მარიამ ქვრივიშვილმა Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტთან კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობა განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო კომპანიის Global Blue - ს ვიცე-პრეზიდენტს ხალილ აჩკარს შეხვდა. აღნიშნული კომპანია ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში Tax Free Shopping - ისა და გადახდის ტექნოლოგიების სფეროში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციებს, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმზე, სამოქალაქო ავიაციაზე, რითეილსა და სხვა მომიჯნავე სექტორებზე. აღინიშნა, რომ საქართველოში აქტიურად ინერგება სხვადასხვა ტურისტული პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყანაში მეტი მსყიდველუნარიანი ვიზიტორების მოზიდვას.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ეკონომიკის სტაბილური განვითარებიდან, აგრეთვე ტურიზმისა და მისი მომიჯნავე დარგების დამატებული ღირებულების ზრდადი დინამიკიდან გამომდინარე, Global Blue საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. ასევე ითქვა, რომ აღნიშნული გააძლიერებს საქართველოში ტურიზმის ეკონომიკურ ეფექტს, რადგან Tax Free სერვისების გლობალური სტანდარტები ტურისტების დანახარჯებს ზრდის. ასევე ხაზი გაესვა იმასაც, რომ Global Blue - ს საქართველოში ოპერირების დაწყება დადებითად იმოქმედებს რითეილის სექტორზეც - ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის ზრდას და ადგილობრივ ბაზარზე მეტი პრემიუმ ბრენდების შემოსვლას განაპირობებს, ასევე პოზიტიურად აისახება ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე.
შეხვედრას დაესწრო მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
სხვა სიახლეები
იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტი 6.8%-ით გაიზარდა
19.11.2025.11:09
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 835.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.6 პროცენტით გაიზარდა და 2 641.5 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.7 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (569.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (241.0 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (224.9 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 291.6 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 217.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 191.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.3 პროცენტი).