ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს დინამიური ქართული კომპანიების მხრიდან დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის - ბრიტანეთის ყოფილი ელჩი
დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში, - აღნიშნა ლონდონში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას დირექტორის მოადგილემ ცენტრალური აზიასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა საქართველოში. ფორუმზე მარკ კლეიტონის გამოსვლას კი Business Insider Georgia ექსკლუზიურად გთავაზობთ.
მარკ კლეიტონის თქმით, 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო.
„როგორც გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში 2020 წლიდან 2024 წლამდე, ამ როლში დიდი პატივი იყო გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის მზარდი სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების მხარდაჭერა. შემიძლია ვისაუბრო დიდი ბრიტანეთის მთავრობის სახელით ჩემს ახალ ამპლუაში. სტატისტიკის მიხედვით დიდი ბრიტანეთი აბსოლუტურად რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. 2024 წელს დიდი ბრიტანეთი იყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წყარო. გასულ წელს დიდი ბრიტანეთის ინვესტიციები გაიზარდა 23%-ით, რაც დაახლოებით 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ კიდევ უფრო მეტ ინვესტიციაზე და ეს მართლაც შთამბეჭდავი რიცხვებია. ასე რომ, გაერთიანებულ სამეფოს სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა წარმატებული იყოს და დარჩეს გაერთიანებულ სამეფოსთან ევროპაში ინტეგრირებული.
ჩვენ ვხედავთ დიდ ინტერესს დინამიური ქართული კომპანიების მხრიდან დიდ ბრიტანეთთან თანამშრომლობისთვის. წელს ჩვენმა ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტმა 100-ზე მეტი ქართული კომპანია შემოიყვანა დიდი ბრიტანეთის ფინტექში, არქიტექტურაში, მწვანე ენერგიასა და ტექნოლოგიებში, რაც ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალის რეკორდული რაოდენობა და მტკიცებულებაა. ასევე მოხარული ვარ, რომ ვხედავ ამდენი ბრიტანული კომპანიის შესვლას ქართულ ბაზარზე“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა.
აღნიშნული საინვესტიციო ფორუმი ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით გაიმართა, სადაც საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა, სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მხარდამჭერი პროგრამები განიხილეს. წლევანდელ ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.
სხვა სიახლეები
საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება - ვახტანგ ცინცაძე
09.04.2026.12:55
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული მიმოხილვის თანახმად, 2026 წელს მსოფლიო ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის საქართველოში, ხოლო 2027 წელს ეკონომიკური ზრდა 5.5%-ს მიაღწევს.
„უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის შეფასებებს, რომლის მიხედვითაც, საქართველო რჩება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მქონე ქვეყნად
„შესაბამისად, ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორც 2026, ასევე 2027 წელს იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ. ამის საფუძველს გვაძლევს ის მონაცემები, რომლებიც საქართველოში იანვარ-თებერვლის თვეებში დაფიქსირდა, კერძოდ: ორი თვის განმავლობაში, ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.4 პროცენტს შეადგენს“, - განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის ტემპს დამატებით სტიმულს მისცემს 2026 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გააქტიურება, ასევე ეკონომიკური განვითარების კორპორაციის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს არამხოლოდ მცირე და საშუალო მეწარმეების, არამედ ზოგადად, ეკონომიკის მხარდაჭერას სხვადასხვა ინსტრუმენტებით, რაც ასევე დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ 2026-27 წლებში საქართველოს ექნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა არამხოლოდ რეგიონისა და ევროპის მასშტაბით, არამედ გლობალურად“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.