მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში - თამარ იოსელიანი
საერთაშორისო ციფრული დაკავშირებადობა და ციფრული ჰაბის განვითარების პერსპექტივები, ხელოვნული ინტელექტი და საქართველოს ინოვაციური მოდერნიზაცია, ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ქსელის განვითარება და ინტერნეტ ხელმისაწვდომობა, - ეს არის მცირე ჩამონათვალი საკითხებისა, რომელიც საჯარო, კერძო და ტექნიკური საზოგადოების წარმომადგენლებმა ინტერნეტ-მმართველობის ფორუმზე (GeoIGF) განიხილეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა ციფრული ეკონომიკის და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის განვითარება. „ბოლო წლებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა და პროგრამებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ქვეყნის ციფრული სფეროს განვითარების კუთხით, რათა საქართველო ფეხდაფეხ მიჰყვეს ამ სფეროში მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. სტრატეგია, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, თავსებადია ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებთან," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის შეფასებით, GeoIGF ის პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს განსხვავებულ ხედვებსა და გამოცდილებებს და ქმნის სივრცეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიც არის ციფრული ინფრასტრუქტურა და ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, ციფრული ინკლუზია, კიბერუსაფრთხოება, მონაცემთა დაცვა, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საქართველო ჩამოყალიბდეს როგორც ციფრული ჰაბი და შესაბამისად, თავისი როლი ითამაშოს ციფრული დერეფნის კონტექსტში," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
ფორუმი 20 წელია, რაც გაეროს ეგიდით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში ფორუმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კომუნიკაციების კომისიისა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.
სხვა სიახლეები
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის - ნათია თურნავა
14.04.2026.13:53
საგაზაფხულო შეხვედრები უნიკალური პლატფორმაა საქართველოს ეკონომიკური სიძლიერის წარმოჩენისა და გლობალურ გამოწვევებზე ერთობლივი რეაგირებისთვის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრების დაწყების წინ განაცხადა.
ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველო მომზადებულია ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის, რადგან ქვეყანა დღეს ძლიერი ეკონომიკური პოზიციებით ხვდება გლობალურ შოკებს და საჭიროებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობას რისკების მინიმიზაციისთვის.
,,ეს შეხვედრები იმ დროს იმართება, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა - გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რომელიც გავლენას ახდენს გლობალურ ეკონომიკაზე და, სავარაუდოდ, ნაწილობრივ საქართველოს ეკონომიკაზეც. კარგია, რომ ჩვენ მომზადებულები ვხვდებით ამ შოკს, რადგან გვაქვს ისტორიულად მაქსიმალური საერთაშორისო სავალუტო რეზერვები , ძლიერი ფისკალური მდგომარეობა და მყარი ეკონომიკური ზრდა”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, დელეგაცია შეხვედრებს ინვესტორებთანაც გამართავს, რათა საქართველოს მიმართ არსებული მაღალი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდოს.
„ვისარგებლებთ შემთხვევით და გავმართავთ ე.წ road show-ს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად. შევხვდებით გლობალურ ინვესტორებსა და დიდ ფონდებს საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო გავზარდოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ტრადიციული საგაზაფხულო შეხვედრები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები.