მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 13,435.02 ათასი დოლარის ღირებულების 20,310,015.90 ლიტრი მინერალური და მტკნარი წყლები გაიტანა. 2024 წლის იანვრის სტატისტიკით კი ექსპორტი 14,502,592.62 ლიტრი იყო. შესაბამისად ზრდა 40%-ია.
საქართველოდან მინერალური და მტკნარი წყლების ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, რომელზეც წყლების ექსპორტის 61%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე დიდი რაოდენობით მინერალური და მტკნარი წყლები გაყიდა:
რუსეთი - 12,435,671.50 ლიტრი,
ყაზახეთი - 2,455,075.92 ლიტრი,
უკრაინა - 2,079,386.04 ლიტრი,
ლიეტუვა - 775,407.24 ლიტრი,
უზბეკეთი - 741,571.92 ლიტრი.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ ექსპორტზე 163,782.30 ათასი დოლარის ღირებულების 254,207,940.36 მინერალური წყლები გაიტანა.
სხვა სიახლეები
მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა
11.12.2025.14:35
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.
ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.