მოდერნიზაციის პროექტი საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობასა და გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის - თამარ იოსელიანი
„მოდერნიზაციის პროექტი საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობასა და გამტარუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეამცირებს გადაზიდვების პერიოდსა და დანახარჯებს, რაც რკინიგზის მომსახურებას კიდევ უფრო მეტად ეფექტიანს გახდის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზამ უღელტეხილის მონაკვეთზე სრულიად ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურა ააშენა - გვირაბები, ხიდები, სადგურები და ქვესადგურები, ჯამში ასზე მეტი სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა/ნაგებობა. ასევე დამონტაჟდა უსაფრთხოების და ბლოკირების ახალი სისტემები. სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია განხორციელდა - 1 მილიარდის ლარის ოდენობით.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, რკინიგზის მოდერნიზება გააძლიერებს საქართველოს პოზიციებს შუა დერეფანში. „ჩვენი ქვეყნის როლი შუა დერეფანში უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, მთავრობის მიერ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციები ძალიან მნიშნელოვანია ქვეყნის შუა დერეფანში კონკურენტუნარიანობისთვის. მომდევნო წლებში საქართველოს რკინიგზაში ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება - ვაპირებთ სალოკომოტივო და სავაგონე პარკის განახლებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს როლის გაძლიერებას შუა დერეფანში," - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
სხვა სიახლეები
ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში საქართველოს რკინიგზა ექსკლუზიური ოპერატორი იქნება - ლაშა აბაშიძე
25.12.2025.02:21
ფაქტობრივად, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღებისა და ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ბაქო-თბილისი-ყარსი უკვე სრულფასოვნად ოპერირებს. ეს არის აზერბაიჯანულ-ქართული მხარის მიერ განხორციელებული პროექტი და აქაც საქართველოს რკინიგზა იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფრასტრუქტურა გვაკავშირებს პირდაპირ თურქეთთან და ზრდის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობას. აღნიშნული პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებითი ტვირთნაკადები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.