მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება - მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, მეტად გადავერთოთ ექსპორტზე | „მილმართის“ დირექტორი
ჩვენ „შემოქმედის ჩაის“ ბრენდით ვართ წარმოდგენილი 2011 წლიდან. მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება. ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, რომ უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის საკმაოდ მოთხოვნა და პირადი ზარებიც არის, რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია ქსელებში ფართოდ წარმოდგენილი, - განაცხადა შპს „მილმართის“ (შემოქმედის ჩაი) დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, ქსელურ მარკეტებში არსებული დიდი ბარიერების გამო, ბოლო ოთხი თვეა, მისმა კომპანიამ პროდუქციის შეტანა შეაჩერა. მაისურაძის განმარტებით, ჩაის მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც გაყიდვების და რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა მაღალია.
„პირდაპირ გეტყვით, ბოლო ოთხი თვეა, საერთოდ შევაჩერეთ შეტანა ქსელებში ამ პრობლემების გამო. ძირითად პრობლემებს დავამატებდი რომ არის სააქციო გადასახადი აქციების პერიოდში, რომელიც იმავე მეწარმეზე მოდის. ყველაზე კარგ პირობებში, დროში გაწერილი გადახდა რეალიზებული პროდუქციის და ყველაზე ცუდი - გაყინული თანხა. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხებია გაყინული და ამის გამო მერე გვიწევს სესხის აღება. როგორც იცით, სეზონურია ჩვენი ჩაის წარმოება, რომელიც იწყება აპრილიდან და აპრილის დასაწყისში გვიწევს მაღალპროცენტიანი სესხის აღება.
ერთი თვეა, შევქმენით ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება, სადაც ასოციაციებიც შემოდიან, მისი პრეზიდენტი გახლავართ და ამ შემთხვევაში, შემიძლია თამამად ვისაუბრო მთლიანი სექტორის წარმომადგენლებზე - ყველას ეს პრობლემა აქვს: გაყიდვების, რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გავაკეთოთ მონიტორინგი, ახლაც რომ დავრეკოთ, ან თქვენც გკითხოთ, თუ შეიძენდით ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს, ქართულ ჩაის ოჯახისთვის, ყველა სიამოვნებით დათანხმდება ამაზე და ამ დროს, რეალიზების პრობლემაა. იმის გამო, რომ რითეილებთან საკმაოდ დიდი ბარიერებია, მცირე და საშუალო მწარმოებლებს ძალიან უჭირთ [პროდუქციის] შეტანა, შემდეგ პოზიციონირება და გაგრძელება. ბევრი გაჩერდა, ბევრი გაკოტრდა, ბევრი ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი მაისურაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
2025 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 1 411 მილიონი ლარი შეადგინა
სხვა სიახლეები
სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია, მისმა მოცულობამ ₾120 მილიონს მიაღწია - დავით ონოფრიშვილი ბაზრის ტენდენციებზე
11.03.2026.20:40
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლებში კერძო სადაზღვევო ბაზარმა ზრდა აჩვენა, ჯანდაცვის მიმართულება შვიდ წელიწადში თითქმის გაორმაგდა, ავტოდაზღვევის ბაზარი ახლო მომავალში განვითარდება, ხოლო მოსახლეობა თანდათან უფრო მეტად დაინტერესებულია საკუთარი ქონების, ყოფითი რისკებისა და სიცოცხლის დაზღვევით. 2023 წლიდან ძალაში შესული კანონი კერძო საპენსიო ფონდებზე დამატებით შესაძლებლობას აძლევს მოქალაქეებს დანაზოგისა და დაზღვევის შექმნაში, რაც ბაზრის ზრდას და სახელმწიფო რესურსების ეფექტურ განაწილებას უწყობს ხელს.
„ქონების დაზღვევის მიმართულება ვითარდება, თუმცა მოსახლეობაში ამ სერვისის მიმართ ნდობა და ინტერესი მაინც დაბალია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ყოფითი პრობლემების წინაშე ვდგებით - მაგალითად, მეზობლისგან წყლის ჩამოსვლა ან ჩვენი მხრიდან დაშვებული შეცდომა, რამაც შეიძლება სხვისი ქონების დაზიანება გამოიწვიოს. სწორედ ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან დაზღვევაა ქონების დაზღვევის მთავარი მიზანი, თუმცა ბევრი მოქალაქე ამ რისკებისგან თავის დაცვაზე ჯერ კიდევ არ ფიქრობს.
სიცოცხლის დაზღვევის მიმართულება მზარდია. მისმა მოცულობამ უკვე გადააჭარბა 100 მილიონს და 120 მილიონ ლარს მიაღწია. ეს პროდუქტი ძირითადად საბანკო სექტორთან არის დაკავშირებული, როდესაც მომხმარებელი იპოთეკურ სესხს ან სხვა სერიოზულ ფინანსურ ვალდებულებას იღებს, ბანკი, რისკების დაზღვევის მიზნით, სიცოცხლის დაზღვევას მოითხოვს.
ამრიგად, სადაზღვევო სფეროს მრავალი მიმართულება ვითარდება. გარდა ამისა, ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ კერძო საპენსიო ფონდებსაც. 2023 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელიც ე.წ. „მესამე სვეტს“ ეხება. მოგეხსენებათ, პირველი ორი სვეტი უკვე მოქმედებს. პირველი გულისხმობს სახელმწიფო პენსიას, მეორე კი დაგროვებით სქემას, რომელშიც სახელმწიფო, დამსაქმებელი და დასაქმებული 2-2%-იანი შენატანებით მონაწილეობენ. მესამე სვეტი კი სრულად საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული, კერძო მოდელია, სადაც დამსაქმებელსა და დასაქმებულს სურვილისამებრ, გარკვეული სქემით შეუძლიათ მონაწილეობა.
მართალია, არსებობს სხვადასხვა მოდელი, თუმცა შესაბამისი კანონი 1-ლი იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს მიმართულება განვითარდება, რადგან მას ალტერნატივა არ აქვს სხვა ქვეყნების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ კერძო საპენსიო ფონდები დანაზოგების დაგროვებისა და დამატებითი დაინტერესების მნიშვნელოვანი წყაროა. ქვეყანაში შემოსავლები იზრდება და ეკონომიკური დინამიკა დადებითია, რაც გვაძლევს იმედს, რომ საპენსიო სისტემის ეს ფორმაც წარმატებით განვითარდება“, - აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.