მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრთან ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები განიხილა
უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უზბეკეთის სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა ორმხრივ ვაჭრობაზე, რომელიც ზრდადი დინამიკით ხასიათდება - 2024 წელს სავაჭრო ბრუნვა 40 პროცენტით, ექსპორტი კი - 27 პროცენტით გაიზარდა, რაც შეეხება 2025 წელს, იანვარი - მაისის პერიოდში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 20 პროცენტით, ექსპორტი კი 46 პროცენტით გაიზარდა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სავაჭრო ბრუნვის ზრდადი დინამიკის მიუხედავად, პოტენციალი დიდია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დაინტერესებულია მეტად ითანამშრომლოს უზბეკეთის მხარესთან, ასევე დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მისიებისა და ბიზნეს ფორუმების ჩატარება.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას უზბეკური ტვირთების საქართველოს დერეფანში ტრანსპორტირების კუთხით.
შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევაზე საუბრისას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს, მათ შორის, დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზა, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზება, თბილისის ახალი აეროპორტი და სხვ. უზბეკურმა მხარემ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების პროცესში მონაწილეობის ინტერესი გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ასევე ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაზეც. მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე, თავის მხრივ, აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია საკუთარი მწვანე ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზარზე გასატანად, რისთვისაც განიხილავს თანამშრომლობას დერეფნის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფერო კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება იყო, რომელზეც საქართველოსა და უზბეკეთის მინისტრებმა ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველოში ფუნქციონირებენ უზბეკური ინოვაციური კომპანიები. უზბეკეთის მხარისთვის საინტერესო აღმოჩნდა საქართველოს გამოცდილება ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში. აღინიშნა, რომ ბოლო წლებია საქართველოსა და უზბეკეთს შორის სამი ავიაკომპანია ახორციელებს პირდაპირ ფრენებს, რაც დადებითად აისახა საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ზრდაზე - 2024 წელს ეს მაჩვენებელი 23,4 პროცენტით გაიზარდა, 2025 წლის პირველ ნახევარში კი - 14,5 პროცენტით. ითქვა, რომ პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდა საქართველოსა და უზბეკეთს შორის დამატებით ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სექტორში.
შეხვედრას უზბეკეთის ინვესტიციების, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, გურამ გურამიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.07.2025.22:28
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა უზბეკეთის მთავრობის ხელმძღვანელ პირებთან: პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვთან, ასევე ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვთან და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვთან.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, შეხვედრებისას საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორული, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების გარშემო შედგა, აქცენტი გაკეთდა პრიორიტეტულ მიმართულებებსა და მნიშვნელოვან სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ამასთან, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და მნიშვნელოვანია სავაჭრო ბრუნვის ზრდის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად ათვისება. შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა საქართველოსა და უზბეკეთს შორის მეტი სავაჭრო მისიისა და ბიზნეს ფორუმის ჩატარების საკითხი.
„ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან. განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, რომელთა გაღრმავებაზეც ვიმსჯელეთ. ქვეყნებს შორის არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, ინვესტიციების მიმართულებით. შევეხეთ არაერთ პოტენციურ ახალ პროექტს, რომლითაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ასეთივე ნაყოფიერი იყო შეხვედრები უზბეკეთის ტრანსპორტისა და ინვესტიციების, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრებთან. შეხვედრებისას აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაკეთდა, რომლებიც ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს - ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, სამოქალაქო ავიაციის, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და სხვა სფეროებში. აღინიშნა, რომ უზბეკეთი დაინტერესებულია, გაზარდოს ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში, მათ შორის, ლოგისტიკისა და ტრანსპორტის კუთხით, ასევე - ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის როლის გასაძლიერებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
„განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უზბეკეთიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდის საკითხზე. ასევე, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ იმისთვის, რომ გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ შუა დერეფნის როლი და ამავდროულად უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც ტრანზიტულ-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქცია - რომ ის კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს მნიშვნელოვანი დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით, მათ შორის როგორიცაა - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი ტაშკენტის ტექნოპარკს ეწვია და მის საქმიანობას გაეცნო.