მარიამ ქვრივიშვილმა სლოვაკეთის ელჩთან ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში სლოვაკეთის ელჩს მატიუშ ბუსოვსკის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო.
ყურადღება გამახვილდა თბილისის აბრეშუმის ფორუმის ფარგლებში, საქართველოსა და სლოვაკეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმების იმპლემენტაციასა და ეკონომიკური კომისიის შექმნაზე.
განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ენერგეტიკის, ლოგისტიკის, უძრავი ქონების, სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა სლოვაკეთის ბიზნეს წრეების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის ცალკეულ სექტორებში ინვესტიციის განხორციელების განსაკუთრებული ინტერესი.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება როგორც ფრენების სიხშირის, ისე მიმართულებებს ზრდას ორი ქვეყნის ქალაქებს შორის, რაც ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებას, ტურისტული ნაკადების ზრდას, ასევე ბიზნეს ურთიერთობების გაღრმავებას უზრუნველყოფს.
სხვა სიახლეები
მომხმარებლის ნდობა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ გაიზარდა - დავით ონოფრიშვილი
11.03.2026.16:21
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა, ბოლო შვიდ წელიწადში ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარი თითქმის გაორმაგდა. მისი თქმით, 2019 წელს ეს მაჩვენებელი 600 მილიონ ლარს აღწევდა, ახლა კი მხოლოდ ჯანდაცვის მიმართულება 600 მილიონზე მეტია. ონოფრიშვილის თქმით, მომხმარებელთა ნდობა კერძო კომპანიებისადმი იზრდება, ხოლო სახელმწიფო უწყებები განიხილავენ ახალი რეგულაციებისა და ბაზრის განვითარების შესაძლებლობებს, მათ შორის ავტოდაზღვევის სფეროში.
„ციფრებით რომ ვთქვათ, მთლიანი 1 მილიარდ 411 მილიონი ლარიდან 45%, დაახლოებით 600 მილიონი ლარი ჯანდაცვის მიმართულებაზე მოდის. საინტერესოა შედარება, 2019 წელს, სულ რაღაც 7 წლის წინ, მთელი სადაზღვევო სექტორის ჯამური მაჩვენებელი იყო 600 მილიონზე ოდნავ მეტი. გამოდის, რომ შვიდ წელიწადში მხოლოდ ჯანდაცვის დაზღვევამ მიაღწია იმ ნიშნულს, რაც ადრე მთელ ბაზარს ჰქონდა.
ეს ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებლის ნდობა კერძო სადაზღვევო კომპანიების მიმართ გაიზარდა. მოქალაქეებს სჯერათ, რომ სექტორს შესწევს ძალა, შესთავაზოს მათ ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქტები. ბაზარზე წარმოდგენილია სხვადასხვა საფასო კატეგორიის პაკეტები, როგორც ბიუჯეტური, ისე პრემიუმ სეგმენტზე გათვლილი. ვინაიდან ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში სავალდებულო არ არის, ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ მოსახლეობა საკუთარი ინიციატივით, გაცნობიერებულად ირჩევს კერძო დაზღვევას“, - განმარტავს დავით ონოფრიშვილი.
როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აცხადებს, ქართულ ბაზარზე მომხმარებელთა არჩევანი დღეს ორ მიმართულებას შორის არის გადანაწილებული: საყოველთაო სახელმწიფო ჯანდაცვაზე ან კერძო დაზღვევაზე. გარდა ამისა, ონოფრიშვილის თქმით, უახლოეს პერიოდში განვითარდება ავტოდაზღვევის ბაზარიც, მათ შორის ახალი მანქანების სრული დაცვის (კასკო) მიმართულება.