მძღოლების გადამზადებას ვგეგმავთ, ტაქსის სფერო საქართველოში ელიტარულ სტანდარტზე უნდა გადავიდეს - ტაქსების ფედერაცია
სამომავლოდ ტაქსის მძღოლები პროფესიული გადამზადების კურსს გაივლიან. ეს შეეხება პრემიუმ ტაქსების მძღოლებს, რომელთა საქმიანობა მაღალანაზღაურებადი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia - თან ტაქსების ფედერაციის ხელმძღვანელმა ზურაბ აგლაძემ განაცხადა.
მან ტაქსების რეფორმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ შედეგი ჯერჯერობით დადებითია და მომავალში სექტორის მდგრად განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, რაც ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გულისხმობს.
„ამერიკულ მხარესთან ვთანამშრომლობთ. გვინდა ტაქსის მძღოლების პროფესიული გადამზადება დავიწყოთ. ეს ნიშნავს, რომ ტაქსის სფერო საქართველოში ელიტარულ სტანდარტზე გავა. ცვლილება შეეხება პრემიუმ კლასის ტაქსის სეგმენტს, რომ ბაზარზე ამ ხაზით პროფესიონალები დასაქმდნენ.
აქამდე დამკვიდრდა ტენდენციაა, რომ ადამიანები შემთხვევით ხდებიან ტაქსის მძღოლები, მერე ანებებენ თავს. სამომავლოდ მიდგომა შეიცვლება. კადრებს პრემიუმ კლასისთვის მოვამზადებთ, გვინდა, რომ ტაქსისტის პროფესია მაღალანაზღაურებადი გავხადოთ.
რაც შეეხება რეფორმას, ვთვლი, რომ ნორმალურად მუშაობს, სისტემა გამართულია. დრო გვაჩვენებს, როგორ გავა ეს რეფორმა და რა შედეგს მოიტანს საბოლოოდ, ჯერჯერობით მიმაჩნია, რომ სექტორი სწორად ვითარდება“, - აცხადებს ზურაბ აგლაძე.
ცნობისთვის, ტაქსის რეფორმა თბილისში 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაევალათ. მეორე ეტაპზე, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან ტაქსები დაიყო ორ კატეგორიად – A და B. მესამე ეტაპზე – მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ყველა ის ფიზიკური პირი, რომელსაც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ერთხელ მაინც ფლობდა А კატეგორიის ლიცენზიას, უვადო ნებართვას იღებს.
სხვა სიახლეები
21.02.2026.03:28
მზად ვართ დამატებითი ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 მლნ მგზავრამდე გავზარდოთ – თეა ზაქარაძე
20.02.2026.18:36
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia ბათუმის აეროპორტის მასშტაბურ გაფართოებას გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, თეა ზაქარაძე აცხადებს, 2025 წელს აეროპორტი 1,2 მილიონი მგზავრი მოემსახურა, მაშინ როცა ტერმინალის მაქსიმალური სიმძლავრე 1,4 მილიონია.
გაფართოების შემდეგ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 4 მილიონ მგზავრზე იქნება გათვლილი.
„წარმოვადგინეთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი. მოგეხსენებათ, 2025 წელი საკმაოდ წარმატებული იყო აეროპორტისთვის - წელი ჩავხურეთ 1,2 მილიონი მგზავრით. ტერმინალის გამტარუნარიანობა 1,4 მილიონია, შესაბამისად, სასწრაფოდ არის დასაწყები გაფართოების სამუშაოები. პროექტი დაგვეხმარება უფრო სწორი დაგეგმვის განხორციელებაში და საშუალებას მოგვცემს, სახელმწიფოსთან ერთად საუკეთესო აეროპორტი გავაკეთოთ - გავაფართოვოთ არსებული ტერმინალი და ავაშენოთ ახალი ტერმინალი. ამის შესაძლებლობა ბათუმში არსებობს, და ჩვენ მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები, რათა არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა 4 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ“, - აცხადებს თეა ზაქარაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველმა კომპანია TAV Georgia-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს აეროპორტის გაფართოების გეგმა წარუდგინა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელშიც მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, ასევე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, აეროპორტების გაერთიანებისა და „საქაერონავიგაციის“ ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, დეტალურად იმსჯელეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების საჭიროებებზე, რაც მგზავრთნაკადის აქტიურ ზრდას უკავშირდება.
შეხვედრაზე კომპანიის მიერ წარმოდგენილი კონცეპტუალური ხედვის თანახმად, იგეგმება როგორც არსებული ტერმინალის გაფართოება, ისე ახალი ტერმინალის მშენებლობა. პროექტი აეროპორტის სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასაც ითვალისწინებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტზე აქტიური მუშაობა გაგრძელდება.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, „იგლ ჰილსის“ ისტორიული პროექტი, რომელიც აჭარის რეგიონში განხორციელდება, ბათუმის აეროპორტს სრულიად ახალ სიცოცხლეს შესძენს - შეიქმნება ახალი მიზიდულობის ცენტრი აჭარის ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებისთვის, რაც უდიდეს გავლენას იქონიებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირებაზე, ავიარეისებისა და მგზავრთნაკადის ზრდაზე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წელი იყო უპრეცედენტოდ გამორჩეული იყო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რადგან პირველად ისტორიაში, აეროპორტში წლიურმა მგზავრთნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს - 1 230 200 მგზავრს მიაღწია, რაც 29%-ით აღემატებოდა 2024 წლის მონაცემებს.