოვნა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ საახალწლო პერიოდი პრაქტიკულად ნოემბერშივე სრულად გვქონდა გაყიდული.
რაც შეეხება სეზონურობას, თებერვალი ტრადიციულად შედარებით პასიურია, თუმცა წელს გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია — გააქტიურდა ე.წ. Last Minute (ბოლო წუთის) ჯავშნები. ეს დინამიკა გვაძლევს იმედს, რომ მიუხედავად „დაბალი სეზონისა“, პროცესი სტაბილურად წარიმართება და ჩავარდნები არ გვექნება.
- რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს სასტუმრო 2026 წლისთვის, განსაკუთრებით ზრდისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიმართულებით? რა აქტივობები გასწიეთ 2025 წელს იმისთვის, რომ 2026 წელი უკეთესი იყოს ვიდრე 2025 წელი იყო?
- 2025 წელს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა კორპორატიული სეგმენტის 70%-იანი ზრდა იყო. ეს შედეგი განაპირობა ჩვენმა მიდგომამ — მაქსიმალურად მოვერგოთ პარტნიორების ინდივიდუალურ საჭიროებებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული პირობები.
რაც შეეხება გამოწვევებს, MICE (ღონისძიებები და კონფერენციები) მიმართულებით კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, რამაც ბაზარი უფრო დაძაბული გახადა. შესაბამისად, 2026 წლის სტრატეგიული მიზანი სწორედ ამ მიმართულების გაძლიერებაა. ვგეგმავთ უფრო აგრესიულ და აქტიურ თანამშრომლობას კომპანიებთან, რათა საკონფერენციო დატვირთულობა დავაბრუნოთ და გავზარდოთ სასურველ ნიშნულამდე.
- როგორ ხედავთ სასტუმროს პოზიციას ბაზარზე 2026 წლის ბოლოს და როგორ აპირებთ კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნებას?
- 2026 წლისთვის ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია ჩვენს სეგმენტში, არამედ გავხდეთ "Top of Mind" (პირველი არჩევანი) ჩვენი კორპორატიული პარტნიორებისთვის.
კონკურენტულ უპირატესობას შევინარჩუნებთ ორი ძირითადი მიმართულებით: პირველი ეს არის ხარისხის სტაბილურობა — Best Western-ის საერთაშორისო სტანდარტების განუხრელი დაცვა, რაც სტუმარს სანდოობის განცდას უჩენს. და მეორე, ადამიანური კაპიტალი — ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ნომრებს, ჩვენ ვქმნით ურთიერთობებს. სწორედ პერსონალიზებული სერვისი და გუნდის პროფესიონალიზმი იქნება ჩვენი მთავარი იარაღი მზარდი კონკურენციის პირობებში.
- რა იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი სტუმართმოყვარეობის, ოპერაციების და მარკეტინგის მიმართულებით მომდევნო წლისთვის?
- ჩვენი პრიორიტეტები 2026 წლისთვის სამ ძირითად საყრდენს ეფუძნება:
- ასევე საინტერესოა, აწარმოებს თუ არა მოლაპარაკებებს GNSS Consulting- სხვა სასტუმროების მართვაზე და ამ დროისათვის GNSS Consulting-ის პორტფელი რამდენ ობიექტს აერთიანებს?
- GNSS Consulting-ი აქტიური განვითარების ფაზაშია. ამ ეტაპზე ჩვენი პორტფელი 8 სასტუმროს აერთიანებს. აქედან 4 პროექტი საკონსულტაციო მიმართულებით, 1 მენეჯმენტი და 3 პროექტი მიმდინარე მშენებლობის პროცესშია.
განსაკუთრებით მინდა გამოვყო მასშტაბური პროექტი — 110-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც Hilton-ის ბრენდის ქვეშ გაიხსნება. ვგეგმავთ, რომ ეს ობიექტი ოპერირებას 2027 წლის პირველ კვარტალში დაიწყებს, რაც ჩვენი კომპანიისთვის განვითარების ახალ ეტაპს ნიშნავს.
- როგორ აფასებთ ზოგადად უძრავი ქონების სექტორს ჰოსპიტალითის მიმართულებით, ინვესტორების მხრიდან როგორი მოთხოვნაა და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდოს?
- ინვესტორების მხრიდან ინტერესი კვლავ მაღალია, თუმცა ბაზრის სტრუქტურა იცვლება. თბილისი სასტუმროების კუთხით უკვე გარკვეულწილად გაჯერებულია.
როდესაც ინვესტორებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ჩვენი სტრატეგიული რჩევაა ფოკუსირება რეგიონულ განვითარებაზე. საქართველოს რეგიონებში ტურისტული პოტენციალი და მოთხოვნა მზარდია, ხოლო მიწოდება ჯერ კიდევ არ არის ათვისებული. შესაბამისად, რეგიონული პროექტები ინვესტორებს ინვესტიციის უკუგების (ROI) ბევრად უფრო სწრაფ და მაღალ მაჩვენებელს სთავაზობს, ვიდრე დედაქალაქი დღეს.