თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი რეგიონული ჰაბია - მიხეილ ხიდურელი
ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით საქართველომ ჰაბის ფუნქციის შესრულება უკვე დაიწყო. ქვეყანაში BPO სექტორი წლიდან წლამდე ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შეაქვს. სწორედ სააგენტოს დამსახურებაა ის, რომ საქართველოში უკვე ოპერირებენ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს TOP-5-ში შემავალი კომპანიები.
რა განვითარების ეტაპები გაიარა საქართველოში BPO სექტორმა და რა არის მასში „აწარმოე საქართველოში“-ს კონტრიბუცია, დეტალებზე Business Insider Georgia სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორს მიხეილ ხიდურელს ესაუბრა.
- განვითარების რა გზა გაიარა საქართველოში BPO ინდუსტრიამ, სად ვართ დღეს და როგორია ამ პროცესებში სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ჩართულობა?
- BPO სექტორის განვითარება საქართველოში დაახლოებით ათი წლის წინ გადავიდა ახალ ეტაპზე. ეს პროცესი მცირე მოცულობის პროექტებით დაიწყო, დღეს კი თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა. სააგენტოს რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად, საქართველოში უკვე ოპერირებენ BPO ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიები, როგორიცაა TP და Concentrix. ისინი საქართველოში ათასობით ადამიანს ასაქმებენ.
„აწარმოე საქართველოში“ აქტიურად ახორციელებს სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას. სააგენტოს ორგანიზებით მომზადდა არაერთი სექტორული კვლევა და საინვესტიციო ანალიტიკური ანგარიში, ქვეყანაში შედგა BPO სექტორის ლიდერების ვიზიტები, საქართველო წარდგენილი იყო 30-ზე მეტ საერთაშორისო ფორუმზე, სადაც გლობალურმა მოთამაშეებმა გაიცნეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. ასევე, ამოქმედდა FDI გრანტის პროგრამა, რომელიც დამატებით წამახალისებელი მექანიზმია საერთაშორისო ინვესტორებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია.
- რა იყო ის ფაქტორები, რამაც საქართველოთი ბიზნეს სერვისებისა და პროცესების დისტანციურად მიწოდების ინდუსტრიის მსოფლიოს ტოპ ხუთეულში შემავალი კომპანიების დაინტერესება განაპირობა?
- ინვესტორებისთვის საინტერესოა ახალგაზრდა და მრავალი უცხო ენის მცოდნე სამუშაო ძალა, კონკურენტული საოპერაციო ხარჯები, სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც საქართველო სთავაზობს. ამას გარდა, ჩვენი ქვეყანა აერთიანებს რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას: კონკურენტულ შრომით ბაზარს, განვითარებულ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასა და ბიზნესისთვის მოქნილ რეგულაციებს. ამასთან ერთად, სააგენტო ინვესტორებს ეხმარება რეგისტრაციის, ოფისების მოძიების, HR და იურიდიული სერვისების ორგანიზების საკითხებში, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და ეფექტურს ხდის. შედეგად, არაერთმა წამყვანმა გლობალურმა კომპანიამ შეაჩერა არჩევანი საქართველოზე, როგორც, რეგიონულ ჰაბზე.
- რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის BPO ინდუსტრიის განვითარებას?
- BPO ინდუსტრია ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მექანიზმად გვევლინება სამუშაო ადგილების სწრაფად შექმნის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სექტორი დინამიურად ვითარდება და ქმნის საშუალოზე მაღალანაზღაურებად პოზიციებს - დაწყებული მომხმარებელთა მომსახურებიდან, დამთავრებული ფინანსური, HR ან IT პროცესების აუთსორსინგით. შედეგად, ჩნდება ფართო შესაძლებლობები შრომის ბაზარზე.
ამასთან, BPO სექტორი ეხმარება ქვეყანას ექსპორტის დივერსიფიკაციაში, რადგან მის მიერ მიღებული შემოსავლების უმრავლესობა უცხოური კომპანიებიდან მოდის. ასევე, ასეთი გლობალური კომპანიების შემოსვლა საქართველოში, მათი ბიზნეს კულტურისა და ცოდნის გაზიარებას გულისხმობს ადგილობრივი ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ქმნის საერთაშორისო კომპანიებში მუშაობის გამოცდილებას. სექტორი ასევე ემსახურება რეგიონული ცენტრების განვითარებას. დღეს სულ უფრო მეტი პროექტი ხორციელდება თბილისს მიღმა — მაგალითად, ქუთაისსა და ბათუმში.
