მივესალმებით ფრანგული მსხვილი ბიზნესის საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორით მეტ დაინტერესებას - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF - ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. მასში 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნესჯგუფი და კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
მინისტრმა საფრანგეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები და მსხვილი პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, პორტები, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო მიესალმება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ფრანგული ინვესტიციის განხორციელებას. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე გააკეთა, კერძოდ, ამ მიზნით მიმდინარე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სავაგონე შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლება. ასევე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაზიანში.
მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც დარგის კომპლექსურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
დასასრულს, მინისტრმა საფრანგეთის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსხვილი ფრანგული კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოში სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის მოდერნიზებით და აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან, აგრეთვე განახორციელებენ ინვესტიციებს ეკონომიკის სხვა სექტორებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა.
სხვა სიახლეები
ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება, და ამას ჩვენ აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი – GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი
23.02.2026.19:00
საქართველო ენერგეტიკულად მდგრადობას მიზნად ისახავს მზისა და ქარის ენერგიის აქტიურ განვითარებას და ჰიდროენერგეტიკის მაქსიმალურად ათვისებას. ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. მისივე განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში ინვესტორების დაინტერესება მაღალია, მათ შორის თურქეთის, აზერბაიჯანის, არაბული სამყაროსა და ევროპული კომპანიების მხრიდან.
„რეალურად საქართველო ენერგეტიკული თვალსაზრისით, ენერგორესურსების მხრივ არის იღბლიანი ქვეყანა. მზის ენერგიის მიმართულებით ათვისებული არის დაახლოებით 2%, ქარის მიმართულებით ნელ-ნელა უკვე ვუახლოვდებით 3%-ს, იმიტომ რომ ახალი პროექტებია, რაც შეეხება ჰიდროენერგეტიკას რეალურად 20-დან 25%-მდე არის ათვისების. დიდი რესურსი გააჩნია ქვეყანას იმისათვის, რომ იყოს ენერგეტიკულად დამოუკიდებელი და არა იმპორტიორი, არამედ ექსპორტიორი.
ვინაიდან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის შესაძლებლობა, რომელიც ქვეყანაში 2032 წელს მიეცემა, აუცილებელია ვიყოთ იმდენად მდგრადები, რათა ჩვენი ელექტროენერგია უკვე ევროპულ ბაზარზე გავიტანოთ, სადაც ფასი არის დაახლოებით ხუთჯერ უფრო მეტი და ეკონომიკური თვალსაზრისით დოვლათის მომტანია.
რეალურად თქვენ რომ დამისვით კითხვა გვაქვს თუ არა პოტენციალი - გვაქვს პოტენციალი. არსებობენ თუ არა ინვესტორები რომლებსაც აქვთ სურვილი იმისა, რომ მოახდინონ ამ ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელება - დიახ არსებობენ. ეს არის თურქული ინვესტიცია, ეს გახლავთ აზერბაიჯანული ინვესტიცია, ეს გახლავთ გაერთიანებული არაბული სამყაროსგან წამოსული ინვესტიცია, მათ შორის ევროპულიც. რეალურად დაინტერესება ამ ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია იმიტომ, რომ ისინი ხედავენ რამდენად დიდი პოტენციალია. ამასთანავე, ბოლო თვეების განმავლობაში ენერგეტიკის სექტორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად მსოფლიოსთვის, რადგან ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად ელექტროენერგიის მოხმარებაც იზრდება და ამას ჩვენ აუცილებლად უნდა ავუწყოთ ფეხი“, - აცხადებს მაია მელიქიძე.