სამშენებლო ნებართვების გაცემა მოსალოდნელთან შედარებით ნაკლებად შენელდა - Galt & Taggart-ის ასოცირებული მკვლევარი
საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 სამშენებლო ნებართვა, რაც 54%-ით ნაკლებია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. 2025 წლის პირველ კვარტალში გაცემული სამშენებლო ნებართვები მთლიანობაში 2 591.0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობას ითვალისწინებს, რაც 11,9%-ით მერია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქსტატის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, ნებართვების 75.5% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4% მოდის ქ. თბილისზე, 12.9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.0% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2% - კახეთის რეგიონზე.
რა ვითარებაა უძრავი ქონების ბაზარზე და როგორ არის თანხვედრაში Galt & Taggart-ის პროგნოზები და 1 კვარტლის მაჩვენებლები, Business Insider Georgia დეტალებზე Galt & Taggart-ის ასოცირებულ მკვლევარს ზუკა თავყელიშვილის ესაუბრა.
„საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა საქართველოს მასშტაბით გაცემული ნებართვების სტატისტიკა, თუმცა ჩვენ ასევე ვუყურებთ კონკრეტულად თბილისში არქიტექტურის სამსახურის მიერ ყოველთვიურად გაცემულ ნებართვებს, სადაც პირველ კვარტალში კლება ფიქსირდებოდა, დაახლოებით 7,4%-იანი. ანუ 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 7,4%-ით ნაკლებ საცხოვრებელ ფართზე გაიცა ნებართვა, ვიდრე ეს 2024 წლის პირველ კვარტალში მოხდა. ეს სრულად მოსალოდნელი იყო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2023-2024 წლებში რეკორდულად დიდი რაოდენობის ნებართვები გაიცა.
7,4%-იანი შემცირება კი ფიქსირდება, მაგრამ ეს შემცირება მაინც არ არის იმხელა, როგორი შენელებაც გვაქვს მოთხოვნის მხარეს. ბოლო თვეებია, წლიურად დაახლოებით 5%-იანი კლება ფიქსირდება როგორც პირველად ისე მეორად ბაზრებზე. მოლოდინი იყო, რომ გაცემული ნებართვები უნდა შენელებულიყო, თუმცა არსებობდა მოლოდინი, რომ უფრო მაღალი ტემპით შენელდებოდა, ვიდრე ეს ახლა ხდება. შესაბამისად, ჯერჯერობით ამ ბალანსის ფონზე ვხედავთ, რომ ფასებშიც შენელებულია ზრდის ტემპი და თვიდან თვემდე უფრო ნაკლებად იზრდება, ვიდრე ეს ხდებოდა მაგალითად 2024 წელს. თუმცა ფასები მცირედით ზრდას ყოველთვიურად მაინც განაგრძობს“.
- მოთხოვნის შემცირება ახსენეთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბაზარი გაჯერებულია ანუ მიწოდება იყო მეტი, თუ მეორე, მოსახლეობის მსყიდველუნარიანობაა შემცირებული?
- არც ერთ მიზეზს არ დავასახელებდი. მსყიდველუნარიანობა - ვერ ვიტყოდი, რომ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ფასები გაიზარდა. მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ხელფასებიც გაიზარდა და ვერ ვიტყვი, რომ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა შემცირდა. ასევე ბაზრის გაჯერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, რადგანაც ჯერ ზედმეტ მიწოდებასთან არ არის ახლოს. ვიტყოდი, რომ ბაზარზე ნეგატიური სენტიმენტების ფონზე ბაზარი რჩება მოლოდინის რეჟიმში და ყველას ვისაც ბინის შეძენა უნდოდა ამ ტრანსაქციას არ ახორციელებს და ელოდება თუ როდის დასტაბილურება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური სიტუაცია, რათა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღონ.
- 2025 წლის ბოლომდე რა პროგნოზები აქვს Galt & Taggart-ს, როგორც ნებართვების ისე მოთხოვნის კუთხით?