- როგორია სააგენტოს გეგმები ამ მიმართულებით, რათა BPO სექტორი კიდევ უფრო გაიზარდოს და დამატებით ახალი კომპანიები გამოჩნდნენ ბაზარზე? ხომ არ გექნებათ ახალი ინიციატივები?
- სააგენტო "აწარმოე საქართველოში" მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ კამპანიებს საერთაშორისო ბაზრებზე — როგორც პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, ასევე, მსოფლიოს წამყვან გამოფენებსა და კონფერენციებში მონაწილეობით. განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ კომპანიებზე, რომლებიც ეძებენ ოპერაციულ ჰაბებს ევროპის სიახლოვეს, თუმცა ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებით. საქართველო ამ კუთხითაც უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს ინვესტორებს.
სხვა სიახლეები
Walnuts.ge ფართოვდება - კომპანია სექტემბერში ახალ საწარმოს გახსნის, რომელიც ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში კაკლის ყველაზე დიდი გადამამუშავებელი ქარხანა იქნება
20.01.2026.10:00
2025 წელი Walnuts.ge-სთვის მნიშვნელოვანი იყო როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლებით. კომპანიის კაკლის ბაღები თანდათანობით აღწევს სრულ მსხმოიარობას, ხოლო 2026 წელს გეგმავენ გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ეფექტურობის გაზრდას.
კომპანიის გენერალური მენეჯერი გიო ქადარია განმარტავს, რომ შემოდგომაზე კომპანია ახალ საწარმოს გახსნის, რომელიც ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში ყველაზე დიდი კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა იქნება.
უფრო მეტს Walnuts.ge-ს საქმიანობასა და გეგმებზე გიო ქადარია Business Insider Georgia-სთან საუბრობს.
- Walnuts.ge-მ კაკლის ბაღების გაშენება 2017 წლიდან დაიწყო. დღეისათვის ბაღები თუ არის შესული სრულ მსხმოიარობაში და ზოგადად, როგორ შეაფასებდით 2025 წლის მოსავალს რაოდენობრივი და ხარისხობრივი თვალსაზრისით?
- ჩვენი კაკლის ბაღები მართლაც 2017 წლიდან, თუმცა თანდათანობით გაშენდა. შესაბამისად, ხეების გარკვეული ნაწილი სრულ მსხმოიარობაში 2026 წელს შევა, ხოლო დანარჩენები 2028 წლიდან.
2025 წლის სრულმა მოსავალმა უოლნათს.ჯი (Walnuts.ge) ხეების ორივე ასაკობრივ ჯგუფზე ჯამში 430 ტონა კაკალი შეადგინა. აქედან წილობრივად 40 ტ ჰოვარდის, ხოლო 290 ტონა ჩენდლერის ჯიშის კაკალზე მოვიდა.
- გეგმავთ თუ არა 2026 წელს ბაღების ფართობის გაზრდას, თუ აქცენტი მხოლოდ არსებული ბაღების მოსავლიანობის პიკში აყვანა იქნება? ზრდის შემთხვევაში, კვლავ კახეთის რეგიონს განიხილავთ?
- 2026 წლისათვის ნარგავების გაზრდა არ იგეგმება, თუმცა ყურადღება ტექნოლოგიების, კაკლის გადამამუშავებელი საწარმოს მასშტაბებისა და მომსახურების წარმადობის გაზრდას დაეთმობა. მომავალში, თუკი კომპანია ბაღების გაშენებას კვლავაც გადაწყვეტს, აუცილებლად კახეთის მიწების ერთგული დარჩება.
- დაიტვირთა თუ არა თქვენი საწარმოო ხაზი (გაშრობა, გატეხა, დახარისხება) სრულად 2025 წელს?
