მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას 1 წლის თავზე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს - ირაკლი გაბრიაძე
ირაკლი გაბრიაძე: „მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას 1 წლის თავზე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს“
„მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხოლოდ 1 წლის წინ აამოქმედა, დღეს უკვე 1300-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს, დამტკიცებული სესხების ჯამური მოცულობა კი 62 მლნ ლარს აღწევს. პროგრამის წარმატება იმასაც განაპირობა, რომ მაქსიმალურად მორგებულია მიზნობრივი სეგმენტის შესაძლებლობებზე და აერთიანებს არაერთ კომპონენტს, რითაც სააგენტო მეწარმეებს ბიზნეს პროცესების უკეთ მართვაში ეხმარება,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძემ.
პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ სესხის პროცენტის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება სააგენტოს პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებში, სესხის აღების პროცესში 80%-იანი გარანტია და წვდომა საკონსულტაციო სერვისებზე 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით.
„პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისი შემოსავალიც არ აღემატება 500,000 ლარს. სესხის ოდენობა განისაზღვრება 20,000-დან 50,000 ლარამდე. პროგრამაში ჩასართავად, მეწარმეები უნდა ეწვიონ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრებს, ან მოგვმართონ ნომერზე 15-25. რეგისტრაციისა და ბიზნეს დიაგნოსტიკის გავლის შემდეგ, დავადგენთ მათ საჭიროებებს და ადგილზე დავეხმარებით მათთვის საჭირო და რელევანტური მომსახურების მიღებაში. პროგრამის დახმარებით მეწარმეები ხვეწენ ბიზნეს იდეას, რაც შემდგომში ფინანსური რესურსის მოზიდვაში ეხმარება. აქვე ყურადღებას გავამახვილებ ერთ მნიშვნელოვან მონაცემზე - სააგენტოს მიერ ფინანსურ ინსტიტუტებში გადაგზავნილი განაცხადების 70 % წარმატებით დასტურდება“, - აღნიშნა ირაკლი გაბრიაძემ.
აღსანიშმავია, რომ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამა სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრების მომსახურების პაკეტის ახალი ფინანსური მექანიზმია. იგი ეხმარება ნებისმიერ მსურველს განავითაროს უკვე არსებული ბიზნესი, ან დაიწყოს ახალი საქმიანობა.
სესხის პროცენტის სრულ დაფინანსებას იღებენ:
• დამწყები მეწარმეები (შემოსავალი არ აღემატება 30 000 ლარს, ან/და ბიზნესის დარეგისტრირებიდან გასულია 1 წელზე ნაკლები დრო);
• ქალი მეწარმეები;
• მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მეწარმეები
პროგრამის ყველა სხვა მონაწილეს სესხის აღება შეუძლია ნაწილობრივი დაფინანსებით, შეღავათიანი პირობებით 8.5 %-ში.
„აწარმოე საქართველოში“ საკონსულტაციო ცენტრები მდებარეობს საქართველოს 6 ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე). ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, საკონსულტაციო ცენტრები 2025 წლის წლის ბოლომდე გაიხსნება ოზურგეთსა და გორში, ხოლო მომავალ წელს ამბროლაურსა და რუსთავში.
სხვა სიახლეები
2027 წლის 1 ივლისი არის ის საბოლოო თარიღი, როდესაც ბირჟა უნდა გაიხსნას და დროა, კერძო და სახელმწიფო სექტორი თამაშის წესებზე შევთანხმდეთ - მაია მელიქიძე
12.03.2026.19:20
საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორის, მაია მელიქიძის განცხადებით, ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კომუნიკაცია მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების ღიად განხილვას უწყობს ხელს.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მაია მელიქიძემ აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ესკო და სხვა დაინტერესებული მხარეები აქტიურად ერთვებიან შეხვედრებში, სადაც ენერგეტიკის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. მელიქიძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მორიგი შეხვედრაც, სადაც მთავარი განხილვის თემა ელექტროენერგიის ბირჟა იქნება. ბირჟის ამოქმედება 2027 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი და სექტორისთვის გამჭვირვალე წესებისა და მეტი ინვესტორის მოზიდვის მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა გახდეს.
„ფაქტია, რომ ენერგეტიკა წლების განმავლობაში უძრაობის ხანაში იყო და სამწუხაროდ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული ბაზარი, რომელსაც სექტორის წარმომადგენლები სპეკულაციურს უწოდებდნენ. დღეს უკვე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კომუნიკაცია სახელმწიფო სტრუქტურებთან მნიშვნელოვნად გამარტივდა, რაც არის მთავარი პოლიტიკის შემქმნელის დამსახურება, რადგან ეს პროცესი ჩვენ წინა წლის თებერვალში დავიწყეთ. ძალიან კარგად მახსოვს GREDA-ს ბორდის შეხვედრა ქალბატონ მარიამ ქვრივიშვილთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, როდესაც პირდაპირ განვიხილეთ სექტორში არსებული პრობლემები, გამოწვევები და სირთულეები. ამას მოჰყვა შემხვედრი ნაბიჯები, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგით დასრულდა - სექტორის წარმომადგენლები პრობლემებზე ღიად ესაუბრებოდნენ, ყოველგვარი დაფარვისა და ოფიციალური კომუნიკაციის გარეშე.
საბოლოოდ, უკვე ორჯერ გაიმართა მაღალი რანგის შეხვედრები, სადაც არა მხოლოდ სამინისტრო იყო წარმოდგენილი, არამედ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რომელიც გადამცემ ქსელზე დიდი დატვირთვით მუშაობს, ესკო, როგორც ბაზრის კომერციული ოპერატორი, და GDF, სახელმწიფო ფონდი, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით ახორციელებს პროექტებს. ყველა დაინტერესებული მხარე აქტიურად ესწრებოდა პროცესს, მათ შორის კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მინდა დავაანონსო, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია მესამე შეხვედრა, სადაც მთავარ თემას, ელექტროენერგიის ბირჟას, განვიხილავთ. ბირჟის გახსნა ექვსჯერ გადაიდო, საბოლოო თარიღად კი 2027 წლის 1 ივლისი არის განსაზღვრული. მნიშვნელოვანია, რომ კერძო და სახელმწიფო სექტორი შეთანხმდნენ თამაშის წესებზე. ამ პროცესში საჭიროა კვალიფიციური ინვესტორების ჩართულობა, რათა საბოლოოდ მივიღოთ რაც შეიძლება მეტი სწორად მოაზროვნე ინვესტორი და გაზრდილი გენერაციის ობიექტების რაოდენობა“, - აღნიშნა მაია მელიქიძემ.