მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1% შეადგინა
2025 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას1 , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 2.4 პროცენტით განისაზღვრა.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.8 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.93 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (7.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (4.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.6 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (2.4 პროცენტი), თევზეული (1.7 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა რძის, ყველის და კვერცხის ქვეჯგუფზე (-0.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (2.2 პროცენტი), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება (2.2 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.05 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ტანსაცმელზე (2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ფეხსაცმელზე (-2.0 პროცენტი).
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები:
ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.6 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (21.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (16.4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.8 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.2 პროცენტი), თევზეული (3.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (2.8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-3.3 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.74 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (8.9 პროცენტი), სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურების (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.3 პროცენტით, რაც 0.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (22.4 პროცენტი), დაზღვევა (8.7 პროცენტი), საფინანსო მომსახურება (5.4 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (3.6 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.28 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.9 პროცენტი);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩინეთი ფართო და საინტერესო ბაზარია ქართული ღვინისთვის – ღვინის კომპანია „დოესი ესთეითი“ CIIE 2025-ზე
სხვა სიახლეები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა
09.11.2025.13:20
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა და სებ-ის და საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა.
ბანკირის დღე წელს განსაკუთრებულ მოვლენას - ლარის შემოღების 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიების ფარგლებში, პროფესიული მიღწევებისა და განსაკუთრებული სამსახურებრივი ღვაწლისთვის, საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ როგორც სებ-ის 30 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს, ასევე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.
შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.
მისი თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი საუკუნოვანი ტრადიციის გამგრძელებელია და ამაყად დგას ილიასა და იასონის გზაზე.
მან ხაზი გაუსვა სექტორში დასაქმებული ათასობით პროფესიონალის როლს ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერის განმტკიცებაში და მადლობა გადაუხადა მათ ერთგული, გამორჩეული შრომისთვის.
„ჩვენი პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საბანკო სექტორის განვითარება, არამედ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაა, რაშიც 50 ათასამდე პროფესიონალს უდიდესი წვლილი მიუძღვის,“ - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, საქართველოს ეროვნული ბანკის გუნდი, მანდატის ფარგლებში, აგრძელებს თანმიმდევრულ და სანდო მონეტარულ პოლიტიკას, ფასების ნორმალიზებას და საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებაზე მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი.
„ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე, ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საბანკო ინდუსტრიაში უფრო მაღალი სტანდარტები დავამკვიდროთ და ფინანსური სტაბილურობა კვლავაც იყოს ქვეყნისა და ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედი,“ - დასძინა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლის მნიშვნელოვან ფინანსურ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2025 წელი განსაკუთრებით აქტიური იყო როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, ისე შიდა ფინანსური ინოვაციების კუთხით.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის საიუბილეო წელი არა მხოლოდ სამახსოვრო მონეტების გამოშვებით, არამედ საკვანძო ღონისძიებებით აღნიშნა, მათ შორის თბილისის ფინანსური სამიტით, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში პირველად გაიმართა და 50-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტ დელეგატს მოუყარა თავი.
„მიხარია, რომ საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც რეგიონალური ჰაბი. ჩვენი მიზანია, მსხვილმა საერთაშორისო კომპანიებმა საქართველოში დააფუძნონ ბიზნესები და აქედან მოემსახურონ როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზრებს,“ - აღნიშნა მან.
ბანკირის პროფესიული დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება. ბანკირის დღე პირველი ქართული ბანკის - სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებიდან 125 წლისთავის აღსანიშნავად, სიმბოლურად 8 ნოემბერს, მისი დამაარსებლისა და პირველი ხელმძღვანელის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს მიეძღვნა.
ბანკირის დღის დაარსების ინიციატივა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საბანკო ასოციაციას ეკუთვნის.