- ჩვენი გადამამუშავებელი ქარხანა 2025 წელს მხოლოდ 30%-ით დაიტვირთა. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი - ბაღები არ არის სრულ მოსავლიანობაში შესული, და მეორე - საწარმო მაღალ დღიურ 100 ტონა (მშრალი წონა) წარმადობაზეა გათვლილი, ხოლო ჩვენი კაკლის ბაღების სრულმა მოსავალმა წელს მხოლოდ 430 ტონა შეადგინა.
ბუნებრივია, მაღალი ტექნოლოგიების დანერგვამ ძლიერი გავლენა მოახდინა გადამუშავების ხარისხსა და ხარჯების კონტროლის მხრივ. ერთი მხრივ, შემცირდა ბაღების მოვლის, მოსავლის აღებისა და მისი გადამუშავების დრო; მეორეს მხრივ, გაიზარდა ზედამხედველობის, ხარისხის დაცვისა და მართვის დონე.
- ის ფაქტი, რომ კომპანიას გააჩნია საკუთარი გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურა, როგორ აისახება პროდუქტის საბოლოო ღირებულებაზე და რამდენად შემცირდა დანაკარგები ტექნოლოგიური ციკლის ოპტიმიზაციით?
- მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია მეოთხე წელია უნაშთო წარმოების წრედის შეკვრითაა დაკავებული, რაც ჟანგბადივით საჭიროა და მნიშვნელოვანი სასარგებლო დანამატია, როგორც ნარჩენების შემცირება გადამუშავების პროცესში, ისე ნიადაგის, მცენარისა და ნაყოფის გაჯანსაღებაში. კომპოსტის წარმოებამ და ბაღში შეტანამ (გნებავთ, ეკო-ბიო კომპოსტი უწოდეთ) უპირველეს ყოვლისა გაანებივრა მცენარე, რადგან მის ფესვებში შეიქმნა მუდმივად ხელმისაწვდომი საჭირო საკვები მინერალების ბადე, ნიადაგისთვის გაიზარდა ნეშომპალა-ჰუმუსის ფენა, მართვაში კი შემცირდა ტენის აუთქლების პროცენტი, რაც კახეთის გვალვურ თვეებში მნიშვნელოვნად ამცირებს რწყვის რაოდენობას და ქმნის დამატებით ეკონომიას. ამასთან ერთად, შექმნა მთავარი ღირებულება - 80%-ით შეამცირა სინთეტიკური სასუქების გამოყენება, რაც უოლნათს.ჯი-ს კაკალს ყველაზე სუფთა და ჯანსაღ ნაწარმად აქცევს ქართულ ბაზარზე
- 2025 წლის ჭრილში, რა გავლენა მოახდინა ბიოდინამიკურმა მეურნეობამ და საკუთარი სასუქის (Ecocompost) გამოყენებამ პროდუქციის თვითღირებულებასა და ნიადაგის მდგრადობაზე?
- უნდა ვაღიაროთ, რომ 2024-25 წლებში ჩვენ მიერ დაფასოებული, სერთიფიცირებულმა, კოხტად შეფუთულმა და მიწოდებულმა კაკალმა მოლოდინს გადააჭარბა, და არა მხოლოდ საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე გამოჩენისთანავე მოაწყდა მოთხოვნათა ტალღა, რომელიც ჩვენც სიხარულით დავაკმაყოფილეთ. გვახარებს ის ფაქტი, რომ ქართველი შემსყიდველი, საბითუმო თუ საცალო მომხმარებელი უკვე ითხოვს ხარისხს და მასზე გარანტიებს, რაც შეფუთვაში მიწოდებული კაკლის გაყიდვების ტემპით დასტურდება, რასაც ამყარებს განმეორებითად - პირველი შესყიდვის შემდეგ ისევ ხელმეორედ და მრავალჯერად შესყიდული ნედლეული.
სწორედ ამან გაზარდა სანდოობაც, რადგან ყიდვიდან ყიდვამდე არაერთხელ გადამოწმდა ჩვენი კომპანიის მხრიდან კეთილსინდისიერი მიდგომა, ხარისხისადმი ერთგულება. ამას ეხმარება ისიც, რომ მომხმარებლებს სოციალური ქსელების მეშვეობით შეუძლიათ თვალი ადევნონ კაკლის ბაღების მოვლასა და გადამუშავებას მთელი წლის მანძილზე. რადგან ეს ორივე ციკლი ერთ კომპანიას ეკუთვნის და ყველაფერს გამჭვირვალედ ხედავს დაინტერესებული პირი, ნდობა კიდევ უფრო მყარდება.