- მოლოდინები სრულიად დამოკიდებულია იმ არასტაბილურობაზე, რომელიც ქვეყნის შიგნით გაქვს, რადგანაც როგორც კი ეს არასტაბილურობა ფუნდამენტურად აღმოიფხვრება მოსალოდნელია, რომ ის მოთხოვნა, რომელიც ამჟამად დაპაუზებულია შესაძლებელია მალევე ამ ყველაფრის შემდეგ რეალიზდეს. ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა არ გამქრალა, რადგანაც ძირითადად თბილისში მოთხოვნა გაქვს საჭიროებაზე დაფუძნებულ შენაძენებზე. რაც შეეხება მიწოდებას, თუ მოთხოვნა ასე შენელებული დარჩება, საჭირო იქნება მიწოდების უფრო მკვეთრი კლება, რათა მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი დარჩეს იმ წერტილში, სადაც ახლა არის. რაც თავის მხრივ შესაძლებლობას აძლევს ბაზარს, რომ უფრო ნელი ტემპით, მაგრამ ყოველთვიურად ფასები გაზარდოს. რაც საინვესტიციოდ მიმზიდველს ხდის ამ ყველაფერს.
- თუ კი თქვენს ხაზს გავაგრძელებ და პოლიტიკური ვითარება იგივე დარჩა, ასევე წლის ბოლოს გაქვს არჩევნები. რა მოლოდინები გაქვთ და ზოგადად როგორია ასეთ დროს მოსახლეობის ქცევა?
- ამის მაგალითად წინა წლის იგივე პერიოდი ავიღოთ, როდესაც ოქტომბერში გვქონდა არჩევნები. უძრავი ქონების ბაზარზე ზაფხულში საკმაოდ აქტიურობა იყო, თუმცა ოქტომბერში მცირედი შენელება ვიხილეთ, რის შემდეგაც ნოემბერში კვლავ აღდგა მოთხოვნა. შესაბამისად ბაზარს სჩვევია, რომ ასეთი მოვლენების წინ უფრო მოლოდინის რეჟიმშია, თუმცა თუ სტაბილურად ჩაიარა ყველაფერმა, უძრავი ქონების ბაზარზეც მოსალოდნელია, რომ სტაბილურობა გვექნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.15:18
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველომ უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO). როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განმარტავენ, ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას.
„გვსურს გამოვეხმაუროთ რუსული ავიაკომპანიების მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ფაქტს და კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ნებისმიერი ავიაკომპანიის მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელება ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გახსნილი აეროპორტიდან, რომელიც არ არის სერტიფიცირებული საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ და სადაც, ქართული მხარე მოკლებულია შესაძლებლობას უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, წარმოადგენს როგორც საერთაშორისო ნორმების, ისე საქართველოს კანონმდებლობის (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) დარღვევას.
იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა, ადგილზე შეაფასოს აეროდრომის ტექნიკური მდგომარეობა და მისი ვარგისობა ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. შესაბამისად, საჰაერო მიმოსვლის განხორციელება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატის არმქონე აეროპორტიდან, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს კანონმდებლობის დარღვევას, საფრთხეს უქმნის საავიაციო და მგზავრთა უსაფრთხოებას.
როგორც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენციის („ჩიკაგოს კონვენცია“) ხელმომწერი სახელმწიფო, სამოქალაქო ავიაციის სფეროში საქართველო ყოველთვის მოქმედებს ორგანიზაციის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, ასევე იცავს მოქმედი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმების პრინციპებს. საქართველო წლებია იყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატს, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობა მუდმივად იდგეს დღის წესრიგში. აღნიშნულ საკითხში, საქართველოს აქვს მყარი და უპირობო მხარდაჭერა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ ამოქმედებული აეროპორტიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიური ნოტით უკვე მიმართა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO), სადაც კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დააფიქსირა ქვეყნის პოზიცია საქართველოს უფლებამოსილი უწყების ნებართვის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის დაუშვებლობის შესახებ. გრძელდება მუშაობა ქვეყნის ყველა შესაბამისი უწყების ჩართულობით, რათა საქართველოს საჰაერო სივრცეში უკანონო ფრენების განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით მოხდეს რეაგირება ყველა საერთაშორისო ფორმატის გათვალისწინებით“, - განმარტავენ GCAA-ში.