მესტიის აეროპორტი ,,გემო ფესტის“ მთავარი პარტნიორია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) უკვე ტრადიციულად უერთდება ყველაზე გემრიელ გასტრონომიულ ღონისძიებას - „გემო ფესტს“.
წელს აეროპორტების გაერთიანება ფესტივალში მესტიის აეროპორტით არის წარმოდგენილი, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ღონისძიების მთავარი პარტნიორია და დღეს, 15:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში სტუმრებს სეტის მოედანზე ელოდება.
ფესტივალზე დასწრების გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, მესტიის მიმართულებით აეროპორტების გაერთიანებამ 5 დამატებითი ავიარეისი დანიშნა. დამატებითი ფრენები ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტარის მიმართულებით შესრულდება და რეგულარულ რეისებს დაემატება, რაც სტუმრებისთვის მგზავრობას კიდევ უფრო კომფორტულსა და ხელმისაწვდომს გახდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, გადაწყვეტილება რეგიონში ტურისტული ნაკადების მხარდაჭერას ემსახურება.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უკვე ტრადიციულად მონაწილეობს გემო ფესტში და ამჯერად, მესტიის აეროპორტით, ფესტივალის მთავარი პარტნიორია. ჩვენი მიზანია რეგიონებში ავიამიმოსვლის ხელშეწყობა და მესტიის, როგორც ტურისტული მიმართულების, კიდევ უფრო გაძლიერება. დამატებითი რეისები ხელს შეუწყობს მესტიაში როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ფესტივალზე დასწრებას კიდევ უფრო მარტივსა და ხელმისაწვდომს გახდის,“ განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
21-22 თებერვალს, მესტიის ცენტრში გამართული „გემო ფესტი“ სტუმრებს სვანური კულინარიის გამორჩეულ გემოებსა და ტრადიციებს გააცნობს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მზარეულებისა და მოწვეული შეფების მიერ სვანური სამზარეულოს თანამედროვე ინტერპრეტაციები.
პროექტის მიზანია რეგიონებში გასტრონომიული ტურიზმის ხელშეწყობა, ადგილობრივი კულინარიული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, მეწარმეების მხარდაჭერა და შიდა და საერთაშორისო ტურიზმის სტიმულირება.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო კონფერენციას - „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ დაესწრო
21.02.2026.12:06
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო კონფერენციას - „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ დაესწრო
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ საერთაშორისო პრაქტიკულ-სამეცნიერო კონფერენციაში „ფინანსური ნდობის ეკოსისტემა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციის მიზანი პროფესიონალების, რეგულატორებისა და საერთაშორისო ექსპერტების დიალოგის ხელშეწყობა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება იყო.
ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ევროპის მცირე და საშუალო ბიზნესის ბუღალტერთა და აუდიტორების ფედერაციის (EFAA for SMEs) პრეზიდენტმა სალვადორ მარინიმ და ICB Global-ის პრეზიდენტმა გარი კარტერმა კი კონფერენციაზე მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფინანსური ნდობისა და ხარისხიანი ანგარიშგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
,, საქართველოს ეროვნული ბანკი, როგორც საფინანსო სექტორის ზედამხედველი და მარეგულირებელი ორგანო, განაგრძობს მუშაობას ანგარიშგების სტანდარტების გაძლიერებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობის მიმართულებით. ნდობა ყალიბდება ყოველდღიური პროფესიული პასუხისმგებლობითა და ინსტიტუციური თანამშრომლობით და სწორედ ამ პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული ფინანსური სისტემის შემდგომი განვითარება საქართველოში,“- აღნიშნა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას თქმით, ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება ზუსტ, დროულ და სრულყოფილ მონაცემებს, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების ეფექტიან გამოყენებასა და ძლიერი შიდა კონტროლის სისტემების დაცვას უნდა ეფუძნებოდეს.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე განიხილეს ფინანსური ანგარიშგების ხარისხის გაძლიერების საკითხები, ციფრული ტექნოლოგიების გავლენა ფინანსური ნდობის აღქმისა და მხარდაჭერის პროცესზე, პროფესიულ პრაქტიკაში ეთიკური სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობები და ინსტიტუციური დიალოგის მექანიზმების განვითარება.
ღონისძიება საქართველოს ბუღალტერთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანაორგანიზებით გამართა.