- 2025 წელს რომელ საერთაშორისო ბაზრებზე მოახდინეთ აქცენტი? არის თუ არა ევროკავშირის ქვეყნები ან სპარსეთის ყურის რეგიონი თქვენი ძირითადი სამიზნე 2026 წლისთვის?
- გასულ წელს ძირითადად ქართული ბაზრის დაკმაყოფილებაზე იყო აქცენტი, რადგან ჩვენი კომპანიის პირველადი ამოცანაა შექმნას „ხარისხიანი და ქართული - ქართველებისთვის“, ხოლო ექსპორტი სხვა ქვეყნებში ჩვენი ნაწარმით შესვლა უფრო ქართული კაკლის პოპულარიზაციისა და სამომავლო გეგმებისთვის მოიაზრება. 2025 წელი ამ მხრივ ევროკავშირის ორ ქვეყანასთან თანამშრომლობით შემოიფარგლა - იტალია და გერმანია. აქედან, იტალიაში ყველაზე მსხვილ კომპანიასთანაც ვითანამშრომლეთ, და მათგან მოთხოვნა არ შეწყვეტილა; პირიქით, ძალიან დიდი დაინტერესებაა ხანგრძლივი და მაღალ რაოდენობებზე თანამშრომლობის ჭრილში.
სპარსეთის ყურეში ჯერჯერობით არ შევსულვართ, თუმცა „აწარმოე საქართველო“ და „TRADE WITH GEORGIA“-ს დახმარებითა და მათი დიდი ძალისხმევით მეწარმეებსა თუ ფერმერებს ეძლევათ საშუალება უსასყიდლოდ ან დიდი ფინანსური შეღავათით მოვხვდეთ მსოფლიოს უმსხვილეს საექსპორტო გამოფენებზე. სწორედ ასეთია 2026 წლის იანვრის ბოლოს დუბაიში გასამართი GULFOOD DUBAI გამოფენა, სადაც მსურველებს 26 იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ ესტუმრონ WALNUTS.GE / უოლნათს.ჯი - ის დახლს (South Hall 4 - Dubai Exhibition Centre at Expo City), სადაც დიდი სიხარულით ვუამბობთ ჩვენი ნაწარმისა და საქართველოს შესახებ.
- თქვენ აქტიურად მუშაობთ პირდაპირ გაყიდვებზე (Walnuts.ge). როგორია მოთხოვნა ბრენდირებულ, დაფასოებულ პროდუქციაზე და რომელ ქალაქებში გიფიქსირდებათ ყველაზე მაღალი გაყიდვები?
- გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს მასშტაბით, რა თქმა უნდა, თბილისია - 65-75%. დანარჩენი რეგიონებსა და ქალაქებში თითქმის თანაბრად ნაწილდება დარჩენილი 25-35%, საიდანაც იმერეთი ყველაზე მეტს მოიხმარს.
- ხომ არ გეგმავთ 2026 წელს კაკლისგან მიღებული სხვა პროდუქტების წარმოებას?
- დიახ, 2026 წელს დიდი გეგმები გვაქვს. უპირველესყოვლისა, დიდ საიდუმლოს წინასწარ გაგანდობთ: 15 სექტემბერს გვექნება ახალი საწარმოს გრანდიოზული გახსნა. ეს იქნება ევროკავშირისა და ამიერკავკასიის სივრცეში ყველაზე დიდი კაკლის გადამამუშავებელი ქარხანა, რომლის საერთო ფართობი 30 000 კვადრატული მეტრია. აქედან 10 000 კვადრატული მეტრი მთლიანად დაეთმობა კაკლის რეცხვა, შრობა, კალიბრაციასა და შეფუთვას.
