მიმდინარე ანგარიშის ტრენდის მკაფიო გარდატეხა, დეფიციტიდან პროფიციტისკენ, ძლიერ და პოზიტიურ სიგნალს უგზავნის როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს - სოსო არჩვაძე
იმ დროს, როდესაც საზოგადოებრივი ყურადღება ერთდროულად არის გაყოფილი, ერთი მხრივ, ომისა და მშვიდობის გლობალურ საკითხებსა და, მეორე მხრივ, წინასაახალწლო მზადების ყოველდღიურ აურზაურს შორის, საქართველოს ეკონომიკურ და საფინანსო სივრცეში მართლაც ღირშესანიშნავი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა დაფიქსირდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი სოსო არჩვაძე წერს.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე — მშპ-ის მხოლოდ 2.1 პროცენტზე ჩამოვიდა, ხოლო მესამე კვარტალში ბალანსი პროფიციტულია და 338.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, მისი მშპ-თან თანაფარდობა კი 3.3 პროცენტს გაუტოლდა.
„ერთი შეხედვით მშრალი სტატისტიკური მონაცემების მიღმა იკვეთება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, ინსტიტუციური გამძლეობისა და გრძელვადიანი პროგრესის რეალური და ხელშესახები ტენდენცია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება, და მით უმეტეს პროფიციტის მიღწევა, ქვეყნისთვის ნიშნავს გარე ფინანსურ წყაროებზე დამოკიდებულების მკვეთრ შემცირებას — საქართველო სულ უფრო მეტად ეყრდნობა საკუთარ ეკონომიკურ პოტენციალს და ნაკლებად უცხოურ კაპიტალსა და სესხებს. ნიშანდობლივია, რომ კოვიდპანდემიის პერიოდთან შედარებით, არასრული ხუთი წლის განმავლობაში მთავრობის ვალის თანაფარდობა მშპ-სთან თითქმის 27 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
აღნიშნული პროცესები პირდაპირ კავშირშია მაკროეკონომიკური სტაბილურობის განმტკიცებასთან, საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირებასთან და ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებასთან. ის ფაქტი, რომ ბოლო სამი თვიდან ორი თვე რეკორდულად მაღალი ექსპორტით გამოირჩეოდა, სრულად ეწერება ამ საერთო სურათში. ამასთან, ექსპორტის ზრდა განხორციელდა არა მხოლოდ ტრადიციული, ნივთობრივი მიმართულებით, არამედ მომსახურების სფეროშიც — მხოლოდ კომპიუტერული და საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) მომსახურების ექსპორტის ზრდის ტემპმა 88.5 პროცენტი შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის ტრენდის მკაფიო გარდატეხა — დეფიციტიდან პროფიციტისკენ — ძლიერ და პოზიტიურ სიგნალს უგზავნის როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს. ის გარემოება, რომ სწორედ მესამე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები პრაქტიკულად გაორმაგდა, ამ ნდობის თვალსაჩინო დასტურია.
საფინანსო სექტორისთვის ეს პოზიტიური დინამიკა ნიშნავს ფინანსური რისკების შემცირებას, საბანკო სისტემის მდგრადობის ზრდას, მოკლევადიან კაპიტალზე დამოკიდებულების კლებას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სესხების ღირებულების შემცირებას როგორც სახელმწიფოსთვის, ისე კერძო სექტორისთვის.
ამავე დროს, მცირდება უცხოურ ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა, შესაბამისად — ეროვნული ვალუტის დევალვაციისა და იმპორტირებული ინფლაციის რისკებიც.
მიმდინარე ანგარიშის მშპ-სთან ისტორიულად დაბალი თანაფარდობის მაჩვენებელი, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მიღწეულ შედეგებთან და საერთაშორისო ეკონომიკური, ფინანსური და სარეიტინგო ინსტიტუტების შეფასებებთან ერთად, ქმნის იმ ობიექტურ და სანდო სურათს, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადი განვითარების პოზიტიურ ვექტორს, მის დინამიზმსა და მზარდ პოტენციალს“, წერს სოსო არჩვაძე.
სხვა სიახლეები
„ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით მსოფლიო ბანკის მაღალი შეფასება ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა - ვახტანგ ცინცაძე
30.12.2025.17:58
„მსოფლიო ბანკის „ბიზნესისთვის მზაობის" რეიტინგის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და მსოფლიოს 101 ქვეყანას შორის მე-4 ადგილს იკავებს. ასეთი მაღალი შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო გარემო გლობალური მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
აღსანიშნავია, რომ „ბიზნესისთვის მზაობის" (B-READY 2025) მსოფლიო რეიტინგში საქართველო მე-4 პოზიციას კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად იკავებს და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ესპანეთი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგის მიზანია, შეაფასოს ქვეყანაში ბიზნესგარემოს ეფექტიანობა, ასევე ის, თუ რამდენადაა ორიენტირებული ბიზნეს და მარეგულირებელი გარემო ქვეყანაში ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერაზე.
აღნიშნული „B-READY" რეიტინგით ჩანაცვლდა მსოფლიო ბანკის „Doing Business"-ის რეიტინგი, რომელშიც საქართველო მე-7 პოზიციას იკავებდა. საყურადღებოა, რომ საქართველომ „B-READY"-ში გადაუსწრო ჰონკონგსა და ახალ ზელანდიას, რომლებიც „Doing Business"-ის რეიტინგში უსწრებდნენ საქართველოს. B-READY-ის ინდიკატორები აერთიანებს კომპანიის სასიცოცხლო ციკლის სამივე ეტაპს: ბიზნესის დაწყება, ბიზნესის ოპერირება/გაფართოება და ბიზნესის დახურვა. რეიტინგი თითოეულ ინდიკატორს 3 მიმართულებით აფასებს. ეს მიმართულებებია - „ოპერაციული ეფექტიანობა", „მარეგულირებელი ჩარჩო" და „საჯარო სერვისები". ანგარიშის თანახმად, „ოპერაციულ ეფექტიანობაში" საქართველო მსოფლიო რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა სინგაპურის შემდეგ.
„საქართველოს მთავარი ამოცანაა, რომ გააგრძელოს ბიზნესგარემოს კიდევ უფრო გაუმჯობესება იმ ახალი ინიციატივებით, რომელთაც მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.