მივედით იმ რეალობამდე, რომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად - ცვლილებები შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს მოსახელობისთვის l ილია ინჯია საცალო ქსელების წარმომადგენლებს
ევროკავშირის რეკომენდაციები ახსენეთ, ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე მორგებული, ეს ბევრი მიმართულებით დავინახეთ. ეს ცოტა ღრმა თემაა და ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფს „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ილია ინჯიამ.
როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფოს სასურსათო სფერო დაურეგულირებელი დარჩა, რამაც წარმოშვა არსებული პრობლემები და გამოწვევები. შესაბამისად, ინჯიას თქმით, სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოსახლეობისთვის მისაღები იქნება.
"ფაქტია, რომ ეს სფერო სახელმწიფოს დარჩა დაურეგულირებელი. ამან მიგვიყვანა ყველა იმ პრობლემამდე და გამოწვევამდე, რომელიც კომისიის მუშაობის პერიოდში ჩვენ მოვისმინეთ. დღეს კიდევ ერთხელ, ხაზი გაესვა ყველა იმ მიმართულებას, ეს იქნება ლოგისტიკური მიმართულება, მონოპოლიური და ექსკლუზიური ხელშეკრულებები ამა თუ იმ მწარმოებლის, ქსელის ხელშეკრულების პირობები, რომლებიც არეგულირებს მწარმოებელთანაც და დისტრიბუტორთანაც ურთიერთობებს. ფაქტია, რომ სახელმწიფოს მოუწევს ამაში ჩარევა და ვფიქრობ, თქვენი ყველა კომენტარი ამას კიდევ ერთხელ აზუსტებს, რომ მივედით იმ რეალობამდე, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს რაღაც მიმართულებების დასარეგულირებლად. რა თქმა უნდა, ეს ცვლილებებს გამოიწვევს და შეიძლება ყველასთვის ერთნაირად მისაღები არ იყოს, მაგრამ, ჩვენი ამოცანაა, ეს მისაღები იყოს ჩვენი მოსახელობისთვის - ხალხისთვის, ვისთვისაც ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ. ამ დროის განმავლობაში, ამ სფეროს თავისუფლებამ წარმოქმნა ის პრობლემები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ," - განაცხადა ილია ინჯიამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც გაუჩნდეს საშუალება, ქსელში განთავსებული თავიანთი პროდუქტი აკონტროლონ.
"ბაზრის მნიშვნელოვანი წილი თქვენ გიკავიათ და აღმოჩნდა, რაღაც მიმართულებები, სადაც, ძალაუფლების კუთხით, ზოგი მწარმოებელი, ზოგი დისტრიბუტორი, ზოგი ქსელის პატრონი, იყენებს თავის კოზირებს, რომ შედეგი მეტი ჰქონდეს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის, რომ დისტრიბუტორსაც და მწარმოებელსაც, არ აქვს საშუალება, ჩაიხედოს ქსელში, მისი პროდუქტის გაყიდვის სიჩქარის, ნაშთი რამდენი რჩება და ა.შ. არ მგონია, პრობლემური იყოს ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მოფიქრება, რომ მათაც ჰქონდეთ თავიანთი პროდუქციის კონტროლის მექანიზმები. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას და ერთ რამეზე მინდა შევთანხმდეთ ყველა ერთად, რომ ეს ის სფეროა, რომელშიც სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა და მოუწევს, ეს ჩარევა იყოს ჩვენი მოსახლოების და საზოგადოების საკეთილდღეოდ," - განაცხადა ინჯიამ.
სხვა სიახლეები
იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს - რა წერიაTBC Capital-ის კვლევაში
16.03.2026.17:52
საქართველოს საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავლენა დამოკიდებულია საომარი მოქმედებების ხანგრძლივობასა და მასშტაბზე. აღნიშნულია თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში.
თიბისი კაპიტალის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი მოკლევადიან პერიოდში დასრულდება, შესაძლოა, 2026 წელი უძრავი ქონების ბაზრისთვის უფრო პოზიტიური აღმოჩნდეს, ვიდრე ეს კონფლიქტამდე არსებულ საბაზისო სცენარში იყო გათვალისწინებული. ეს ძირითადად ახლო აღმოსავლეთიდან პოტენციური მიგრაციით შეიძლება იყოს გამოწვეული, რაც დადებითად იმოქმედებს უძრავი ქონების მოთხოვნაზე, როგორც გაქირავების, ისე გაყიდვების კუთხით.
„იმ შემთხვევაში თუ კონფლიქტი გახანგრძლივდება და რეგიონში რისკები გაიზრდება, კონფლიქტის გავლენა საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის შესაძლოა უარყოფითი აღმოჩნდეს. ხანგრძლივ პერიოდში გაურკვევლობა მომხმარებლის მოლოდინებზე უარყოფითად მოქმედებს, რაც ზეწოლას მოახდენს როგორც ბინების გაყიდვებზე, ისე ფასების ზრდის ტემპზე. შედარებით ნეგატიურ სცენარში, ეს შესაძლოა ტრანზაქციების მოცულობისა და ბინების გასაყიდი ფასების შემცირებაშიც აისახოს“, - აღნიშნავენ თიბისი კაპიტალში.