ამისათვის შევიძინეთ ევროპაში წარმოებული საუკეთესო მანქანა-დანადგარები, რომელსაც კომპანია OBREO INGENIERIA დაამზადებს და თავად დაამონტაჟებს ჩვენს ქარხანაში. ასევე წელს ჩამოვიტანთ მსოფლიოში არსებული კაკლის ტეხვა-გარჩევის საუკეთესო დანადგარებს, რომელსაც ამერიკული მწარმოებელი JESEE EQUIPMENT MANUFACTURING დაამზადებს და დაამონტაჟებს.
ეს ყოველივე კი უოლნათს.ჯი-ს მშრალი ხილის ინდუსტრიის მწარმოებელ-გადამამუშავებელთა ჭრილში მსოფლიო ყურადღების ქვეშ აქცევს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ბაზარზე 2026 წლის ბოლოდან შევძლებთ გატეხილი-გარჩეული კაკლის მიწოდებას. მომხმარებლებს შევთავაზებთ სხვადასხვა წონის შეფუთვებს და ქართული სუპერმარკეტების ქსელში მათ შეძენის შესაძლებლობას. ამ პროცესში გამოიყენება საუკეთესო იტალიური დანადგარები VAI PACKAGING, რომლებიც უახლოეს მომავალში ჩამოვა და წარმოებაში ჩაეშვება.
რაღა თქმა უნდა, ყველაფერი განხორციელდება ეკოლოგიური მიდგომით და ქარხანა მთლიანად მზის პანელებისგან გამომუშავებული ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნება.
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იქმნება საერთო სარგებელი. 2026 წლის ბოლოდან ჩვენი კომპანია მზად იქნება სხვადასხვა ფერმერებსაც მოემსახუროს და მათ მიერ მოყვანილი კაკლის გადამუშავებაში დაეხმაროს. მოგეხსენებათ, არასაკმარისი გადამამუშავებლების გამო, კაკლის მწარმოებლებს ბევრი სირთულის გავლა უწევთ, და ხშირად, დაგვიანებული პროცესების გამო ჯერ ხარისხი უფუჭდებათ, შემდეგ კი გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი მცირდება.
ჩვენგან ხელშეწყობის ჭრილში კაკლის მეწარმეებს ვთავაზობთ გადამუშავებული კაკლის დასაწყობებისა და მათ შორის შესყიდვის ან გაყიდვების დაორგანიზებაში დახმარებას. იმედი გვაქვს, რომ ღვთის ნებით, საქართველოსა და მსოფლიოში მშვიდობა იქნება და ქართველ მეწარმეთა განვითარება და ეკონომიკური წინსვლა უწყვეტად გაგრძელდება, რაც კვლავ ჩვენი თანამემამულეების სარგებელი იქნება.
- თუ არის დათვლილი, დღეისათვის რა მოცულობის ინვესტიცია გაქვთ ჩადებული პროექტის წარმატებაში და როგორია გეგმები ამ მიმართულებით?
- 2017 წლიდან 2026 წლის ბოლომდე განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებში ჯამურად 50 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა.
- როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი, როგორ შეიცვალა თქვენი პოზიციონირება ადგილობრივ ბაზარზე გასულ წელს და რამდენად გაიზარდა ნდობა ქართული კაკლის მიმართ?
- საქართველოში და მის ბაზრებზე კომპანია WALNUTS.GE დღეისათვის უკომპრომისო ლიდერია ხარისხისა და მიწოდების მექანიზმების მიხედვით და 2026 წლის 15 სექტემბერს ქარხნის ოფიციალური და გრანდიოზული გახსნის შემდეგ ეს პოზიცია კიდევ უფრო გამყარდება მას შემდეგ რაც წარმოების რაოდენობა, ნაწარმისა და მომსახურების მრავალფეროვნება გაიზრდება.
აქვე დავძენ, რომ დაინტერესებულმა პირებმა, სუპერმარკეტების ქსელებმა, ფერმერება, კერძო ბრენდებმა, გაყიდვებისა და ექსპორტიორ-დისტრიბუტორებმა და სხვა უკვე უნდა მოგვმართონ, რომ დროულად ჩაინიშნოს მათთვის სასურველი შესყიდვების, მომსახურებებისა თუ სხვა ტიპის თანამშრომლობის დროულად დასაგეგმად.